26 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2022 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 8 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2023
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘᲡ ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲐ | ისინი დევნას მშვიდად ხვდებიან
2023 წლის 1 მარტს სტავროპოლის სამხარეო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ანატოლი და ირინა გეზიკებისა და ვიქტორ ზიმოვსკის საქმეზე. ანატოლისა და ვიქტორის წინააღმდეგ გამოტანილი წინა განაჩენი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა ახლა სასამართლომ მათ პირობითი სასჯელი შეუფარდა. ანატოლის აღარ მოუწევს შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდა. ვიქტორი მაშინვე გაათავისუფლეს საპატიმროდან, ირინასთვის შეფარდებული სასჯელი კი კვლავ ძალაში დარჩა. მისთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 14 ნოემბერს გეორგიევსკის საქალაქო სასამართლომ (სტავროპოლის მხარე) დამნაშავედ ცნო ანატოლი და ირინა გეზიკები და ვიქტორ ზიმოვსკი. ანატოლის შრომა-გასწორების კოლონიაში ოთხი წლითა და ორი თვით მიუსაჯეს პატიმრობა. ირინას პირობითი სასჯელი შეუფარდეს ოთხი წლითა და ორი თვით. ვიქტორს ექვსი წლითა და ორი თვით მიუსაჯეს პატიმრობა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საპატიმროში.
დროის დიაგრამა
2019 წლის 23 ოქტომბერი
სამართალდამცავებმა გეორგიევსკში სამი იეჰოვას მოწმის სახლში მოაწყეს ჩხრეკა. მათ ჩვენი და-ძმების სახლებში ყალბი სამხილები დადეს. ანატოლი, ირინა, ვიქტორი და კიდევ რვა იეჰოვას მოწმე დააკავეს და მთელი ღამით დაკითხვას უწყობდნენ.
2019 წლის 30 დეკემბერი
ანატოლის, ირინასა და ვიქტორის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
2020 წლის 23 იანვარი
ვიქტორი კიდევ ერთხელ გამოიძახეს დაკითხვაზე და განყოფილებაში დატოვეს. მომდევნო დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორში გაგზავნეს.
2020 წლის 23 მარტი
ვიქტორი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
2020 წლის 6 მაისი
ვიქტორს მოუხსნეს შინაპატიმრობა და გადაადგილების შეზღუდვა დაუწესეს.
2021 წლის 6 ოქტომბერი
ვიქტორს მოუხსნეს გადაადგილების შეზღუდვა.
2022 წლის 10 მარტი
დაიწყო სასამართლო საქმე.
ზოგადი ინფორმაცია
გვახარებს, რომ ჩვენი ძვირფასი თანაქრისტიანები სიხარულს და იმედს არ კარგავენ. დარწმუნებული ვართ, „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს“ (ფსალმუნი 145:18).