არჩეულ მასალაზე გადასვლა

გათავისუფლებიდან თოთხმეტ დღეში, 2021 წლის 19 მაისს, საზღვრის გადაკვეთისთანავე, ძმა კონსტანტინ ბაჟენოვს ხვდება მისი მეუღლე, ირინა.

2021 წლის 20 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა კონსტანტინ ბაჟენოვი უსაფრთხოდ ჩადის უკრაინაში რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ

ძმა კონსტანტინ ბაჟენოვი უსაფრთხოდ ჩადის უკრაინაში რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ

ძმა კონსტანტინ ბაჟენოვი 2021 წლის 5 მაისს გაათავისუფლეს რუსეთის ციხიდან. a ის რამდენიმე დღით დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, რის შემდეგაც 2021 წლის 19 მაისს, უკრაინაში გაამგზავრეს დეპორტით. მისი მეუღლე ირინა წინასწარ ჩავიდა უკრაინაში, რომ მეუღლეს იქ დახვედროდა. კონსტანტინის დეპორტაციის მიზეზი ის ფაქტი გახლდათ, რომ 2020 წლის მაისში მას გაუუქმეს რუსეთის მოქალაქეობა.

უკრაინის საზღვრის გადაკვეთისას ძმა კონსტანტინ ბაჟენოვსა და მის მეუღლე ირინას ეგებება თანაქრისტიანი წყვილი. მათ ხელში უჭირავთ ქაღალდი, რომელზეც ესაიას 54:17-ის პერიფრაზია გაკეთებული: „შენ წინააღმდეგ მომართული არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული ... ამბობს იეჰოვა“.

ზოგადი ინფორმაცია

კონსტანტინი 1975 წელს დაიბადა რუსეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ველიკი ნოვგოროდში. მისი მშობლები არ იყვნენ რელიგიით დაინტერესებულები. კონსტანტინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ოჯახი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. მოზარდობის ასაკში ის ტანვარჯიშზე დადიოდა. გატაცებული იყო მუსიკით. დაამთავრა მუსიკალური კოლეჯი და გახდა სასულე ორკესტრის ხელმძღვანელი.

კონსტანტინი ძალადობასა და ომს ბიბლიის შესწავლის დაწყებამდეც არ ამართლებდა. ამის გამო მან უარი თქვა, ემსახურა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. კოლეჯში სწავლის დროს სიცოცხლის წარმოშობასა და რელიგიაზე კითხვები გაუჩნდა. გამოიკვლია რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა და თავის კითხვებზე პასუხები მაშინ მიიღო, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის 1996 მოინათლა.

2001 წელს დაქორწინდა ირინაზე. ოჯახის სარჩენად მუშაობდა ბუხრის მშენებლად და ხელოსნად. 2009 წელს კონსტანტინი და ირინა რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

რეიდი და დაკავება

2018 წლის 12 ივნისს რუსეთის სპეცრაზმის თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეთა შვიდი სახლი გაჩხრიკეს სარატოვში, მათ შორის კონსტანტინისა და ირინას ბინა. კონსტანტინი და კიდევ ორი ძმა დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

კონსტანტინმა იცოდა, რომ საპატიმროში ძალიან დასჭირდებოდა ღვთის სიტყვიდან ნუგეში, მაგრამ მას არ დართეს ბიბლიის შეტანის ნება. „მეუღლემ რვეული შემომიგზავნა, სადაც ყოველდღე ვწერდი მუხლებს, რომლებიც მახსენდებოდა“, — გვიზიარებს კონსტანტინი. იეჰოვას დახმარებით მან 500-მდე მუხლის გახსენება შეძლო ორ თვეში. როდესაც ბიბლია ჩაუვარდა ხელში, ოთხ თვეში თავიდან ბოლომდე წაიკითხა. წმინდა წერილებმა მას ძალები შემატა. კონსტანტინს დიდ სიხარულს ანიჭებდა ბიბლიაში აღმოჩენილი საინტერესო აზრების გაზიარება მეუღლისა და მეგობრებისთვის წერილების მეშვეობით.

კონსტანტინი ხშირად მხურვალედ ლოცულობდა და იეჰოვას სთხოვდა, დახმარებას, მოთმინებით აეტანა განსაცდელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტოობის გრძნობა ტანჯავდა და მეუღლე ენატრებოდა. ის გვიყვება: „მუხლებზე დაჩოქილი, ცრემლებით შევღაღადებდი იეჰოვას. გადავწყვიტე, ჩემი სათხოვარი ფურცელზე ჩამომეწერა და შემდეგ, რომელიც შემისრულდებოდა, ხაზი გადამესვა. დავრწმუნდი, რომ იეჰოვა ჩემ გვერდით იყო“. კონსტანტინი 2019 წლის 20 მაისს გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, თუმცა მისი განსაცდელები ამით არ დასრულებულა.

გამამტყუნებელი განაჩენი

კონსტანტინი და სარატოვში მცხოვრები სხვა ხუთი ძმა 2019 წლის 19 სექტემბერს დამნაშავეებად ცნეს და პატიმრობა შეუფარდეს მათ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი, რის შემდეგაც ხუთივე ძმა ორენბურგის ციხეში გადაიყვანეს. კონსტანტინი დიმიტროვგრადის ციხეში მოათავსეს, თავისი სახლიდან 500 კილომეტრზე მეტი მანძილის მოშორებით.

კონსტანტინი 2020 წლის გახსენების საღამოს აღნიშნავს ციხეში.

ქმართან განშორების შემდეგ ირინას ძალიან ამხნევებდა JW სიახლეებში გამოქვეყნებული ჩვენი და-ძმების ბიოგრაფიები, რომლებიც დევნის მიუხედავად მხნეობასა და სიხარულს ინარჩუნებენ. ირინას ამხნევებდა აგრეთვე მეუღლის სიმტკიცე და შინაგანი სიმშვიდე. ინტერვიუში, რომელიც ირინასგან კონსტანტინის ციხეში ყოფნის დროს აიღეს, მან აღნიშნა: „კონსტანტინი ყოველთვის დადებითზე საუბრობს“. როცა ქმართან დარეკვის ნებას აძლევდნენ, ისინი ერთად მღეროდნენ, ლოცულობდნენ და ღვთის სიტყვას სწავლობდნენ. ირინა ამბობს, რომ, რთული მდგომარეობის მიუხედავად, ბიბლიური საკითხების ერთად განხილვა რწმენას უძლიერებდა და სიხარულს უნარჩუნებდა.

კონსტანტინმა რწმენის გამო 14 თვეზე მეტი გაატარა წინასწარ პატიმრობაში და წელიწად-ნახევარი ციხეში. მას სამწელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ვადაზე 9 თვით ადრე გაათავისუფლეს. ეს იმიტომ, რომ მას სასჯელის ერთი მესამედი უკვე გატარებული ჰქონდა წინასწარი დაკავების იზოლატორში. გარდა ამისა, ის შეიწყალეს და ბოლო ორი თვე აღარ მოუწია ციხეში ყოფნა.

გვიხარია, რომ კონსტანტინი თავისუფალია და ოჯახს დაუბრუნდა. ჩვენი და-ძმები, რომლებიც დევნებს იტანენ, ცხადყოფენ, რომ იზიარებენ მეფე დავითის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „შენი ფრთების ჩრდილს ვარ შეფარებული, ვიდრე უბედურება გადაივლიდეს“ (ფსალმუნი 57:1).

a როცა კონსტანტინი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სადეპორტაციო ცენტრში გადაჰყავდათ, გარეთ მას ირინა და დაახლოებით 20 თანაქრისტიანი დახვდა. პოლიციელებმა კონსტანტინი ირინასთან მიიყვანეს და ნება დართეს, 30 წუთი ესაუბრა მასთან.