2018 წლის 7 მაისი
სამხრეთი კორეა
იეჰოვას მოწმეები ავრცელებენ ბიბლიურ ლიტერატურას 2018 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროს
2018 წლის ფიონგჩანგის ოლიმპიური და პარაოლიმპიური ზამთრის თამაშების დროს, რომლებიც 9—25 თებერვალსა და 9—18 მარტს გაიმართა, კორეაში მცხოვრებმა და-ძმებმა სპეციალური კამპანია მოაწყვეს, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოელი ვიზიტორისთვის შეეთავაზებინათ ბიბლიური ლიტერატურა უფასოდ.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 7 100-ზე მეტი და-ძმა იღებდა მონაწილეობას ამ კამპანიაში. ისინი ჩამოვიდნენ ქალაქ ბუსანიდან, გვანგჯუდან, ინჩხონიდან, სეულიდან და სუვონიდან; ზოგიერთები კუნძულ ჯეჯოდანაც კი ჩამოვიდნენ, რომელიც ფიონგჩანგიდან დაახლოებით 500 კილომეტრით არის დაშორებული.
ჩვენმა და-ძმებმა 152 სტენდი დადგეს 48 ადგილას, მათ შორის კანინის ოლიმპიურ პარკთან და ფიონგჩანგის ოლიმპიურ მოედანზე. მათ აგრეთვე უფლება მისცეს, დაედგათ სტენდი ერთ-ერთი ოლიმპიური სოფლის შესასვლელში, რელიგიურ ცენტრთან.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ ჩვენს ძმებს უფლება მისცა, სტენდები დაედგათ კანინის სადგურის მოედანზე, რომელიც ახლახან დასრულებული კორეის სწრაფმავალი რკინიგზის ბოლო გაჩერებაა. ამ სარკინიგზო ხაზით მგზავრებს შეუძლიათ ინჩხონიდან და სეულიდან ფიონგჩანგში გადაადგილება. ოლიმპიური თამაშების დაწყების პირველივე დღეს კანინის სადგურით 28 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
მთლიანობაში დაახლოებით 80 000 უცხოელ ვიზიტორს ელოდნენ; ამიტომ ძმებმა სტენდებზე 20 ენაზე განათავსეს ჩვენი წიგნები, ბროშურები, ჟურნალები და ბუკლეტები, მათ შორის ჩინურ, ინგლისურ, ყაზახურ, კორეულ და რუსულ ენებზე. ამასთანავე, იმ და-ძმებმაც, რომელთაც კარგად იცოდნენ კორეული ჟესტური ენა, დადგეს სტენდები და ვიდეოებს აჩვენებდნენ პარაოლიმპიადაზე ჩამოსულ სმენადაქვეითებულ სტუმრებს. მთლიანობაში, 71 200-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა.
იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს 35 ქვეყანაში ქადაგებენ სტენდებით; საუბარია დაახლოებით 300 000 სტენდზე. ასეთი სახით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ იქადაგონ ყველგან, სადაც ხალხია და ყოველმხრივ შეასრულონ თავიანთი მსახურება (2 ტიმოთე 4:5).