არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 9 მაისი
სამხრეთი კორეა

დაიცავს სამხრეთ კორეა სინდისის თავისუფლების უფლებას?

დაიცავს სამხრეთ კორეა სინდისის თავისუფლების უფლებას?

სეონ-ჰიოკ კიმი 28 წლისაა. ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები. 2015 წლის დასაწყისში ის სერიოზული სირთულის წინაშე აღმოჩნდა. კიმი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს. თუმცა კვანჯუს რაიონულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო სტანდარტებს და ის უდანაშაულოდ ცნო. ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ გამონაკლისი იყო, რადგან წლებია, რაც ამ ქვეყანაში ადამიანებს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ადანაშაულებენ და აპატიმრებენ. მართალია, კიმი რაიონულმა სასამართლომ გაამართლა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მიღებული გადაწყვეტილება და მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. კიმმა სამხრეთ კორეის უზენაეს სასამართლოს მიმართა საჩივრით. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ბოლო წლებში სამხრეთ კორეაში დავის საგნად იქცა მათი უფლებების აღიარება, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. სააპელაციო სასამართლოები აუქმებენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მოსამართლეები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით იღებენ.

პირველი ინსტანციის სასამართლო მხარს უჭერს სინდისის თავისუფლების უფლებას

2015 წლის 12 მაისს კვანჯუს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ჩანგ-სეოკ ჩოიმ უდანაშაულოდ ცნო კიმი, რომელსაც ბრალად ედებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება. მოსამართლემ განაცხადა, რომ კიმს სამხედრო სამსახურის შესრულების ნებას საკუთარი მრწამსი არ რთავდა; თუმცა ის თავს არ არიდებდა ქვეყნის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებას და მზად იყო სამოქალაქო ხასიათის ალტერნატიული სამსახურის შესასრულებლად. a

მოსამართლე ჩოიმ ისიც განაცხადა, რომ კიმმა სინდისის თავისუფლების უფლებით ისარგებლა, როცა უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სინდისის თავისუფლების უფლება ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა. მოსამართლე გაბედულად მოიქცა, როცა მხარი დაუჭირა კიმის ნების თავისუფლების უფლებას. მისი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის კონსტიტუციას, თუმცა თანხმობაში მოდიოდა საერთაშორისო სტანდარტებთან, რომელიც მხარს უჭერს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

„სინდისის თავისუფლების უფლება ხელშეუხებელი უფლებაა. სავსებით შესაძლებელია, რომ არც ეს უფლება დაირღვეს და არც ეროვნულ უსაფრთხოებას შეექმნას საფრთხე“ (კვანჯუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჩანგ-სეოკ ჩოი).

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 500-ზე მეტი საჩივრის თაობაზე 5 გადაწყვეტილება მიიღო და სამხრეთ კორეა იმ ახალგაზრდების უკანონოდ დასჯაში დაადანაშაულა, რომლებმაც რწმენის გამო განაცხადეს უარი სამხედრო სამსახურზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებიდან ვხედავთ, რომ სახელმწიფომ თვითნებურად დააპატიმრა ეს ახალგაზრდები, რითაც დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლი. b გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულმა არაერთმა ორგანიზაციამ მოუწოდა სამხრეთ კორეას, მიიღოს კანონი ისეთი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის თაობაზე, რომელიც მისაღები იქნება მათთვის, ვინც მრწამსის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე. 1990 წელს სამხრეთ კორეამ იტვირთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით და ამავე პაქტის პირველი არასავალდებულო ხასიათის პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. მიუხედავად ამისა, ის არანაირ ქმედით ზომებს არ იღებს მათ შესასრულებლად.

გაამართლებენ თუ დამნაშავედ ცნობენ?

პროკურორმა საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რათა კიმის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინათ. ის ამტკიცებდა, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. c 2015 წლის 26 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კიმს 18-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მართალია, სამხრეთ კორეა გაეცნო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებებს, მაგრამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის სასამართლოები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის კონსტიტუციით მოქმედებენ და არა საერთაშორისო სტანდარტებით. კიმმა დაუყოვნებლივ მიმართა საჩივრით უზენაეს სასამართლოს და გაეროს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს. d ის მოუთმენლად ელის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს როგორც უზენაესი სასამართლო, ისე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი.

სამხრეთ კორეის უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები არ აღიარებენ მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე. 2004 წელს და მოგვიანებით 2011 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი სამხედრო სამსახურის შესახებ შესაბამისობაში იყო მოქმედ კონსტიტუციასთან. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე მესამედ განიხილავს, არის თუ არა კონსტიტუციური კანონი სამხედრო სამსახურის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.

1953 წლის შემდეგ სამხრეთ კორეის სასამართლოებმა 18 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

აღიარებს სამხრეთ კორეა საერთაშორისო სტანდარტებს?

თუ უზენაესი სასამართლო არ დააკმაყოფილებს კიმის საჩივარს, კიმს დააპატიმრებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 თვის განმავლობაში მისი ოჯახი ფინანსური და ემოციური მხარდაჭერის გარეშე დარჩება; ორ მცირეწლოვან შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობა კი მხოლოდ მის მეუღლეს დააწვება კისერზე. გარდა ამისა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კიმს ნასამართლევის სტატუსი ექნება, რის გამოც ძალიან გაუჭირდება მუშაობის დაწყება. ამ ყველაფერს კიმი ძალიან განიცდის.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები მადლიერებას გამოთქვამენ, რომ უამრავი ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო სტანდარტებს და აღიარებს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე. სამხრეთ კორეელი იეჰოვას მოწმეები, მათ შორის სეონ-ჰიოკ კიმი დიდი ინტერესით ელიან სასამართლოების გადაწყვეტილებებს. დაუჭერენ მხარს საერთაშორისო სტანდარტებს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები? აღიარებს სამხრეთ კორეა იმ მოქალაქეთა ძირითად უფლებებს, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე?

a 2015 წელს კვანჯუს რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სამი იეჰოვას მოწმე. აგრეთვე სუვონის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა ორი იეჰოვას მოწმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება.

b მიმართვა №2179/2012, U.N. Doc. CCPR/C/112/D/2179/2012, 2015 წლის 14 იანვარი.

c პროკურორი ამტკიცებდა, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. თუმცა სხვა იურისტები არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. ჩხანვონ-მასანის საოლქო სასამართლოს მოსამართლე გუან-გუ კიმი აღნიშნავს: „არ არსებობს იმის საფუძველი და არც არანაირი ფაქტები გვაქვს ხელთ, რაც ცხადყოფდა, რომ განურჩევლად ყველა ვალდებულია, მოიხადოს სამხედრო ვალდებულება და, რომ ალტერნატიული სამსახურის შემოღება საფრთხეს შეუქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას“.

d მოქალაქეს შეუძლია საჩივრით მიმართოს გაეროს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს, თუ მას იმის გამო აპატიმრებენ, რომ სარგებლობს ძირითადი უფლებებით ან იმ უფლებებით, რომლებსაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცავს.