არჩეულ მასალაზე გადასვლა

სამი ძმა, რომლებიც ჯანჯუს საოლქო სასამართლომ ახლახან ცნო უდანაშაულოდ

2019 წლის 23 იანვარი
სამხრეთი კორეა

გამამართლებელი გადაწყვეტილება

პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში სასამართლო სრულად უხსნის ბრალდებებს მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

გამამართლებელი გადაწყვეტილება

პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში სახელმწიფო პროკურორებმა სააპელაციო სასამართლოს მოსთხოვეს, გამოეცა გამამართლებელი გადაწყვეტილება იმ ხუთი იეჰოვას მოწმის საქმეზე, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა; ძმებს ყველა ბრალდება მოუხსნა და მათი საქმეები დახურულად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილებები მთლიანად აუქმებს და არაკონსტიტუციურად ცნობს ქვემო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, რომელთა თანახმადაც ძმები დამნაშავედ ცნეს სამხედრო სამსახურზე განზრახ თავის არიდებაში.

2018 წლის 14 დეკემბერს უდანაშაულობის შესახებ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ შექმნა კანონიერი საფუძველი იმისა, რომ იმავე ბრალდებებისგან გათავისუფლებულიყო 900-ზე მეტი ძმა. ძმები, რომელთაც ბრალდებები მოეხსნათ, დაელოდებიან მთავრობის მიერ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის დანერგვას; ამგვარად, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სამხედრო სამსახურის ნაცვლად, გაიარონ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დააფუძნა საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წელს გამოტანილ ორ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებებმა გააუქმა 65-წლიანი კანონი, რომლის თანახმადაც, მათ, ვინც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე ამბობდა უარს, ფაქტობრივად ავტომატურად ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა, თუნდაც ამისთვის საფუძვლიანი რელიგიური მიზეზი ჰქონოდა.

ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა, რომელთა თანახმადაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმა სინდისის თავისუფლებაზე დაფუძნებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერა მოიპოვა. კორეის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა: „უზენაესი სასამართლოს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით დასრულდა იმ ადამიანების დამნაშავეებად გამოცხადების მტკივნეული ეპოქა, რომლებიც რელიგიური მიზეზით უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. ეს ისტორია 1950-იანი წლებიდან დაიწყო და შეეხო თითქმის 20 000 ადამიანს ... უდიდეს პატივისცემას გამოვხატავთ ყველა იმ ახალგაზრდისა და მათი ოჯახების მიმართ, რომელთაც უდიდესი მსხვერპლის ფასად დაუჯდათ ამ ყველაფრის ატანა“.

ახლა, მათ ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, სთხოვენ, დაამტკიცონ, რომ ასე „ღრმა, მტკიცე და გულწრფელი“ რწმენის გამო იქცევიან. მოსამართლეებს ვალდებულება აკისრიათ, მოიძიონ მათი გულწრფელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. უზენაესი სასამართლოს განაცხადით „მათი ცხოვრების ყველა სფეროს უნდა ეტყობოდეს ღრმა რწმენის კვალი“. დაკითხვის დროს ჩვენს ძმებს კარგი შესაძლებლობა ეძლევათ, მოსამართლეების წინაშე დაასაბუთონ თავიანთი პირადი გადაწყვეტილება და ახსნან, თუ რა მიზეზით ამბობენ უარს სამხედრო სამსახურსა და ომში მონაწილეობაზე (1 პეტრე 3:15).

ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვას მოწმეები კორეაში იმ მიზეზით იხდიდნენ სასჯელს, რომ რწმენის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე; მათი მაგალითი იმის დასტურია, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ნეიტრალურ და მშვიდობიან პოზიციას, ვინაიდან მთელი გულით გვსურს, დავემორჩილოთ მეორე უდიდეს მცნებას — „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39).