2019 წლის 16 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
სააპელაციო სასამართლო აცხადებს, რომ რუსეთში დიმიტრი კუზინის წინააღმდეგ აღძრული სასამართლო საქმე მოსამართლემ კანონდარღვევით წარმართა
2019 წლის 9 სექტემბერს კალუგას რეგიონული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, სვეტლანა ანატოლიევნა პროკოფიევამ განაცხადა, რომ კალუგას საოლქო სასამართლომ უხეშად დაარღვია კანონი, როდესაც ძმა დიმიტრი კუზინი წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვა.
მოსამართლე პროკოფიევას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მან ხმა აღიმაღლა იმ კანონდარღვევების წინააღმდეგ, რასაც იეჰოვას მოწმეები ხვდებიან სასამართლო პროცესებზე რუსეთში. მოსამართლემ გააკრიტიკა საოლქო სასამართლო არაერთი უკანონო ქმედების გამო. როგორც გაირკვა, საოლქო სასამართლოს მსვლელობისას ძმა კუზინი საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო დაცინვის ობიექტი გამხდარა და მისთვის არც თავის დაცვის შესაძლებლობა მიუციათ. მოსამართლე პროკოფიევამ აღნიშნა: „არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ [საოლქო სასამართლოს] მთავარი მოსამართლე ობიექტურად მოიქცა.“
ძმა დიმიტრი 2019 წლის 26 ივნისს დააპატიმრეს, როდესაც კალუგას ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მის სახლში შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. ორი დღის შემდეგ, კალუგას საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძმა დიმიტრი ორი თვით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 19 აგვისტოს ქალაქის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელმა საქმე აღძრა ძმა დიმიტრი კუზინის წინააღმდეგ იმავე სასამართლოში, რათა მისი დაკავების ვადა კიდევ ორი თვით გაეხანგრძლივებინათ. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
ძმა დიმიტრიმ სარჩელი შეიტანა ზემდგომი ინსტანციის რეგიონულ სასამართლოში, რომელსაც მოსამართლე პროკოფიევა ხელმძღვანელობდა. ვინაიდან მოსამართლე პროკოფიევამ მიიჩნია, რომ ქვემო ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ კანონდარღვევით გამოიტანა გადაწყვეტილება დიმიტრი კუზინის წინააღმდეგ, მან აღნიშნული საქმე კვლავ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა, რათა საქმე ამჟამად სხვა მოსამართლეს განეხილა. სამწუხაროდ, 23 სექტემბერს, საოლქო სასამართლომ ახალი მოსამართლის ხელმძღვანელობით იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა ძმა დიმიტრისთვის პატიმრობის ორი თვით გახანგრძლივების თაობაზე.
გვჯერა, რომ იეჰოვა, ერთგულებისა და სამართლიანობის ღმერთი, კვლავ სიყვარულით იზრუნებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებზე, რომლებიც მასზე არიან დაიმედებულნი (კანონი 32:4, 9—11).