არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ალექსანდრე ივშინი

2021 წლის 12 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

63 წლის ძმა ალექსანდრე ივშინს შვიდწელიწადნახევრიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კრების შეხვედრების ონლაინ რეჟიმით ორგანიზებისა და სიმღერების მღერისთვის

63 წლის ძმა ალექსანდრე ივშინს შვიდწელიწადნახევრიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კრების შეხვედრების ონლაინ რეჟიმით ორგანიზებისა და სიმღერების მღერისთვის

განაჩენი

2021 წლის 10 თებერვალს კრასნოდარის მხარეში მდებარე აბინსკის რაიონულმა სასამართლომ ძმა ალექსანდრე ივშინი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას შვიდწელიწადნახევრიანი ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2017 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩვენი საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, ეს ჩვენი და-ძმებისთვის მისჯილი ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი სასჯელია.

ზოგადი ინფორმაცია

ალექსანდრე ივშინი

  • დაიბადა: 1957 წელს ქალაქ კატავ-ივანოვსკში (ჩელიაბინსკის ოლქი).

  • ბიოგრაფია: პენსიაში გასვლამდე მუშაობდა სახარატო ჩარხის ოპერატორად, ტყისმჭრელად და სამრეწველო უსაფრთხოების ინჟინრად. 1974 წელს დაქორწინდა გალინაზე. ჰყავთ ორი ქალიშვილი და რვა შვილიშვილი.

    ალექსანდრემ სიცოცხლის აზრზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა. მან ერთ ღამეში წაიკითხა ოთხი სახარება, შემდეგ კი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. 1995 წელს მოინათლა.

სასამართლო საქმე

აბინსკში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იურიდიული ბრძოლა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია „ექსტრემისტულად“ შერაცხეს და მათი საქმიანობა აკრძალეს. დაახლოებით 5 წლის შემდეგ, 2020 წლის 23 აპრილს, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ძმა ალექსანდრე ივშინის წინააღმდეგ. სამართალდამცავები მას ბრალს სდებენ კრების შეხვედრების ონლაინ რეჟიმით ორგანიზებასა და სიმღერების მღერაში.

როდესაც სამართალდამცავები ალექსანდრესა და გალინას ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად შეიჭრნენ, სტრესისგან ორივე მათგანს ჰიპერტონიული კრიზისი დაეწყო. ჩხრეკის ჩატარებიდან რამდენიმე თვეში ალექსანდრეს მანქანა ჩამოართვეს. ყველაფრის მიუხედავად, ალექსანდრეს მხნეობა არ დაუკარგავს. სასამართლო დარბაზში წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში მან განაცხადა: «არ მიკვირს, რომ დღეს განსასჯელის სკამზე ვზივარ, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს ასე მოხდებოდა. მათეს 10:18-ში ნათქვამია: „წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, რაც მათთან და უცხოტომელებთან ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ“. იესოს ეს სიტყვები სასოწარკვეთილებაში კი არ მაგდებს, პირიქით, მაბედნიერებს, რადგან, თქვენო ღირსებავ, იმის შესაძლებლობა მეძლევა, რომ ვისაუბრო იმ შესანიშნავი მომავლის შესახებ, რომელიც წინ ელოდება სულიერს მოწყურებულ ყველა ადამიანს».

ალექსანდრესა და გალინას თავიანთი წვლილი შეაქვთ იმ უდიდესი დამოწმების საქმეში, რაც რუსეთსა და მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. გვჯერა, რომ იეჰოვა უხვად აკურთხებს მათ, რადგან მასზე ამყარებენ იმედს (იერემია 17:7).