არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ძმები რომან მარკინი და ვიქტორ ტროფიმოვი, დაკავებამდე

2020 წლის 17 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა მარკინსა და ძმა ტროფიმოვს ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობის საფრთხე ემუქრებათ

ძმა მარკინსა და ძმა ტროფიმოვს ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობის საფრთხე ემუქრებათ

2020 წლის 22 იანვარს სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმების, რომან მარკინისა და ვიქტორ ტროფიმოვის საქმეზე. პროკურორი ითხოვს, რომ მათ ექვსწელიწადნახევრიანი პატიმრობა შეუფარდონ.

ამ ძმების წინააღმდეგ სასამართლო საქმე 2018 წლის 18 აპრილს აღიძრა, როცა შეიარაღებულმა და ნიღბიანმა სპეციალური დანიშნულების შეიარაღებულმა ძალებმა გაჩხრიკეს მათი სახლები რუსეთის ქალაქ პოლიარნიში. პოლიცია გვიან ღამით მიადგა ძმა რომანის სახლს და კარი შეამტვრია. იარაღის მუქარით მათ ძმა რომანი და მისი 16 წლის ქალიშვილი იატაკზე დააწვინეს და ხელები თავზე დაადებინეს და ასე ჰყავდათ, სანამ ჩხრეკას ატარებდნენ.

იმავე ღამეს ქალაქ პოლიარნიში იეჰოვას მოწმეთა კიდევ ოთხი სახლი გაჩხრიკეს. პოლიციელებმა 12-ზე მეტი და-ძმა გადაიყვანეს განყოფილებაში დასაკითხად, მათ შორის იყვნენ რომან მარკინი და ვიქტორ ტროფიმოვიც. საბოლოოდ, ქალაქ პოლიარნიში მდებარე მურმანსკის საოლქო სასამართლომ გადაწყვიტა, ძმები მარკინი და ტროფიმოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩაესვათ. მათ თითქმის ექვსი თვე დაჰყვეს აღნიშნულ ადგილას, რის შემდეგაც წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. მართალია, 2019 წლის 7 თებერვალს სასამართლომ ძმებს შინაპატიმრობა მოუხსნა, მაგრამ განაჩენის მოლოდინში მათ კვლავ აქვთ დადგენილი შეზღუდვები მგზავრობასთან და კომუნიკაციასთან დაკავშირებით.

ამჟამად რუსეთში დაახლოებით 300 იეჰოვას მოწმეს აქვს წაყენებული ბრალად სისხლის სამართლის დანაშაული. ვლოცულობთ, რომ თითოეულმა მათგანმა შეძლოს ბოლომდე სიმტკიცისა და სიმამაცის შენარჩუნება და სჯეროდეთ, რამ არაფერს შეუძლია მათი ჩამოშორება იეჰოვას სიყვარულისგან (რომაელები 8:38, 39).