არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 18 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

შეერთებულ შტატებში კანონმდებლები სპეციალური რეზოლუციით რუსეთის ხელისუფლებას დენის კრისტენსენის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

შეერთებულ შტატებში კანონმდებლები სპეციალური რეზოლუციით რუსეთის ხელისუფლებას დენის კრისტენსენის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ორმა წევრმა, რომლებიც ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები არიან, სხდომაზე წარადგინა რეზოლუცია №958, სადაც მკაცრად არის გაკრიტიკებული რუსეთის ხელისუფლება ჩვენი ძმის, დენის კრისტენსენის, უკანონო დაპატიმრების გამო. ეს რეზოლუცია მთავრობის წარმომადგენლების მიერ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული უახლესი იურიდიული დოკუმენტია, სადაც დაგმობილია რელიგიური მრწამსის გამო ჩვენი და-ძმების დევნა რუსეთში.

დენის კრისტენსენი დააპატიმრეს 2017 წლის მაისში მხოლოდ იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებში მონაწილეობდა. ზემოაღნიშნული რეზოლუციით, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ორმა წევრმა, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკკოლმა, 2020 წლის 8 მაისს წარმოადგინა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ძმა დენის კრისტენსენი.

„დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენს, რომელიც იეჰოვას მოწმეა, 2019 წლის 6 თებერვალს შეუფარდეს ექვსწლიანი პატიმრობა. შეერთებული შტატების საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისია გმობს დენის კრისტენსენის წინააღმდეგ გამოტანილ ამ განაჩენს“, — აღნიშნულია რეზოლუციაში, — „ეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება არღვევს მოქალაქეთა რელიგიური თავისუფლების უფლებას ან იწყნარებს აღნიშნული უფლების სერიოზული დარღვევის ფაქტებს“.

2020 წლის 25 მაისს დენის კრისტენსენის დაპატიმრებიდან სამი წელი სრულდება. ამჟამად რუსეთში დაპატიმრებულია ჩვენი 32 და-ძმა. მათგან 9-ს გამამტყუნებლი განაჩენი აქვს გამოტანილი, 23 კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გარდა ამისა, ჩვენს 18 თანაქრისტიანს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი. 2017 წლიდან მოყოლებული რუსეთის სამართალდამცავებმა ჩვენი და-ძმების დაახლოებით 900 სახლში მოაწყვეს რეიდები. შედეგად, 331 იეჰოვას მოწმის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

შეერთებული შტატებისა და ევროპის სამთავრობო უწყებები მკაცრად აკრიტიკებენ რუსეთს იეჰოვას მოწმეების მიმართ განხორციელებული უსამართლო დევნისთვის.

ჩვენ არ ვიცით, დაამტკიცებენ თუ არა ზემოაღნიშნულ რეზოლუციას ან მოჰყვება თუ არა ამას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რაიმე რეაგირება, თუმცა ერთი რამ ცხადია: გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც დაეხმარება რუსეთში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებს, განსაცდელების დროს სიხარული არ დაკარგონ. მოუთმენლად ველით დროს, როცა იეჰოვა მოსპობს ყველას, ვინც „სირთულეებს ქმნის დადგენილებებით“ (ფსალმუნი 94:20—23).