არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 2 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ორიოლის რაიონული სასამართლო განიხილავს საჩივარს დენის კრისტენსენის წინასწარი პატიმრობის თაობაზე

ორიოლის რაიონული სასამართლო განიხილავს საჩივარს დენის კრისტენსენის წინასწარი პატიმრობის თაობაზე

ბოლო ინფორმაცია: 2017 წლის 7 ივნისს დანიშნული სასამართლო მოსმენა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2017 წლის 7 ივნისს, 14:00 სთ-ზე, ორიოლის რაიონული სასამართლო განიხილავს საჩივარს დანიის მოქალაქის, დენის კრისტენსენის, წინასწარი პატიმრობის თაობაზე. 2017 წლის 25 მაისს ქალაქ ორიოლში პოლიციამ იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა ჩაშალა და დენის კრისტენსენი, რომელიც მოწმეების კრების უხუცესია, დააპატიმრა.

როგორც ცნობილია, რუსეთის მთავრობა წლებია, უხეშად არღვევს იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლებას. მაგალითად, 2016 წლის ივნისში ხელისუფლებამ ორიოლში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი (ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია) ექსტრემიზმში დაადანაშაულა და მისი ლიკვიდაცია მოახდინა. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და მასთან კავშირში მყოფი იურიდიული პირების ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც თაყვანისცემის მიზნით იკრიბებიან, აგრძელებენ ლიკვიდირებული ორგანიზაციის „ექსტრემისტულ“ საქმიანობას.

ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დენის კრისტენსენი ლიკვიდირებული იურიდიული პირის წევრია, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს. თუმცა სინამდვილეში დენის კრისტენსენი არასდროს ყოფილა იურიდიული პირის წევრი. დენის კრისტენსენს 2017 წლის 23 ივლისამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ, რადგან პროკურორი თვლის, რომ ვიდრე ფედერალური უსაფრთხოების სამსახური საჭირო მასალებს მოიძიებს მის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად, იგი შეიძლება ქვეყნიდან გაიქცეს.

გარდა იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები ასაჩივრებენ დენის კრისტენსენის პატიმრობას, ისინი ანახლებენ საერთაშორისო სასამართლოებში შეტანილ საჩივრებს. რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად იეჰოვას მოწმეები ამ ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას ხვდებიან. მოწმეების მდგომარეობას ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ მიღებული ზომებიც ამწვავებს.