2021 წლის 19 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმები სერგეი ბრიტვინი და ვადიმ ლევჩუკი სიმტკიცეს არ კარგავენ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა
2021 წლის 19 იანვარს კემეროვოს საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმების, სერგეი ბრიტვინისა და ვადიმ ლევჩუკის სარჩელი. ახლა უკვე ძალაში შევა პირველი ინსტანციის მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი ოთხწლიანი პირობითი სასჯელი. რადგან მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში და შინა პატიმრობაში უკვე სამ წელიწადზე მეტი გაატარეს, შესაბამისად, მათ დაახლოებით ერთი წელი დარჩათ სასჯელის სრულად მოხდამდე. ორივეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ერთგულება შეინარჩუნონ და არსებული მდგომარეობა საუკეთესოდ გამოიყენონ.
სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ძმებმა გაბედულად ისაუბრეს თავიანთ რწმენასა და იმ კურთხევებზე, რაც მათთვის იეჰოვასადმი მსახურებას მოაქვს.
ძმა სერგეიმ აღნიშნა: „რას ელის ჩემგან პროკურორი? იმას რომ რწმენას უარვყოფ?! სწორედ ეს რწმენა დამეხმარა უკეთესი ადამიანი და ჩემი ქვეყნის პატიოსანი მოქალაქე გავმხდარიყავი. მადლიერი ვარ ღმერთის, რომელიც დამეხმარა, შემენარჩუნებინა ოჯახი და ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. იეჰოვამ სიცოცხლის აზრი მაპოვნინა და მომავლის შესანიშნავი იმედი მომცა. ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, ღმერთთან ახლო ურთიერთობაა, და რა ბრალდებაც არ უნდა მომიგონონ, ეს მაინც ასე იქნება“.
ვადიმმა კი თქვა: „პირადად მე, მთელი ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი, რადგან იეჰოვა იყო ჩემ გვერდით. რა განაჩენიც არ უნდა გამომიტანონ, ჩემთვის მთავარი მაინც ის იქნება, ღვთის მოწონება დავიმსახურო და კვლავაც დავხვეწო ისეთი თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სიკეთე, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება. ამისთვის კი მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიქნები“.