2021 წლის 21 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ფელიქს მახამადიევი რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს და დეპორტით გაგზავნეს უზბეკეთში
2020 წლის 31 დეკემბერს ძმა ფელიქს მახამადიევი ციხიდან გაათავისუფლეს. ორენბურგის ოლქში მდებარე ბელიაევსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფელიქსი დროებით გადაიყვანეს სადეპორტაციო ცენტრში, რათა მას უზბეკეთში, თავის სამშობლოში, გასამგზავრებელი საჭირო საბუთები შეეგროვებინა. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა 2020 წლის აპრილში მას მოქალაქეობის უფლება ჩამოართვეს. 2021 წლის 20 იანვარს ის უზბეკეთში მიმავალ მატარებელში ჩასვეს. 21 იანვარს ფელიქსი მშვიდობიანად ჩავიდა უზბეკეთში, მისი მეუღლე ევგენია კი ორი დღით ადრე გაემგზავრა იქ, რომ ფელიქსს დახვედროდა.
ფელიქსი დაახლოებით 18 წელი ცხოვრობდა რუსეთში. უზბეკეთიდან სარატოვში (რუსეთი) დედასთან ერთად ის 2002 წელს გადავიდა, როცა ჯერ კიდევ მოზარდი იყო. ფელიქსი 2004 წელს, 19 წლის ასაკში მოინათლა. 2011 წელს ევგენიაზე დაქორწინდა.
2018 წლის ივნისში შეიარაღებული და ნიღბიანი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფე-ეს-ბე) ოფიცრები და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები ფელიქსისა და ევგენიას ბინაში შეიჭრნენ, რის შემდეგაც ფელიქსი დააკავეს. მან თითქმის ერთი წელი დაჰყო წინასწარი დაკავების იზოლატორში. ის გამუდმებით ლოცულობდა, რომ შეენარჩუნებინა სიმტკიცე. ფელიქსი ამბობს. „ყოველდღე ვთხოვდი იეჰოვას, რომ ჩემთვის სიხარული და სულის სიმშვიდე მოეცა“.
2019 წლის 19 სექტემბერს ფელიქსი და კიდევ ხუთი ძმა დამნაშავეებად ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს. მათ გაასაჩივრეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ ფელიქსი ოთხ ძმასთან ერთად ორენბგურგის ციხეში გადაიყვანეს, რომელიც დაახლოებით 800 კილომეტრითაა დაშორებული მათი ქალაქიდან, სარატოვიდან. ციხეში მიყვანისთანავე ძმები სასტიკად სცემეს.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ფელიქსს სიხარული და ღიმილი არ დაუკარგავს. მას ყველა მომღიმარ ადამიანად იცნობს. ევგენია ამბობს: „ძალიან ვამაყობ მისით! ის არა მარტო სასამართლო გადაწყვეტილებას შეხვდა ღირსეულად, არამედ დღემდე არ კარგავს მხნეობას და მეც მეხმარება სიმტკიცის შენარჩუნებაში“.
რუსეთის სამართალდამცავებს განზრახული ჰქონდათ, შეერყიათ ფელიქსის რწმენა და ამისთვის უკან არაფერზე იხევდნენ. ფელიქსმა აღნიშნა, რომ დევნამ უფრო გააძლიერა ღმერთთან მისი ურთიერთობა. ეს შეგვახსენებს დაბადების 50:20-ში ჩაწერილ სიტყვებს, რომლებიც იოსებმა თავის ძმებს უთხრა: „თქვენ ჩემთვის ზიანის მოყენება გინდოდათ, მაგრამ ღმერთმა ეს სასიკეთოდ შემოატრიალა“.