2020 წლის 31 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმების, სტანისლავ კიმისა და ნიკოლაი პოლევოდოვის, წინააღმდეგ რუსეთის ორ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული; პირველი სასამართლო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2020 წლის 4 თებერვალს
2020 წლის 4 თებერვალს რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ჟელეზნოდოროჟნიეს სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ძმების, სტანისლავ კიმისა და ნიკოლაი პოლევოდოვის, საქმის თაობაზე. პროკურორის მოთხოვნით ძმებმა სამწლიანი სასჯელი უნდა მოიხადონ საერთო რეჟიმის კოლონიაში. გარდა ამისა, ძმების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის მეორე საქმე ქალაქ ხაბაროვსკის ინდუსტრიულ რაიონულ სასამართლოში.
ძმები, კიმი და პოლევოდოვი, დააპატიმრეს 2018 წლის 10 ნოემბერს. ამ დღეს ხაბაროვსკში მცხოვრები 50-ზე მეტი და-ძმა დაქირავებულ კაფეში განტვირთვის მიზნით იყო შეკრებილი, სადაც დაგეგმილი ჰქონდათ გასართობი პროგრამა. ეს რელიგიური შეხვედრა არ ყოფილა. შეკრებიდან მალევე ათობით პოლიციელი და ქალაქის საგამოძიებო კომიტეტის წევრები შეიჭრნენ კაფეში და დააპატიმრეს ადგილზე მყოფი და-ძმები. ძმები, კიმი და პოლევოდოვი, ძმა ვიტალი ჟუკთან ერთად მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში ორ თვეზე მეტი ხნით. მათ აგრეთვე რამდენიმე თვე შინაპატიმრობაში გაატარეს.
4 თებერვალს ცნობილი გახდება გადაწყვეტილება ძმების, კიმისა და პოლევოდოვის, წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომელთაც შეკრებაზე დასწრებაში ედებათ ბრალი. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძმების, კიმის, პოლევოდოვისა და ჟუკის გარდა, იგივე ბრალდებით საქმე სამი დის წინააღმდეგაც აღძრეს, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ შეკრებას ესწრებოდნენ. ძმების, კიმისა და პოლევოდოვის, წინააღმდეგ კი აღძრულია კიდევ ერთი საქმე შეხვედრის ორგანიზების ბრალდებით. ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების მიღების თარიღი ჯერ არ არის ჩანიშნული.
ამგვარი შემთხვევები იშვიათია, რადგან ძმებს, კიმს და პოლევოდოვს, ერთდროულად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულში ედებათ ბრალი. გამომძიებლების გადაწყვეტილებით, არ მოხდა ძმების, კიმისა და პოლევოდოვის, წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის გაერთიანება, რის გამოც ძმებს ხაბაროვსკის რაიონულ სასამართლოებში ორ სასამართლო პროცესზე უწევთ გამოცხადება.
ორივე ძმა დაოჯახებულია და ჰყავთ შვილები. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა მისცემს ჩვენს ძვირფას ძმებს და მათ ოჯახებს წმინდა სულს, რომელიც დაიცავს მათ გულსა და გონებას, რათა ამ მძიმე განსაცდელის დროს ერთგულება შეინარჩუნონ (ფილიპელები 4:7).