არჩეულ მასალაზე გადასვლა

2019 წლის 12 დეკემბერი
სამხრეთი კორეა

ეროვნული მუზეუმი კორეელი იეჰოვას მოწმეების უცნობ ისტორიას გვიმხელს

ეროვნული მუზეუმი კორეელი იეჰოვას მოწმეების უცნობ ისტორიას გვიმხელს

ბუსანში (სიდიდით მეორე ქალაქი კორეაში) მდებარეობს კორეის ოკუპაციის ეროვნული მუზეუმი, სადაც ინახება იაპონელების მიერ კორეის ოკუპაციის პერიოდიდან შემონახული ფაქტები. ამ მუზეუმში გაიმართა გამოფენა, სადაც იეჰოვას მოწმეთა ისტორიის ერთი ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი იყო წარმოდგენილი. ეს სპეციალური გამოფენა, რომლის სახელწოდებაც იყო „ცვალებადი ისტორია, უცვლელი სინდისი“, 2019 წლის 12 ნოემბერს გაიხსნა და 13 დეკემბრამდე მასპინძლობდა მნახველებს. ამ გამოფენაზე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით იყო წარმოდგენილი ფაქტები, რომლებიც ასახავს იეჰოვას მოწმეთა მიერ 80 წლის წინ გამოვლენილ მტკიცე ნეიტრალურ პოზიციას და მათ მიმართ განხორციელებულ რეპრესიებს იაპონიის კოლონიური რეჟიმის პერიოდში.

2019 წლის სექტემბერში მსგავსი გამოფენა მოეწყო სეულში მდებარე „სოდემუნგის ციხის ისტორიის დარბაზში“. a ამ გამოფენას მთლიანობაში 51 175 დამთვალიერებელი ეწვია; სტუმართა შორის 5 700 იეჰოვას მოწმე იყო, რომლებიც სეულში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე იყვნენ ჩასულები.

1939 წლის ივნისიდან მოყოლებული 1945 წლის აგვისტომდე აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ იეჰოვას მოწმეებს და ყველას, ვინც ინტერესს ავლენდა ბიბლიური ცნობის მიმართ. მოგვიანებით ამ მოვლენას „დინგდესას ინციდენტი“ ეწოდა. მათ იმის გამო აპატიმრებდნენ, რომ ისინი უარს აცხადებდნენ იმპერატორისადმი თაყვანისცემაზე და თითქოს ხალხს ანტისაომარი ქმედებებისკენ მოუწოდებდნენ. იმ პერიოდში დაპატიმრებულ იქნა 66 იეჰოვას მოწმე, რაც იმ დროისთვის კორეაში მცხოვრებ მოწმეთა უმრავლესობას წარმოადგენდა. ისინი ძლიერი წნეხის ქვეშ ჰყავდათ და სასტიკად ეპყრობოდნენ. მკაცრი პირობების გამო ექვსი იეჰოვას მოწმე გარდაიცვალა ციხეში.

ძმა ჰონგ დაელმა, რომელიც კორეაში საინფორმაციო განყოფილებას უწევს ზედამხედველობას, აღნიშნა: „კორეაში ბევრმა არ იცის, რომ იმ ადამიანთა უსამართლო დევნა, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, ჯერ კიდევ 80 წლის წინ დაიწყო, იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციის დროს. ეს გამოფენა გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, მოგითხროთ დღემდე უცნობი და ამაღელვებელი ისტორიები“.

პროფესორმა და ისტორიკოსმა ჰან ჰონგუმ, რომელიც გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა, შემდეგი სიტყვებით შეაქო ის ადამიანები, რომლებიც ბოლომდე მტკიცედ იცავდნენ რწმენას: „ვფიქრობ, როცა გინდა, რომ იმ ადამიანებზე ისაუბრო, რომლებიც სინდისის ხმას უსმენენ, საუკეთესო მაგალითი სწორედ იეჰოვას მოწმეები არიან ... როცა საზოგადოებას სურს, პატივისცემა გამოავლინოს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც საკუთარ შინაგან ხმას უსმენენ, პირველ რიგში იეჰოვას მოწმეები უნდა გაიხსენონ“.

ამ გამოფენამ ისტორიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია, რითაც შეიქმნა შესანიშნავი შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებისთვის მოეთხროთ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. ეს თემა გასული წლის განმავლობაში ძალიან აქტუალური იყო კორეაში. 2018 წლის 28 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის არარსებობა, არაკონსტიტუციური იყო. სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ, 1 ნოემბერს, უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არ უნდა ჩაითვალოს სისხლის სამართლის დანაშაულად. ამ იურიდიულ გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვა ჩვენი კორეელი ძმების ციხიდან გათავისუფლება, რამაც საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო სამსახურის შესახებ კანონის შექმნას.

ჩვენი კორეელი ძმებისა და დების ძლიერი რწმენა და გაბედულება, რის შესახებაც საუბარი იყო ამ გამოფენაზე, გვახსენებს შემდეგ სიტყვებს: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმუნი 118:6).

a 1960—1980-იან წლებში, სანამ ეს შენობა მუზეუმად გადაკეთდებოდა, აქ იყო ციხე, სადაც სვამდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, მათ შორის იეჰოვას მოწმეებს.

 

სეულში მდებარე „სოდემუნგის ციხის ისტორიის დარბაზი“. გამოფენა სახელწოდებით „ცვალებადი ისტორია, უცვლელი სინდისი“ აქ პირველად წარმოდგენილ იქნა 2019 წლის სექტემბერში

სტუდენტთა ჯგუფი „დინგდესას ინციდენტის“ გამოფენის წინ. მთლიანობაში ეს გამოფენა 51 175-მა ადამიანმა ნახა

გამოფენის ერთ-ერთ ნაწილში წარმოდგენილია იმ საგუშაგოს მოდელი, რომელიც ციხის ტერიტორიაზე იდგა

ციხის პატარა საკანი, რომელშიც ხუთი იეჰოვას მოწმე იხდიდა სასჯელს აუტანელ პირობებში

ბუსანში მდებარე „ოკუპაციის მუზეუმი“, სადაც წარმოდგენილი იყო გამოფენა, სახელწოდებით „ცვალებადი ისტორია, უცვლელი სინდისი“

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ 66 იეჰოვას მოწმის სურათები, რომლებიც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს