2021 წლის 3 მარტი
სამხრეთი კორეა
კორეის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რწმენის გამო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარის თქმა დანაშაულად აღარ ითვლება
2021 წლის 28 იანვარს სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაულად აღარ ჩაითვლება რწმენის გამო სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარის თქმა. ახლა ჩვენს ძმებს, რომლებმაც მანამდე მოიხადეს სამხედრო სამსახური, სანამ იეჰოვას მოწმეები გახდებოდნენ, აღარ დაეკისრებათ სასჯელი იმის გამო, რომ უარს ამბობენ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე.
სამხრეთ კორეაში მამაკაცები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური, რვა წლის განმავლობაში პერიოდულად უნდა გამოცხადდნენ სამხედრო წვრთნების გასავლელად. ჩვენი ძმების შემთხვევაში ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ, რომლებიც ადრე მსახურობდნენ ჯარში, იბარებდნენ წვრთნების გასავლელად და უარის თქმის გამო არაერთხელ აკისრებდნენ სასჯელს. მაგალითად, ერთ ძმას ერთი წლის განმავლობაში პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოებში დაახლოებით 60-ჯერ მოუწია გამოცხადება.
2018 წელს კორეის ორმა ზემო ინსტანციის სასამართლომ, საკონსტიტუციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა აღარ ჩათვლილიყო დანაშაულად. ამან საფუძველი ჩაუყარა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შექმნას. თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდებოდა სამხედრო-სარეზერვო სამსახურის გავლის შესახებ კანონზე, რომლის თანახმადაც ისჯებოდნენ ისინი, ვინც რწმენის გამო უარს აცხადებდნენ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე.
ახლახან მიღებული გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ აღიარა მათი უფლებები, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე. ძმებს, რომლებსაც ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლები უწევდათ, ახლა შეუძლიათ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლა. მათ აღარ მოუწევთ ჯარიმების გადახდა და ციხეში წასვლა. ერთ-ერთი ბრალდებული, ძმა ნამ ტაე-ჰი, ამბობს: „ბოლო რვა წლის განმავლობაში სასამართლოში არაერთხელ გამოცხადების შემდეგ, როგორც იქნა აღიარეს ჩემი უფლებები. ისეთი შვებას ვგრძნობ, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მომეხსნა“.
ვემადლიერებით იეჰოვას კორეაში მოვლენების ამგვარი განვითარების გამო და ვხარობთ იქ მცხოვრებ და-ძმებთან ერთად, რომლებიც იტანენ „გასაჭირსა და უსამართლობას, რომ ღვთის წინაშე სუფთა სინდისი ჰქონდეთ“ (1 პეტრე 2:19).