2021 წლის 26 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
78 წლის ძმა ვასილი რეზნიჩენკოს „ექსტრემიზმში“ ადანაშაულებენ მშვიდობიანი რელიგიური მსახურების გამო
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ძმა ვასილი რეზნიჩენკოს საჩივარს
2021 წლის 30 ივლისს ამურის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ძმა ვასილი რეზნიჩენკოს საჩივარი. ახლა ძალაში შევა მისთვის შეფარდებული ორწლიანი პირობითი სასჯელი. ვასილის ამჟამად არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.
2021 წლის 2 ივნისს ამურის ოლქში მდებარე ზეიას რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ძმა ვასილი რეზნიჩენკოს საქმეზე. მას ორწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.
ზოგადი ინფორმაცია
ვასილი რეზნიჩენკო
დაიბადა: 1942 წელს მუროვკაში (პრიმორიეს მხარე).
ბიოგრაფია: ხუთ დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსია. გაიარა ტრაქტორის მართვის კურსები. შემდეგ შეისწავლა საზღვაო ნავიგაცია და მექანიკოსობა. მსახურობდა ჯარში. სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მუშაობდა გემის ნავიგატორად, გარკვეული დროის შემდეგ კი დააწინაურეს და კაპიტანი გახდა. მიღებული აქვს „საბჭოთა კავშირის შრომის ვეტერანის“ საპატიო წოდება.
1969 წელს დაქორწინდა ვალენტინაზე. მათ სამი ვაჟი აღზარდეს. 1990-იან წლებში მეუღლისგან მოისმინა ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ. დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვის გაგების შემდეგ გახდა ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი. ვასილი 1996 წელს იეჰოვას მოწმე გახდა. ის 2016 წელს დაქვრივდა.
სასამართლო საქმე
2019 წლის 21 მარტს სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ვასილი რეზნიჩენკოს სახლი ქალაქ ზეიაში. მას ლეპტოპი, მობილური ტელეფონი და პირადი დოკუმენტები ჩამოართვეს. იმ დროიდან მოყოლებული ის შეყვანილია რუსეთის ხელისუფლების მიერ შედგენილ „ექსტრემისტთა“ სიაში. მას დაბლოკილი აქვს საბანკო ანგარიშები და აკრძალული აქვს ტერიტორიის დატოვება.
ვასილი იეჰოვაზეა მინდობილი. ის ინარჩუნებს სულიერ წონასწორობას, რაშიც კარგი განრიგი ეხმარება. ყოველდღე კითხულობს ბიბლიას და დღის მუხლს. ის დიდად აფასებს და-ძმების მიერ გამოვლენილ სიყვარულსა და მზრუნველობას.
ვასილი აღნიშნავს: „ჩხრეკის ჩატარებიდან მეორე დღესვე და-ძმებმა მომინახულეს. სამართალდამცავებს ზოგიერთი მათგანის ბინაშიც ჰქონდათ ჩხრეკა ჩატარებული. ორი დღის შემდეგ მეზობელი ქალაქებიდანაც მესტუმრნენ და-ძმები, მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა მათ თავისუფლებას. მათმა სტუმრობამ ძალიან გამამხნევა. ახლაც ცრემლები მადგება თვალებზე, როცა იმ წუთებს ვიხსენებ. ამ შემთხვევებმა გამაძლიერა და უფრო განმიმტკიცა იეჰოვასთან ურთიერთობა. ახლა უფრო მეტად ვგრძნობ მასთან სიახლოვეს“.
ვასილის ძალიან ანუგეშებს ებრაელების 13:5-ში ჩაწერილი სიტყვები. ის ამბობს: «მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ყოველთვის ვენდო იეჰოვას შემდეგ დაპირებას: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“». გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც ამოუდგება მხარში ჩვენს და-ძმებს, რომლებიც რწმენის გამო იდევნებიან.