არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 7 ივლისი
სამხრეთი კორეა

არიან მზად სამხრეთ კორეაში მოსამართლეები, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იმოქმედონ?

არიან მზად სამხრეთ კორეაში მოსამართლეები, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იმოქმედონ?

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ განიხილავს, არის თუ არა მთავრობის მხრიდან კონსტიტუციური მათი უფლებების უარყოფა, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. a დაახლოებით ოთხი წლის წინ, 2011 წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებდა, ვინც სამხედრო სამსახურზე რწმენის გამო უარს ამბობდა, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა კორეის კონსტიტუციასთან. ამ სასამართლომ 2004 წელსაც გადაწყვეტილება ამ შეხედულების საფუძველზე მიიღო.

2015 წლის 9 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გადახედავს საქმეს სამი ახალგაზრდის თაობაზე, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. სხვადასხვა ორგანიზაციებმა მათი უფლებების მხარდასაჭერად, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, ამ საკითხთან მიმართებით დამოუკიდებელი სასამართლო ესქპერტების აზრიც წარადგინეს ზემოაღნიშნული სასამართლოს წინაშე. საერთაშორისო სტანდარტებით დღეს დაცულია მათი უფლებები, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მაგრამ სამხრეთი კორეა ეწინააღმდეგება ამ სტანდარტებს, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იქცევს.

განხილვის საგანი

გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მოუწოდა სამხრეთ კორეას, რომ შეიცვალოს აღებული კურსი. 2006 წლიდან მოყოლებული ამ კომიტეტმა მიიღო ხუთი გადაწყვეტილება 500-ზე მეტი ახალგაზრდის საქმის თაობაზე, რომლებმაც რწმენის გამო უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურზე, და დაადგინა, რომ სამხრეთ კორეამ უნდა შეიმუშავოს ისეთი კანონმდებლობა, რაც დაიცავს მათ უფლებებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. b

საერთაშორისო ამნისტიის სახელით ცნობილმა ორგანიზაციამ, რომელიც ლონდონში დაარსდა და რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, საერთაშორისო დღე მოაწყო სპეციალურად მათთვის, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე; ამ ორგანიზაციამ დიდი აქცენტი გააკეთა სამხრეთ კორეაში 2015 წლის მაისში მათთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. ეს გადაწყვეტილება, ძირითადად, ეხებოდა ახალგაზრდა მოწმეებს, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან და სამხრეთ კორეის ამჟამინდელი კანონმდებლობის თანახმად, მათთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს. ამავე კვირაში ეს საკითხი სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და ასევე გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“, გააშუქეს.

მოსამართლეები დილემის წინაშე დგანან

როდესაც ერთხელ სამხრეთ კორეაში ერთმა იეჰოვას მოწმემ უარი განაცხადა სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, მოსამართლეებმა მას ბრალად წაუყენეს გაწვევაზე თავის არიდება. მიუხედავად ამისა, მოსამართლეებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას სინდისი აწუხებთ, რადგან უდანაშაულო ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ სდებენ ბრალს, რომ თავიანთი რწმენის ერთგულნი რჩებიან. c იყო შემთხვევა, როცა სუვონის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარემ ცრემლები ვერ შეიკავა იმის გამო, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა და დამნაშავედ ცნო ერთი ახალგაზრდა მოწმე.

2015 წლის 12 მაისს კვანჯუს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო სამი იეჰოვას მოწმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდება. ეს მოსამართლე სამხრეთ კორეის კანონმდებლობის წინააღმდეგ წავიდა, რადგან მორალური უფლება არ ჰქონდა, ეს სამი იეჰოვას მოწმე უსაფუძვლოდ დაედანაშაულებინა. ამ მოსამართლემ, რომელსაც ძლიერ სურდა, ქვეყანაში შეცვლილიყო კანონმდებლობა, ასეთი სიტყვები უთხრა ამ ახალგაზრდებს: „ერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ისაა, რომ ერთი ღერი ასანთი ავანთო, მაგრამ ცეცხლის გაჩაღებას რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ ამას თქვენ გააკეთებთ“. სამწუხაროდ, პროკურორმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება.

ნაცვლად იმისა, რომ თავად გამოეტანათ განაჩენი მათთვის, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, სამხრეთ კორეის შვიდი რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა ეს საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადააბარეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ თაობაზე 2004 წელს და 2011 წელს უკვე იყო მიღებული გადაწვეტილება. ამ მოსამართლეებს არ სურთ, გაასამართლონ ერთი ახალგაზრდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას სინდისი არ რთავს სამხედრო სამსახურის შესრულების ნებას. ერთ-ერთი ასეთი საქმის განხილვის დროს სეულის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, იონგ-ჰუნ კანგიმ, აღნიშნა: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელვყოფთ მათ უფლებებს და ფეხქვეშ ვთელავთ მათ მეობას, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე“.

მოსამართლეებს მოუწოდებენ, „აიძულონ სასამართლოები“, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება

2014 წლის დეკემბერში კორეის ადვოკატთა ასოციაციამ ჩაატარა კონფერენცია, რომელიც ეხებოდა მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, სუ-ან ჩეონმა, მოიხსენია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მიიღეს, და იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, „ერის სირცხვილი“ უწოდა. მან აგრეთვე განაცხადა, რომ „ასობით ახალგაზრდის დაპატიმრება სრულიად გაუმართლებელი იყო“ და მოუწოდა მოსამართლეებსა და ადვოკატებს, რომ „აიძულონ სასამართლოები“, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ქალბატონმა სუ-ან ჩეონმა ასე დაასრულა თავისი სიტყვები: „ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა შემოვიღოთ ალტერნატიული სამსახური ... თუ მივიღებთ კანონს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ, ეს სამხრეთ კორეის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი და პირველი პრეზიდენტი ქალის მმართველობის დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩამოვირეცხავთ სირცხვილს, რამეთუ ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის საკითხში ჩვენ საკმაოდ ჩამოვრჩებით საერთაშორისო სტანდარტებს“.

იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო სტანდარტების თანახმად?

უკვე ათწლეულებია, სამხრეთ კორეაში ათასობით იეჰოვას მოწმეს მათი რელიგიური შეხედულებების გამო აპატიმრებენ. მოწმეები მოუთმენლად ელიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ისინი ასეთ კითხვას სვამენ: „მზად არის საკონსტიტუციო სასამართლო მათ სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე? იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო სტანდარტების თანახმად და დაიცავს ადამიანის ძირითად უფლებებს?

a სამხრეთ კორეის რესპუბლიკა არ ცნობს მათ უფლებებს, ვისაც სინდისი სამხედრო სამსახურის შესრულების ნებას არ რთავს. გასული 60 წლის მანძილზე სამხრეთ კორეაში 18 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი რწმენის ერთგულნი დარჩნენ. იმ მოწმეების სია, რომლებიც ამჟამად არიან დაპატიმრებული, იხილეთ სტატიაში „რწმენის გამო დაპატიმრებულები — სამხრეთი კორეა“.

b Communications Nos. 1321/2004 and 1322/2004, U.N. Doc. CCPR/C/88/D/1321-1322/2004, 2006 წლის 3 ნოემბერი; Communications Nos. 1593 to 1603/2007, U.N. Doc. CCPR/C/98/D/1593-1603/2007, 2010 წლის 23 მარტი; Communications No. 1642-1741/2007, U.N. Doc. CCPR/C/101/D/1642-1741/2007, 2011 წლის 24 მარტი; Communication No. 1786/2008, U.N. Doc. CCPR/C/106/D/1786/2008, 2012 წლის 25 ოქტომბერი; Communication No. 2179/2012, U.N. Doc. CCPR/C/112/D/2179/2012, 2014 წლის 15 ოქტომბერი.