2021 წლის 30 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
73 წლის ინვალიდი და, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, იეჰოვაზეა მინდობილი
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს და ლუდმილა შუტის საჩივარს
2021 წლის 25 აგვისტოს სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ლუდმილა შუტის საჩივარი და ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი. ამჟამად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.
2021 წლის 19 მაისს პრიმორიის მხარეში მდებარე ნადეჟდინსკის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა 73 წლის და ლუდმილა შუტს. მას ოთხწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.
ზოგადი ინფორმაცია
ლუდმილა შუტი
დაიბადა: 1947 წელს მაკაროვში (კუნძული სახალინი).
ბიოგრაფია: 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რას წინასწარმეტყველებს ბიბლია. მოინათლა 2003 წელს. იმავე წელს გარდაეცვალა მეუღლე. ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი. ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
სასამართლო საქმე
2017 წლის ნოემბერში სოფელ რაზდოლნოეში ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეების თვალთვალი დაიწყო. 2020 წლის თებერვალში კი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ლუდმილა შუტის წინააღმდეგ. ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასაკის მიუხედავად, და ლუდმილას აუკრძალეს ქალაქიდან გასვლა.
ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ლუდმილას ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. მისი მხედველობა იმდენად გაუარესდა, რომ ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, ახლა კი უძილობით იტანჯება. ლუდმილა დარწმუნებულია, რომ, თუ იეჰოვას სრულად მიენდობა, ის დაიცავს მას და სჯერა, რომ, ესაიას 26:3-ში ჩაწერილი სიტყვების თანახმად, იეჰოვა „ყოველთვის მშვიდობით ამყოფებს“.
და-ძმები სიყვარულით ზრუნავენ ლუდმილაზე. ის განსაკუთრებით აფასებს, როცა იგებს, რომ ისინი მისთვის ლოცულობენ. „ამას არასოდეს დავივიწყებ“, — აღნიშნავს ლუდმილა.
ამ რთულ პერიოდში მას აგრეთვე მხარში უდგანან მისი ვაჟი და უმცროსი ქალიშვილი, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები.
სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში, ვლოცულობთ და გვჯერა, რომ და ლუდმილა კვლავაც იქნება „ღვთის ძალაზე დანდობილი“ (2 ტიმოთე 1:8).