2017 წლის 24 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ორიოლის სასამართლომ დენის კრისტენსენს კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობა
ბოლო ინფორმაცია: 2017 წლის 22 დეკემბერს ორიოლის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი დენის კრისტენსენის წინასწარი პატიმრობის თაობაზე. დენის კრისტენსენის წინასწარი პატიმრობის ვადა 2018 წლის 23 თებერვალს დასრულდება, რის შემდეგაც იგი შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ.
2017 წლის 20 ნოემბერს 3-საათიანი განხილვის შემდეგ ორიოლში (რუსეთი) სოვიეტსკის საოლქო სასამართლომ დენის კრისტენსენს წინასწარი პატიმრობის ვადა 2018 წლის 23 თებერვლამდე გაუხანგრძლივა. სასამართლომ დენის კრისტენსენს უკვე მეორედ გაუხანგრძლივა 3 თვით წინასწარი პატიმრობა. როგორც ცნობილია, 2017 წლის მაისში პოლიციამ ორიოლში მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა დაარბია და დენის კრისტენსენი დააპატიმრა. იგი დღემდე პატიმრობაში იმყოფება მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმის თაობაზე სასამართლო პროცესი ჯერ არ შემდგარა.
დენის კრისტენსენი არის დანიის მოქალაქე და ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე. მის დაპატიმრებამდე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა ექსტრემისტულად გამოაცხადა და აკრძალა. საოლქო სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა დენის კრისტენსენს წინასწარი პატიმრობა, რათა დრო მიეცა გამომძიებლისთვის, შეეგროვებინა „სამხილები“, რომლებიც დაამტკიცებდა, რომ იგი უკანონო რელიგიურ საქმიანობას ეწეოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რომ გამოძიების განმავლობაში დენის კრისტენსენი შინაპატიმრობაში გადაეყვანათ მიუხედავად დანიის მთავრობის განაცხადისა, რომ არ დაამზადებდა ახალ პასპორტს დენის კრისტენსენისთვის და არც სხვა სახით დაეხმარებოდა მას ქვეყნის დატოვებაში.
დაპატიმრების დროს დენის კრისტენსენი და მისი მეუღლე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, რელიგიურ შეხვედრას ესწრებოდნენ. მათ ამის უფლება რელიგიისა და შეკრების თავისუფლების ძირითადი უფლების საფუძველზე ჰქონდათ. სასამართლოს შეუძლია დენის კრისტენსენი წინასწარ პატიმრობაში ორი წლით დატოვოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.