2015 წლის 19 თებერვალი
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეას ბრალი ედება ახალგაზრდების თვითნებურად დაპატიმრებაში
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადანაშაულა სამხრეთ კორეის მთავრობა იმაში, რომ თვითნებურად დააპატიმრა ის ახალგაზრდები, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, და შელახა მათი სინდისის თავისუფლების უფლება. ეს ამ საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მიღებული მეხუთე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პირველი შემთხვევაა, როცა კომიტეტი სამხრეთ კორეას ამ ახალგაზრდების „თვითნებურად“ დაპატიმრებაში ადანაშაულებს. a
წინა ოთხი გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც 501 ახალგაზრდას ეხებოდა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ შელახა მათი უფლებები, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე და ამგვარად დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი, რომელიც „აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლების უფლების“ დაცვას ითვალისწინებს. ეს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 50 იეჰოვას მოწმეს b ეხება, 2014 წლის 15 ოქტომბერს იქნა მიღებული, ხოლო 2015 წლის 14 იანვარს საჯაროდ გახდა ცნობილი; ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ რამეს ააშკარავებს. კომიტეტმა დაადგინა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ ეს ახალგაზრდები მხოლოდ იმიტომ დააპატიმრა, რომ თავიანთი ფუნდამენტური უფლებით სარგებლობდნენ, და ამგვარად დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლიც, რომლის თანახმადაც, იკრძალება ადამიანის თვითნებურად დაპატიმრება და რომელიც აგრეთვე კომპენსაციის უფლების გარანტიას იძლევა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ ამგვარი „თვითნებობა ... მიჩნეულ უნდა იქნეს არაადეკვატურ და უსამართლო ქმედებადაც“. როგორც ამ კომიტეტმა დაასკვნა, ადამიანის დაპატიმრება მხოლოდ იმის გამო, რომ კანონიერად სარგებლობს საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით გათვალისწინებული რელიგიისა და სინდისის თავისუფლების უფლებით, თვითნებური ქმედებაა.
კორეის მთავრობას ვალდებულება ეკისრება, გადაჭრას ეს საკითხი
ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოუწოდა სამხრეთ კორეის მთავრობას, რომ 50 იეჰოვას მოწმისთვის ნასამართლეობა მოეხსნა და მათი უფლებების შელახვისთვის შესაბამისი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამ კომიტეტმა ისიც განაცხადა, რომ „მთავრობა ვალდებულია, მიიღოს საკანონმდებლო ზომები, რომ დაიცვას მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე“. სამხრეთი კორეა ვალდებულია, ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიღებიდან 180 დღეში წარადგინოს „ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ზომები იქნა მიღებული მათზე დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად“.
სამხრეთ კორეის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა უარი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ პროგრამის შემუშავებაზე, რასაც შემდეგი მიზეზებით ხსნიდა: ერთი ის, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა მათ ეროვნულ უსაფრთხოებას და მეორე ის, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ერთი აზრი ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა უკვე მეხუთედ უარყო მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები, რის საფუძვლადაც მოიყვანა 2006 წელს თავის მიერვე გამოქვეყნებული დასკვნა. ამ დასკვნაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ასეთი რამ იყო აღნიშნული: „სამხრეთ კორეამ ვერ წარმოადგინა საფუძვლიანი არგუმენტები იმის თაობაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ქვეყანას მათი უფლებების სრულად დაცვა, ვინც სამხედრო სამსახურზე რწმენის გამო აცხადებს უარს“. ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, „სახელმწიფომ პატივი სცეს მათ მრწამსსა და გადაწყვეტილებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, რადგან ეს მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს განსხვავებული აზრის, მსოფლმხედველობის, ცხოვრების წესისა და ინტერესების თანაარსებობას, აგრეთვე იმას, რომ საზოგადოება იყოს გაერთიანებული და ყველა თანაბარი უფლებებით სარგებლობდეს“. ამიტომ ეს კომიტეტი კვლავ აცხადებს, რომ სამხრეთ კორეის მთავრობას არანაირი გამართლება არ მოეძებნება, რადგან ის სრულიად უსამართლოდ აპატიმრებს მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.
აშკარაა, რომ სამხრეთი კორეა ფეხს ვერ უწყობს საერთაშორისო იურისპრუდენციას და დანერგილ პრაქტიკას ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან თვითნებურად აპატიმრებს მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე.
მართალია, 1990 წელს სამხრეთ კორეამ ვალდებულება იკისრა, რომ შეასრულებდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მაგრამ დღემდე უარს აცხადებს იმ პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ეხება მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. სამხრეთ კორეის მთავრობა კვლავაც აპატიმრებს ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდა იეჰოვას მოწმეს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არაერთხელ აღიმაღლა ხმა მათ დასაცავად, ვინც სამხრეთ კორეაში რწმენის გამო აცხადებს უარს სამხედრო სამსახურზე. დრო გამოაჩენს, გამოეხმაურება თუ არა სამხრეთ კორეის მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას, დაუსვამს თუ არა წერტილს თვითნებური დაპატიმრებების სერიას და მიიღებს თუ არა ისეთ კანონს, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე.
a „იანგ-კუან კიმი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, მიმართვა №2179/2012, კომიტეტის დასკვნა (2014 წლის 15 ოქტომბერი, აბზაცი 7.5).
b ზემოთ ფოტოზე ვხედავთ ამ 50 ახალგაზრდა მოწმიდან 30-ს, რომლებიც სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს შენობის წინ დგანან (ეს ის სასამართლოა, სადაც მათ პირველად შეიტანეს საჩივარი).