არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალი მთარგმნელობითი ოფისი

22 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023
სამხრეთი აფრიკა

ვენდაენოვანი ახალი მთარგმნელობითი ოფისი

ვენდაენოვანი ახალი მთარგმნელობითი ოფისი

2022 წლის 7 დეკემბერს მახადოს მუნიციპალიტეტში (სამხრეთი აფრიკა) ვენდაენოვანი ახალი მთარგმნელობითი ოფისი გაიხსნა. მთარგმნელობით ჯგუფში ათი და-ძმა მსახურობს, რომელთაც არასრული დატვირთვით კიდევ რვა მთარგმნელი ეხმარება.

სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი საუბრობს ვენდა ენაზე, ხოლო ზიმბაბვეში — 100 000. საერთო ჯამში, ორივე ქვეყანაში 28 ვენდაენოვანი კრებაა, სადაც მთლიანობაში 800 მაუწყებელი მსახურობს.

ოთხი საცხოვრებელი ოთახის მოსაწყობად უკვე არსებული შენობა შევისყიდეთ და გავარემონტეთ. მთარგმნელობითი ოფისისთვის ახალი შენობა ავაშენეთ, ხოლო ოფისთან ახლოს დამატებით სამი საცხოვრებელი ბინა შევიძინეთ.

მთარგმნელობითი ოფისის დაპროექტება ადგილობრივ კლიმატურ პირობებთან შესაფერისად მოხდა. ძმა ჯოდი პალვი, რომელიც ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო განყოფილებას ეხმარება, ამბობს: „ამ ტერიტორიაზე ცხელი კლიმატია, რის გამოც ვარჩიეთ, რომ დიდი ფოთლოვანი ხეები არ გაგვეკაფა. ხეების ჩრდილი საშუალებას იძლევა, რომ შენობებში ბუნებრივად შენარჩუნდეს სიგრილე. ამასთან ერთად შენობაში გაკეთდა პოლირებული ბეტონი და მეტლახი“.

მარცხნივ: ძმები ჩანაწერს აკეთებენ სულიერი პროგრამისთვის; მარჯვნივ: მთარგმნელები მუშაობის პროცესში.

მთარგმნელობითი ოფისის ადგილმდებარეობა საშუალებას იძლევა, რომ მთარგმნელებს უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ ვენდა ენაზე მოსაუბრე ხალხთან. ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ახლა ყოველდღიურად გვიწევს ვენდაენოვან ხალხთან კომუნიკაცია, რაც გვეხმარება, გავაუმჯობესოთ მთარგმნელობითი ტექნიკა და თარგმანის მომზადებისას გამოიყენოთ ყოველდღიური ტერმინები და ფრაზები“. კიდევ ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ვენდა ენაზე მოსაუბრე ჩვენი და-ძმები ამავე ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რაც ამარტივებს ვიდეოების გახმოვანებასა და აუდიო მასალის მომზადებას“.

დარწმუნებული ვართ, იეჰოვა მხარს დაუჭერს ჩვენს და-ძმებს, რომლებიც ძალისხმევას ახმარენ, რომ ვენდაენოვან მოსახლეობაში თავიანთი ბაგეებით შეასხან ხოტბა ჩვენს ღმერთს (ფსალმუნი 145:21).