არჩეულ მასალაზე გადასვლა

24 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2024
სამხრეთი აფრიკა

იეჰოვას მოწმეები მანუგეშებელ ცნობას უზიარებენ კოსაენოვან ხალხს სამხრეთ აფრიკაში

იეჰოვას მოწმეები მანუგეშებელ ცნობას უზიარებენ კოსაენოვან ხალხს სამხრეთ აფრიკაში

2024 წლის 29 იანვრიდან 11 მარტის ჩათვლით 11 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა აღმოსავლეთ კაპლანდის პროვინციაში (სამხრეთი აფრიკა) ჩატარებულ სპეციალურ კამპანიაში. ამ პროვინციაში შვიდი მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათი უმეტესობა კოსა ენაზე საუბრობს. კამპანიის ფარგლებში 2 700-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის შესწავლა.

კამპანიის პერიოდში ორი და შეხვდა ქალბატონს, რომელსაც ორი კვირის დაღუპული ჰყავდა ძმა უბედური შემთხვევის გამო. აცრემლებული ქალი დებმა გამოცხადების 21:3, 4-ით ანუგეშეს. ქალს ძალიან სურდა, მეტი გაეგო ღმერთის დაპირების შესახებ, რომლის თანახმადაც, სიკვდილი და ტანჯვა აღარ იარსებებს. ამიტომ მან კრების შეხვედრებზე დასწრების სურვილი გამოთქვა და ბიბლიის შესწავლაც დაიწყო.

ერთმა დამ, სახელად ცუკისუამ, საუბარი დაუწყო ქალბატონს, რომელსაც მწვავე ართრიტი ჰქონდა. დაავადების გამო ძალიან უჭირდა ბავშვებისთვის საჭმლის მომზადება. ის ნერვიულობდა, რომ იმ დღეს მის ბავშვებს საჭმელი არ ექნებოდათ, რადგან ცომის მოზელის თავიც არ ჰქონდა. ცუკისუა დაეხმარა ქალს ცომის მოზელაში. ამ დროის მანძილზე მეორე და, რომელიც ცუკისუას ახლდა, სასიხარულო ცნობას უზიარებდა ქალს. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი დების მიერ გამოვლენილმა ყურადღებამ და სიკეთემ და ბევრ მეგობარს მოუყვა მათ შესახებ. მან მალევე დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

ქალაქ პორტ-ელიზაბეთში კარდაკარ მსახურების დროს ორი ძმა შეხვდა მამაკაცს, რომელსაც ერთი ფეხი ამპუტირებული ჰქონდა. მას აინტერესებდა, რატომ უშვებდა ღმერთი, სატანას ემართა მსოფლიო, მაშინ როცა ადამიანები ღვთის შექმნილნი იყვნენ (1 იოანე 5:19). ძმებმა ბიბლიიდან გასცეს პასუხები მას. მოგვიანებით, იმავე დღეს, მამაკაცმა თავის მეუღლესთან ერთად უყურა ვიდეოს „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?“ და ორივემ გადაწყვიტა, ბიბლიის შესწავლა დაეწყო.

ერთმა დამ, რომელიც აგრეთვე პორტ-ელიზაბეთში ქადაგებდა, ერთ ქალბატონს სთხოვა, ფსალმუნის 37:29 ამოეკითხა. ქალმა საკუთარ ბიბლიაში წაიკითხა მუხლი, მაგრამ ვერ გაიგო. შემდეგ დამ იგივე მუხლი წაუკითხა „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ კოსა ენაზე. ქალმა წამოიძახა: „როგორ ბუნებრივად წერია კოსა ენაზე! აქ უკეთ გავიგე, ვიდრე ჩემს ბიბლიაში!“. ეს ქალბატონი ახლა რეგულარულად სწავლობს ბიბლიას.

ძალიან გვიხარია, რომ კოსა ენაზე მოსაუბრე ხალხი სამხრეთ აფრიკაში დადებითად ეხმაურება იმედის შესახებ ცნობას, რომელიც ეკუთვნის „ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“ (2 კორინთელები 1:3).