2014 წლის 12 დეკემბერი
სამხრეთი კორეა
საერთაშორისო კონგრესის მოკლე მიმოხილვა: სეულის საფეხბურთო სტადიონზე ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე გადამუშავებული ბიბლიის გამოცემის შესახებ გამოცხადდა
სეული — იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“, გამოცხადდა კორეულ ენაზე ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა. ეს კონგრესი ჩატარდა 2014 წლის 6—8 სექტემბერს სეულის საფეხბურთო სტადიონზე (Seoul World Cup Stadium). ბიბლიები უსასყიდლოდ დაურიგდა როგორც სტადიონზე მყოფ 56 867 დამსწრეს, ისე 59 091 ადამიანს, რომლებიც პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით იოსუდან, კვანჯუდან, პუსანიდან, სუვონიდან, ტეჯონიდან და ჩეჯუდოდან ადევნებდნენ თვალყურს პროგრამას. თუ ერთ დამსწრეს, იუნ-იენგ ჩოის დავესესხებით, «კონგრესზე ყველაზე დაუვიწყარი მომენტი სწორედ ის იყო, როცა ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა გამოცხადდა».
ამ კონგრესზე დასასწრებად სეულში დელეგატები კანადიდან, პოლონეთიდან, ფილიპინებიდან, ფინეთიდან და შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდნენ. იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი კორეაში, დე-ილ ჰონგი აღნიშნავს: „ასეთი განსაკუთრებული და საინტერესო პროგრამა რომ მოგვემზადებინა, ბევრი ვიშრომეთ; ამ კონგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას ვუმასპინძლეთ“.
სტადიონზე შეკრებილმა ხალხმა აღფრთოვანება ვერ დამალა, როცა სამი უზარმაზარი დეკორაციული ბიბლია, რომელიც სტადიონს ამშვენებდა, ნათლობისთვის განკუთვნილი აუზები აღმოჩნდა. სეულში მთლიანობაში 630 ადამიანი მოინათლა, ხოლო იქ, სადაც პროგრამა გადაიცემოდა — 596. საერთო ჯამში მონათლულთა რიცხვმა 1 226 შეადგინა.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ: +1 718 560 5000
კორეის რესპუბლიკა: დე-ილ ჰონგი, ტელ. +82 31 690 0033