არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ, ზედა რიგში: იური გერასკოვი, მაქსიმ ხალტურინი, ვლადიმერ კორობეინიკოვი, ანჯეი ონიშჩუკი. ქვემოთ: ანდრეი სუვორკოვი, ევგენი სუვორკოვი და ვლადიმერ ვასილიევი

2021 წლის 22 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | ძმები მოთმინებით იტანენ განსაცდელებს ლოცვის, ბიბლიის კითხვისა და თანაქრისტიანების მხარდაჭერის მეშვეობით

განახლებული ინფორმაცია — სარჩელი არ დაკმაყოფილდა | ძმები მოთმინებით იტანენ განსაცდელებს ლოცვის, ბიბლიის კითხვისა და თანაქრისტიანების მხარდაჭერის მეშვეობით

2022 წლის 4 ოქტომბერს კიროვის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მაქსიმ ხალტურინის, ვლადიმერ კორობეინიკოვის, ანჯეი ონიშჩუკის, ანდრეი სუვორკოვის, ევგენი სუვორკოვისა და ვლადიმერ ვასილიევის საჩივარი. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

2022 წლის 3 ივნისს პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ (კიროვი) დამნაშავედ ცნო მაქსიმ ხალტურინი, ვლადიმერ კორობეინიკოვი, ანჯეი ონიშჩუკი, ანდრეი სუვორკოვი, ევგენი სუვორკოვი და ვლადიმერ ვასილიევი. სასამართლომ ყველა მათგანს პირობითი სასჯელი შეუფარდა. სასჯელის ვადა ორწელიწადნახევრიდან ექვსწელიწადნახევრამდე მერყეობს. სასამართლომ დამნაშავედ ცნო იური გერასკოვიც მიუხედავად იმისა, რომ ის განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა.

ზოგადი ინფორმაცია

იური გერასკოვი

  • დაბადების წელი: 1956 (აზერბაიჯანი)

  • გარდაცვალების თარიღი: 2020 წლის 24 აპრილი

  • ბიოგრაფია: ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთი და ფოტოგრაფია. მუშაობდა ფილარმონიაში. 1993 წელს პოლიტიკური არეულობის გამო აზერბაიჯანიდან რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. 2011 წელს დაქორწინდა ალევტინაზე, იმავე წელს გახდა იეჰოვას მოწმე. ცოლ-ქმარს უყვარდა სეირნობა და მეგობრების მონახულება.

მაქსიმ ხალტურინი

  • დაბადების წელი: 1974 (კიროვი)

  • ბიოგრაფია: კითხვის სიყვარული ბავშვობიდანვე განუვითარდა. ბიბლიისადმი ინტერესი პირველად 1993 წელს გამოავლინა. 1995 წელს იეჰოვას მიუძღვნა თავი და მოინათლა. ზრუნავს მოხუც მშობლებზე. მშობლები არ არიან იეჰოვას მოწმეები, მიუხედავად ამისა, აფასებენ მის რელიგიურ შეხედულებებს.

ვლადიმერ კორობეინიკოვი

  • დაბადების წელი: 1952 (კუნძული დიქსონი, კრასნოიარსკის მხარე)

  • ბიოგრაფია: მამამისი ოკეანოლოგი იყო; იკვლევდა არქტიკის ოკეანეს. ბავშვობაში ვლადიმერს უყვარდა მაკეტების კეთება. მუშაობდა სანტექნიკოსად და მექანიკოსად. ამჟამად პენსიონერია. უყვარს თევზაობა.

    ვლადიმერმა და მისმა მეუღლემ, ოლგამ, ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყეს. ვლადიმერზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბიბლიურმა წინასწარმეტყველებებმა მოახდინა. მოინათლა 1996 წელს. ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ მათი ოჯახი განამტკიცა. ვლადიმერს და ოლგას ჰყავთ ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

ანჯეი ონიშჩუკი

  • დაბადების წელი: 1968 (ბელოსტოკი, პოლონეთი)

  • ბიოგრაფია: ახალგაზრდობაში უყვარდა ფეხბურთის თამაში და ძალოსნობა. მოინათლა 1990 წელს. 1997 წელს კიროვში გადავიდა საცხოვრებლად. უყვარს რუსული ლიტერატურა. 2002 წელს დაქორწინდა ანაზე. ოჯახს უყვარს დროის გატარება ბუნებაში, სოკოს შეგროვება და ფეხბურთის თამაში.

ანდრეი სუვორკოვი

  • დაბადების წელი: 1993 (კიროვი)

  • ბიოგრაფია: ჭეშმარიტება დედამ ჩვილობიდან ასწავლა. სკოლის ასაკში უყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები და სპორტული თამაშები, განსაკუთრებით ფრენბურთი. 2007 წელს მოინათლა. სამხედრო სამსახურის ნაცვლად ნარკოლოგიურ ცენტრში გაიარა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. 2016 წელს დაქორწინდა სვეტლანაზე. ორივეს უყვარს სპორტული თამაშები.

ევგენი სუვორკოვი

  • დაბადების წელი: 1978 (კიროვი)

  • ბიოგრაფია: მოზარდობის ასაკში სწავლობდა ჭადრაკს, დადიოდა ჰოკეიზე, უყვარდა მუსიკის მოსმენა. მუშაობს ელექტრიკოსად. ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან 16 წლის ასაკში დაიწყო. მოინათლა 1995 წელს. 18 წლის რომ გახდა, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულება მოითხოვა. მეექვსე სასამართლო პროცესზე, როგორც იქნა, მისი თხოვნა დაკმაყოფილდა. 2000 წელს დაქორწინდა სვეტლანაზე. მათ ერთად აღზარდეს სვეტლანას ვაჟი ანდრეი (მოხსენიებულია ზემოთ).

ვლადიმერ ვასილიევი

  • დაბადების წელი: 1956 (პერმი)

  • ბიოგრაფია: ბავშვობაში უყვარდა ფეხბურთის თამაში. მუშაობდა სანტექნიკოსად და მძღოლად. ამჟამად პენსიონერია. მეუღლესთან, ნადეჟდასთან, ერთად ბიბლიის შესწავლა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მოინათლა 1994 წელს.

სასამართლო საქმე

2018 წლის 9 ოქტომბერს კიროვში სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების 14 სახლი გაჩხრიკეს და დააკავეს ძმები მაქსიმ ხალტურინი, ვლადიმერ კორობეინიკოვი, ანჯეი ონიშჩუკი, ანდრეი სუვორკოვი და ევგენი სუვორკოვი. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 2019 წლის იანვარსა და ივლისში ვლადიმერ ვასილიევსა და იური გერასკოვსაც წაუყენეს ბრალი.

ვლადიმერ კორობეინიკოვი ორ თვეზე მეტხანს ჰყავდათ დაკავებული. ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, რათა თავის ქალიშვილზე და ავადმყოფ მეუღლეზე ზრუნვა შეძლებოდა. მაქსიმი და ანდრეი წინასწარი დაკავების იზოლატორში სამ თვეზე მეტხანს იყვნენ, ევგენი კი — დაახლოებით ხუთი თვე. რაც შეეხება ანჯეის, მან 327 დღე დაჰყო იზოლატორში. ზოგიერთი მათგანი შინაპატიმრობაში იქნა გადაყვანილი. მართალია, ისინი გაათავისუფლეს, მაგრამ კვლავ აკრძალული აქვთ საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება.

წინასწარი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას ძმები ოჯახისგან მოწყვეტილები იყვნენ, მაგრამ მათ სჯეროდათ, რომ იეჰოვა იზრუნებდა მათ საყვარელ ადამიანებზე.

მაგალითად, ვლადიმერ კორობეინიკოვის მეუღლე, ოლგა, ინვალიდია. ვლადიმერი ამბობს: „ყველაზე რთული იმის გაცნობიერება იყო, რომ ჩემი მეუღლე სახლში მარტო, დამხმარის გარეშე დარჩა“. ის გვიყვება, რომ ჩხრეკის დროს ოლგას ტელეფონიც ჩამოართვეს, რასაც ვლადიმერი ძალიან განიცდიდა. მაგრამ მალე მან წერილი მიიღო ერთი დისგან, რომელიც არწმუნებდა მას, რომ მის მეუღლეზე თანაქრისტიანები ზრუნავდნენ. მოგვიანებით, ვლადიმერმა თავად ოლგასგან მიიღო ძალიან გამამხნევებელი წერილი, სადაც ეწერა, რომ ის კარგად გრძნობდა თავს.

შეზღუდვებმა და „ექსტრემისტებად“ გამოცხადებამ ძმებს დამატებითი სირთულეები შეუქმნა. მაგალითად, მათთვის რთულია სამსახურის პოვნა; გარდა ამისა, საბანკო ანგარიშებიც დაბლოკილი აქვთ.

ევგენი აღნიშნავს: „იეჰოვა ზრუნავს ყველა ჩვენს საჭიროებაზე. უდაბნოში მყოფი ისრაელების მსგავსად, ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება. ნათლად ვხედავთ, როგორ ზრუნავენ და-ძმები ჩვენს სულიერ, ემოციურ თუ მატერიალურ მხარდაჭერაზე.

ძმები აღნიშნავენ, რომ პირადი შესწავლა, ლოცვა და ბიბლიის კითხვა ეხმარება მათ, შეინარჩუნონ გაბედულება და სიმტკიცე. ვლადიმერ ვასილიევი ამბობს: „ბიბლიაში აღწერილი მოვლენები გვეხმარება დავინახოთ, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებს. შესაბამისად, ჩვენი რწმენა იზრდება და ღმერთს უფრო მეტად ვენდობით“.

მართალია, ამ ძმებს და მათი ოჯახის წევრებს რთული პერიოდი უდგათ, მაგრამ გვჯერა, რომ ისინი კვლავაც მიენდობიან იეჰოვას, რადგან „კაცს“ ხანგრძლივი ზიანის მოყენება არ შეუძლია (ფსალმუნი 56:4).