2021 წლის 3 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განახლებული ინფორმაცია — გამამტყუნებელი განაჩენი | სვეტლანა მონისი დადებით განწყობას ინარჩუნებს იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა დამნაშავედ ცნონ
2022 წლის 31 ოქტომბერს ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ (ებრაელთა ავტონომიური ოლქი) დამნაშავედ ცნო სვეტლანა მონისი და ორწელიწად-ნახევრით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მისთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
2022 წლის 9 მარტს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ გააუქმა სვეტლანას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და საქმე წინა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად.
2021 წლის 15 თებერვალს ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ (ებრაელთა ავტონომიური ოლქი) დამნაშავედ ცნო სვეტლანა აკრძალული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის გამო. სასამართლომ მას ჯარიმის სახით 10 000 რუბლის (135$) გადახდა დააკისრა.
ზოგადი ინფორმაცია
სვეტლანა მონისი
დაბადების წელი: 1977 (ლესოზავოდსკი)
აქვს პროგრესირებადი თვალის დაავადება. უყვარს უცხო ენების სწავლა. შეისწავლა ჩინური, ინგლისური და გერმანული ენები. ჰყავს ვაჟი, რომელიც უმეტესად მარტომ აღზარდა. ოჯახის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გახსნა პატარა ჩინური რესტორანი.
ძალიან წუხდა მსოფლიოში არსებული უსამართლობის გამო. ამ მიზეზით დაიწყო ბიბლიის შესწავლა. 2005 წელს მოინათლა. 2015 წელს დაქორწინდა ალამ ალიევზე, რომლის წინააღმდეგაც აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სასამართლო საქმე
2019 წლის 26 სექტემბერს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა, ლეიტენატმა იანკინმა და სვეტლანა მონისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თითქმის ორი თვის განმავლობაში მას აკრძალული ჰქონდა საკუთარი ავტომანქანის გამოყენება მიუხედავად იმისა, რომ მას მანქანა ძალიან სჭირდებოდა, 91 წლის ბებიაზე რომ ეზრუნა.
2019 წლის დეკემბერში დასრულდა საქმის პირველადი მოკვლევა. მოგვიანებით, უფლებამოსილმა პირებმა საქმე ხელახალი განხილვისთვის ბირობიჯანის რაიონულ სასამართლოს გადასცეს.
სვეტლანა ამბობს: „როდესაც სამართალდამცავები ჩემს ბინაში ჩხრეკას ატარებდნენ, სიმშვიდეს ვინარჩუნებდი. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავდა სიტყვები: „ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი“ (მათე 5:10).
ჩხრეკის შემდეგ სვეტლანას მეუღლე ალამიც დააკავეს და რვა დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩასვეს. სვეტლანა იხსენებს: „მეუღლის მდგომარეობას ძალიან განვიცდიდი. მას ხერხემლის ქრონიკული პრობლემა აქვს, რაც ბოლო დროს კიდევ უფრო გაუმწვავდა. ჩვენი ბინის გაჩხრეკამდე ერთი კვირით ადრე, მას საავადმყოფოში მკურნალობის კურსის გავლა მოუწია. მეუღლესთან დაკავშირების უფლებას არ მაძლევდნენ. არ ვიცოდი, როგორ იყო ალამი, რის გამოც ძალიან ვღელავდი. ჩემი გრძნობები იეჰოვას გავანდე და ვუთხარი, რომ ყველა ჩემს საწუხარს მას ვანდობდი, რადგან ის საუკეთესოდ იზრუნებდა ალამზე“.
სვეტლანა არასოდეს დაეჭვებულა იმაში, რომ იეჰოვა მის გვერდით იყო. „ვხედავდი და ვგრძნობდი მის მხარდაჭერას. მესმოდა, რომ პანიკაში არ უნდა ჩავვარდნილიყავი ... ვცდილობდი, საკუთარ მდგომარეობაზე არ მეფიქრა. ნაცვლად ამისა, იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ იეჰოვას ერთგული დავრჩენილიყავი“.
დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად სვეტლანა და ალამი ყველანაირად ცდილობენ, რწმენა გაიძლიერონ. „მე და ჩემი მეუღლე ყოველდღე ვკითხულობთ დღის მუხლს და ერთ თავს ბიბლიიდან და ვმსჯელობთ მათზე. ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ იმ ბიბლიური მუხლებზე, რომლებიც მოგვიწოდებს იეჰოვაზე დავამყაროთ იმედი და ნუგეში მასთან ვპოვოთ“. 2019 წლის წლიური მუხლი, ესაიას 41:10 — „ნუ შეშფოთდები, რადგან შენი ღმერთი ვარ!“ — სვეტლანასა და ალამს იეჰოვას სიყვარულში არწმუნებს. „ეს მუხლი ამოვბეჭდეთ და ჩარჩოში ჩავსთვით“, — ამბობს სვეტლანა.
სვეტლანას მოთმინებამ დადებითი გავლენა მოახდინა მის ნათესავებზე, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ის აღნიშნავს: „შექმნილმა სიტუაციამ კარგი დამოწმების შესაძლებლობა მომცა დედაჩემთან, რომელიც ერთ დროს მოწინააღმდეგე იყო. ახლა ის პატივს სცემს ჩვენს რწმენას და ყველანაირად მიდგას მხარში“. სვეტლანა დასძენს: „ჩემი მართლმადიდებელი ბებია, რომელიც 91 წლისაა, გამუდმებით წუხს ჩვენ გამო და თანაგვიგრძნობს. ბოლო დროს მას ბიბლიის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გაუჩნდა“.
ვლოცულობთ სვეტლანასა და ალამზე. ვიცით, რომ ისინი არ დაკარგავენ მხნეობას, რადგან იეჰოვა კვლავაც „განუმტკიცებს მათ გულს“ (ფსალმუნი 10:17).