არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა რუსლანი თავის მეუღლესთან, კრისტინასთან, ერთად სასამართლოს შენობის წინ, 2020 წლის 16 სექტემბერი

2020 წლის 16 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

18-თვიანი შინაპატიმრობის შემდეგ ძმა რუსლან ალიევი შესაძლოა დამნაშავედ ცნონ

18-თვიანი შინაპატიმრობის შემდეგ ძმა რუსლან ალიევი შესაძლოა დამნაშავედ ცნონ

სავარაუდო სასჯელი

2020 წლის 17 დეკემბერს a დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონული სასამართლო განაჩენს გამოიტანს ძმა რუსლან ალიევის საქმეზე. პროკურატურა ძმა რუსლანისთვის სამწლიანი პირობითი სასჯელის შეფარდებას ითხოვს.

ზოგადი ინფორმაცია

რუსლან ალიევი

  • დაიბადა: 1987 წელს ჩუნოიარში (კრასნოიარსკის მხარე)

  • ბიოგრაფია: მის ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; ხან აზერბაიჯანში ცხოვრობდნენ, ხან — უკრაინაში. მუშაობდა მშენებლად, გაყიდვების კონსულტანტად, ინგლისური და ჩინური ენების რეპეტიტორად, ასწავლიდა გიტარაზე დაკვრას. უყვარს სპორტი, წერს ლექსებს და მუსიკას. საუბრობს ოთხ ენაზე. მისი მეუღლე, კრისტინაც, ლაპარაკობს ჩინურ ენაზე.

    ბიბლიით 13 წლის ასაკში დაინტერესდა. რაც უფრო მეტს იკვლევდა, მით მეტად რწმუნდებოდა, რომ ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით ყველა მის კითხვაზე პასუხი ბიბლიაში იყო. 2006 წელს მან თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლა.

სასამართლო საქმე

2019 წლის 6 ივნისს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ძმა რუსლან ალიევის წინააღმდეგ. 2019 წლის 10 ივნისს კი ის დააკავეს და 24 საათით მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამის შემდეგ რუსლანი და კიდევ ერთი ძმა სემიონ ბაიბაკი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. თავდაპირველად რუსლანს 8-კვირიანი შინაპატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ეს ვადა 9-ჯერ გაუხანგრძლივეს. უკვე 18 თვეა, რაც ის შინაპატიმრობაში იმყოფება. ამ ხნის განმავლობაში მას მხოლოდ მეუღლესთან, თავის ადვოკატთან, გამომძიებელთან და ინსპექტორთან ურთიერთობის უფლება აქვს. ეკრძალება ინტერნეტის გამოყენება, აგრეთვე წერილებისა თუ ტექსტური შეტყობინებების მიღება და გაგზავნა.

რუსლანი აღნიშნავს, რომ დაპატიმრებამდე ის და მისი მეუღლე კრისტინა ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან დევნა მათაც შეეხებოდა. ის ამბობს: „ვცდილობდით, არ ჩამოვრჩენოდით სულიერ განრიგს. წელიწდეულებიდან და ჩვენი და-ძმების ბიოგრაფიებიდან კარგად ვხედავდით, რას ნიშნავდა დევნა. კითხვის დროს ყურადღება მივაქციეთ, რომ ისინი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებდნენ იუმორის გრძნობას და სასოწარკვეთილებაში არ ვარდებოდნენ“. რუსლანი დასძენს: „იეჰოვას ვთხოვდით, ძალები მოეცა, რომ აგვეტანა ყველაფერი, რაც წინ გველოდა“.

რუსლანი და-ძმებთანაც საუბრის დროსაც განიხილავდა ხოლმე იმ სიტუაციებს, რომლებშიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ დევნის დროს. ის ამბობს: „ბიბლიიდან და ჩვენი პუბლიკაციებიდან ბევრ მანუგეშებელ აზრს ვიკვლევდი კრებაში და-ძმების გასამხნევებლად. შემდეგ კი, როცა თავად დამჭირდა ნუგეში, ამ მუხლებსა და აზრებს ვიხსენებდი, რაც ძალიან მამშვიდებდა“.

ამგვარად, რუსლანი და კრისტინა დევნას მომზადებულები შეხვდნენ. რუსლანი ამბობს: „როცა ჩვენს სახლში ჩხრეკას ატარებდნენ, სიმშვიდეს ვინარჩუნებდი“. გამომძიებელი დაემუქრა მას, რომ საქმეს კრისტინას წინააღმდეგაც აღძრავდა. „ამ მუქარას კრისტინა არ შეუშინებია. ამის დანახვამ ძალები შემმატა“, — იხსენებს რუსლანი.

შინაპატიმრობამ რუსლანის ოჯახს არაერთი სირთულე შეუქმნა. მიუხედავად ამისა, რუსლანი ასეთ რამეს ამბობს: „იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ საჭიროებებზე. ის არასდროს გვაკლებს იმას, რაც აუცილებელია. მე და ჩემმა მეუღლემ დიდი ხანია ვისწავლეთ, რას ნიშნავს მიენდო იეჰოვას, იცხოვრო უბრალოდ და იყო იმით კმაყოფილი, რაც გაქვს. ასე რომ, ზედმეტად აღარაფერზე ვწუხდით“.

ერთ-ერთი სასამართლო მოსმენის დროს, რომელიც რუსლანის შინაპატიმრობის ვადის გახანგრძლივებას ეხებოდა, მის ახლობლებს არ ჰქონდათ სასამართლოს დარბაზში შესვლის უფლება. ამიტომ ჩვენი და-ძმები გარეთ იყვნენ შეკრებილები. როდესაც რუსლანი დარბაზიდან გამოიყვანეს, ისინი ტაშით შეეგებნენ მას და ხმამაღლა ეძახდნენ: „რუსლან, ჩვენ შენ გვერდით ვართ!“.

რა სასიხარულოა, რომ გვყავს ასეთი სამაგალითო და-ძმები რუსეთში. უსამართლო დევნის მიუხედავად, ისინი ბოლომდე ენდობიან იეჰოვას (ფსალმუნი 118:6—9).

a შესაძლოა შეიცვალოს.