არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი ქალაქ აბინსკში

2015 წლის 4 აგვისტო
რუსეთი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს აბინსკში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების მიერ შეტანილი საჩივარი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უნდა განიხილოს აბინსკში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების მიერ შეტანილი საჩივარი

2015 წლის 5 აგვისტოს რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს საჩივარს, რომელიც იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციას ეხება. რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა იმავე ტაქტიკას მიმართეს, როგორსაც ტაგანროგსა და სამარაში; მათ აბინსკში 2015 წელს იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინეს.

ლიკვიდაცია ცრუ ბრალდების საფუძველზე

ქალაქ აბინსკში იეჰოვას მოწმეთა კრება დაახლოებით 100 წევრისგან შედგება, რომელთა შორის ზოგი ხანდაზმულია. აბინსკში იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია 1999 წელს გატარდა რეგისტრაციაში; იურიდიული პირის სტატუსი მათ უფლებას აძლევდა, ჰქონოდათ საკუთარი სამეფო დარბაზი და იქ თაყვანისცემის მიზნით შეკრებილიყვნენ.

2012 წლის დეკემბერში და აგრეთვე 2013 წლის ოქტომბერში რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა აბინსკში მცხოვრები ორი იეჰოვას მოწმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დაადანაშაულეს და იმაში დასდეს ბრალი, რომ უკანონოდ ავრცელებდნენ ლიტერატურას, რომელიც ექსტრემისტულად იყო შერაცხული. მართალია, ეს ორი მოწმე ადგილობრივი კრების წევრი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ქალაქ აბინსკის იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის ოფიციალური წარმომადგენელი. პროკურორმა იგნორირება გაუკეთა ამ ფაქტს და სრულიად უსაფუძვლოდ დასდო ამ ორ მამაკაცს ბრალი; მან განაცხადა, რომ მათი ქმედება საფუძვლად უნდა დადებოდა ამ ქალაქში იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის ლიკვიდაციას.

ამ უსაფუძვლო ბრალდებაზე დაყრდნობით, კრასნოდარის სასამართლომ 2015 წლის 4 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, „ქალაქ აბინსკში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია ... ექსტრემისტულად გამოცხადდა და მისი ლიკვიდაცია მოხდა; შესაბამისად, გაუქმდა მისი, როგორც იურიდიული პირის რეგისტრაცია“. ზემოაღნიშნულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ ქალაქ აბინსკში იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდოდა. თუ უზენაესი სასამართლო მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, მოწმეები დაკარგავენ თაყვანისცემის ადგილს.

უფლებამოსილი პირები ამჯერადაც საეჭვო ტაქტიკას მიმართავენ

აბინსკში უფლებამოსილმა პირებმა ბოროტად ისარგებლეს ექსტრემისტული საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ფედერალური კანონით და იმავე ტაქტიკას მიმართეს, როგორსაც ტაგანროგსა და სამარაში მიმართეს მოწმეთა იურიდიული პირის ლიკვიდირებისთვის. აბინსკშიც იეჰოვას მოწმეებს სრულიად უსაფუძვლოდ დასდეს ბრალი ექსტრემისტულ საქმიანობაში. მოწმეები ტაგანროგსა და სამარაში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები და მათ წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებები გააბათილონ. მათ საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რათა კვლავ მიეცეთ რელიგიური საქმიანობის თავისუფლად შესრულების უფლება.

აბინსკში იეჰოვას მოწმეები სიძნელეების მიუხედავად, კვლავაც აქტიურად მსახურობენ

იეჰოვას მოწმეები ქალაქ აბინსკში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები თანამორწმუნეების მსგავსად, კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ თავიანთ რელიგიურ საქმიანობაში. აბინსკში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლო მხარს არ დაუჭერს ქვემდგომი სასამართლოს მიერ მოწმეების წინააღმდეგ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებას, და ნებას დართავს მოწმეებს, კვლავ შეიკრიბონ საკუთარ სამეფო დარბაზში, რათა მშვიდობიანად ჩაატარონ თავიანთი რელიგიური შეხვედრები.