2015 წლის 27 ნოემბერი
სამხრეთი კორეა
ასობით კორეელმა მოწმემ საჩივრით მიმართა გაეროს ექსპერტთა ჯგუფს
2015 წლის ივლისსა და აგვისტოში სამხრეთ კორეაში 600-ზე მეტმა დაპატიმრებულმა ახალგაზრდამ საჩივრით მიმართა გაეროს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს. თითოეული ეს ახალგაზრდა, რომლებიც სამართლებრივი დევნის სამიზნეები იმის გამო გახდნენ, რომ რელიგიური მოსაზრებით უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნეს და 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საჩივრის საფუძველი
2014 წლის 15 ოქტომბერს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა დამნაშავეა იმაში, რომ თვითნებურად დააპატიმრა ის ახალგაზრდები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. სწორედ ეს გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად საჩივრებს, რომლითაც დაპატიმრებულმა ახალგაზრდებმა ზემოთ მოხსენიებულ გაეროს ექსპერტთა ჯგუფს მიმართეს.
თვითნებურად დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფს დავალებული აქვს, „გამოიძიოს მათი საქმეები, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა თვითნებურად მიუსაჯეს ან მათთან მიმართებით ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ... საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები მოქმედებს“.
ბრალდებულების ადვოკატი, დუ-ჯინ ოჰი ხსნის, რატომ ითვლება თვითნებურ დაპატიმრებად მათი დაპატიმრება, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე:
«საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სახელმწიფო ვალდებულია, ის მოქალაქეები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, უზრუნველყოს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურით. ეს იმიტომ, რომ სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება ყველას ანიჭებს უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. მაგრამ სამხრეთ კორეის მთავრობა უგულებელყოფს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური.
ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებელი სამხრეთ კორეის მთავრობის ქმედებებს „თვითნებურად“ ჩათვლიდა, რადგან ის განზრახ ამბობს უარს, გადაჭრას პრობლემა, რომელიც 60 წელზე მეტი ხანია არსებობს და რომელიც 18 000-ზე მეტ ახალგაზრდას და მათ ოჯახებს ეხება. სამხრეთ კორეის მთავრობა უარს აცხადებს, ამ ახალგაზრდებს შესთავაზოს „სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება“ ანუ შეიმუშაოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც თანხმობაში იქნება გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის მიერ ამ ახალგაზრდების საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ ხუთ გადაწყვეტილებასთან. ცხადია, დიდი უსამართლობაა და ყოვლად გაუმართლებელია ამ ახალგაზრდების გასამართლება და დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, რომ მტკიცედ ამბობენ უარს იარაღის ხელში აღებასა და ვინმესთვის ზიანის მიყენებაზე».
რა თხოვნით მიმართეს გაეროს ექსპერტთა ჯგუფს?
სამხრეთ კორეელმა ახალგაზრდებმა საჩივარში, რომლითაც გაეროს ექსპერტთა ჯგუფს მიმართეს, მოითხოვეს, რომ მათ სასარგებლოდ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღონ:
„მომჩივანთა დაპატიმრება, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, თვითნებურ დაპატიმრებად ცნონ“.
„მოუწოდონ სამხრეთ კორეის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მომჩივნები, უდანაშაულოდ ცნონ და მოუხსნან ნასამართლეობა“.
რწმენის გამო დაპატიმრებულნი
ერთ-ერთი დაპატიმრებული, რომელმაც საჩივარი შეიტანა, ჯუნ-ჰიოკ ანია. სხვების მსგავსად, ისიც არ თვლის საკუთარ თავს დამნაშავედ. მას დედამ ბავშვობიდან ასწავლა, ეცხოვრა ბიბლიური პრინციპებით. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი რელიგიური შეხედულებებისა და სინდისის გამო სამხედრო სამსახურში არ მიიღებდა მონაწილეობას. a მან საკმაოდ გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისთვის კარგად იყო ცნობილი, რა მდგომარეობა იყო სამხრეთ კორეაში და რა შედეგები მოჰყვებოდა მისი მხრიდან სამხედრო სამსახურზე უარის თქმას. იგი ამბობს:
„არ მიმაჩნია მართებულად მხოლოდ იმის გამო მოვიხადო სასჯელი, რომ მტკიცედ ვიცავ ჩემს რელიგიურ შეხედულებებს. თუ მთავრობა შემომთავაზებს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს, სიამოვნებით შევასრულებ. მე ღრმად და გულწრფელად მწამს, რომ არავის უნდა მივაყენო ზიანი და ასეთი რწმენის გამო ნამდვილად არ ვიმსახურებ გასამართლებას და დასჯას“.
როგორ გამოეხმაურება სამხრეთი კორეა საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას?
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა სამხრეთ კორეის მთავრობას წარუდგინა მათ წინააღმდეგ შეტანილი 631 საჩივარი, რომლებსაც თან ერთვოდა მათი კომენტარები და დაკვირვებების შედეგები. როგორც კი სამხრეთ კორეის მთავრობა გამოეხმაურება ამ საჩივრებს, გაეროს ექსპერტთა ჯგუფი ანგარიშს და თავის რეკომენდაციებს წარუდგენს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. თუ ეს საბჭო დაადგენს, რომ მათი დაპატიმრება, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, თვითნებურ დაპატიმრებად ითვლება, მაშინ სამხრეთ კორეის მთავრობა მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდება, ვინაიდან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არ იცავს ადამიანის ძირითად უფლებებს. დუ-ჯინ ოჰი დასძენს:
„დღემდე სამხრეთი კორეა არ ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას და უარს აცხადებს, მიიღოს კანონი ისეთი არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის თაობაზე, რომელიც მისაღები იქნება მათთვის, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ადგილობრივი სასამართლოები მთავრობის წინააღმდეგ გამოდიან და მოწმეების სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს. გასულ თვეებში ორმა რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 6 ახალგაზრდა, რომლებმაც რელიგიური მოსაზრებით უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. 2012 წლიდან მოყოლებული ადგილობრივმა მოსამართლეებმა 7 საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს გადააბარეს, რომელთა განხილვაც 2015 წლის ივლისში მოხდა“.
დღესდღეობით სამხრეთ კორეის მთავრობა ყოველთვიურად 40-50 მოწმეს ბრალს სდებს და აპატიმრებს, რითაც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ბრალდებული ჯუნ-ჰიოკ ანი და ყველა ის მოწმე, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამხრეთ კორეის ციხეებში იხდიან სასჯელს, მოუთმენლად ელიან, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო.