2021 წლის 25 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ნიკოლაი ალიევი განაჩენის მოლოდინში მხნეობას არ კარგავს
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ნიკოლაი ალიევის საჩივარს
2021 წლის 2 სექტემბერს ხაბაროვსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნიკოლაი ალიევის საჩივარი და ძალაში დატოვა მისთვის გამოტანილი განაჩენი. ამჟამად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.
ძმა ნიკოლაი ალიევს პირობით სასჯელს უფარდებენ
2021 წლის 4 ივნისს ქალაქ ამურის კომსომოლსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ ნიკოლაი ალიევს ოთხწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა.
ზოგადი ინფორმაცია
ნიკოლაი ალიევი
დაბადების წელი: 1978 (ამურის კომსომოლსკი)
ბიოგრაფია: ბავშვობაში ბევრი კითხვა გაუჩნდა სიცოცხლისა და სამყაროს წარმოშობის შესახებ. პასუხების ძიება ბიბლიაში დაიწყო. მას შემდეგ, რაც დაფიქრდა იესოს ცხოვრებაზე და იმაზე, რასაც ის ასწავლიდა მშვიდობისმყოფელობაზე, მიატოვა ძალადობრივი სპორტი. 1993 წელს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.
2016 წელს დაქორწინდა ალისიაზე. მათ ბევრი საერთო ჰობი აქვთ, რომელთა შორისაა მოგზაურობა, ლაშქრობა და თხილამურებით სრიალი.
სასამართლო საქმე
2020 წლის 22 მაისს, გამთენიისას ქალაქ ამურის კომსომოლსკში სამართალდამცავებმა ნიკოლაისა და ალისიას ბინაში რეიდი მოაწყვეს. ბინაში შეჭრის დროს ოფიცრებმა ნიკოლაის დაარტყეს, რის შემდეგაც ის იატაკზე დაეცა. ისინი ხუთი საათი ჩხრეკდნენ მათ ბინას, შემდეგ კი ნიკოლაი და ალისია განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკითხვის დროს უფლებამოსილი პირები ურჩევდნენ ნიკოლაის, რწმენა შეეცვალა და ტრადიციული რელიგიის მიმდევარი გამხდარიყო. ისინი ალისიასაც მოუწოდებდნენ, მათთან ეთანამშრომლა, თუ უნდოდა, რომ მის ქმარს არაფერი მოსვლოდა. მუქარის მიუხედავად, ისინი იმავე საღამოს გამოუშვეს, რის შემდეგაც მათ შეძლეს სახლში დაბრუნება.
ნიკოლაის რწმენას უძლიერებს იმაზე ფიქრი, თუ როგორ ეხმარება იეჰოვა მას ამ განსაცდელების დროს. ის ამბობს: «როცა განსაცდელებს ხვდები, გესმის, რომ უბრალოდ შეუძლებელია, მათ მარტო გაუმკლავდე. უფრო თვალნათლივ დავინახე, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე და როგორ გვხელმძღვანელობს. პირადად დავრწმუნდი პავლეს სიტყვების ჭეშმარიტებაში: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“» (2 კორინთელები 12:10).
ნიკოლაი და ალისია ყველანაირად ცდილობენ, გაბედულები იყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ. მათ ამობეჭდეს ესაიას 41:10 და მაცივარზე გააკრეს. ნიკოლაი ამბობს: „როცა ძალიან გვიჭირს, ამ მუხლს ვკითხულობ და დიდ შვებას ვგრძნობ. ეს მუხლი მეხმარება, შიშმა არ მომიცვას. იეჰოვა მარწმუნებს, რომ ჩემ გვერდითაა და თავისი მარჯვენით ნამდვილი მეგობარივით გულში მიკრავს. ეს სიტყვები ნამდვილად დიდ ძალას მაძლევს“. გვჯერა, რომ იეჰოვა ყოველთვის გააძლიერებს თავის ერთგულ მსახურებს.