4 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2021 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 17 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | რუსეთის სასამართლო ხელყოფს ევგენი ეგოროვის რწმენის თავისუფლების უფლებას
2023 წლის 17 თებერვალს ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ (ებრაელთა ავტონომიური ოლქი) დამნაშავედ ცნო ევგენი ეგოროვი და ორწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 3 ოქტომბერს ებრაელთა ავტონომიურმა საოლქო სასამართლომ გააუქმა ევგენის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საერთო იურისდიქციის მეცხრე საკასაციო სასამართლომ საქმე განსახილველად დაუბრუნა საოლქო სასამართლოს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში. ახლა მისი საქმე ბირობიჯანის რაიონულ სასამართლოს (ებრაელთა ავტონომიურ ოლქი) გაეგზავნება.
2021 წლის 25 ნოემბერს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ევგენის საჩივარი და ძალაში დატოვა თავდაპირველი განაჩენი. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2021 წლის 21 ივნისს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ევგენი და ორწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
ზოგადი ინფორმაცია
ევგენი ეგოროვი
დაბადების წელი: 1991 (ბირობიჯანი)
ბიოგრაფია: აღზარდა დედამ და ბებიამ. შეისწავლა ელექტროინჟინერია. მუშაობს საკეტების დამზადებასა და შეკეთებაზე. უყვარს კითხვა და წერა. გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული და ერთი რომანი. 2005 წელს მოინათლა, როგორც იეჰოვას მოწმე. 2019 წლის სექტემბერში დაქორწინდა ქსენიაზე. 2020 წლის აგვისტოში მათ ვაჟი შეეძინათ.
სასამართლო საქმე
2018 წლის მაისში ბირობიჯანში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მასობრივი ჩხრეკები ჩაატარეს. დაქორწინებიდან მალევე ბიბლიის კითხვისა და ზოგადად, მისი რწმენის გამო ევგენის ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. მას აუკრძალეს ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცავებმა ევგენის დედას, ლარისა არტამონოვასაც, წაუყენეს ბრალი შვილის ქორწილიდან მეორე დღესვე. 2019 წლის დეკემბერში ბირობიჯანის რაიონულ სასამართლოში ევგენის საქმის მოსმენები დაიწყო.
ევგენი ამბობს, რომ ახლა უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობს იეჰოვასთან. ის გვიყვება: «ყველაზე რთულ სიტუაციებში იეჰოვამ დამამშვიდა და მომცა „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“» (2 კორინთელები 4:7).
ევგენიმ იცის, რომ მოსალოდნელი განსაცდელებისთვის წინასწარ უნდა მოემზადოს გონებრივად, ემოციურად და სულიერად. ის ამბობს: „რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა კიდევ უფრო განვიმტკიცო“.
გვჯერა, რომ მძიმე განსაცდელების მიუხედავად, ევგენისა და ქსენიას და რუსეთში მცხოვრებ სხვა თანაქრისტიანებს ძალიან გაამხნევებთ ფსალმუნის 10:17-ში ჩაწერილი სიტყვები: „შენ შეისმენ თვინიერთა სათხოვარს, იეჰოვა. შენ განუმტკიცებ მათ გულს და ყურადღებით მოუსმენ“.