2013 წლის 9 დეკემბერი
სამხრეთი კორეა
სამხრეთი კორეა ასობით პატიმარს, რომელმაც სინდისის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე, ბოროტმოქმედი პატიმრებისგან აცალკევებს
სამხრეთ კორეას მთავრობამ პატიმრობაში მყოფ ასობით იეჰოვას მოწმეს, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, მდგომარეობა შეუმსუბუქა და ისინი სხვა პატიმრებისგან გამოაცალკევა.
კორეაში 2012 წლის დეკემბერს გამართულმა ოფიციალურმა შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ იეჰოვას მოწმეების წარმომადგენლები და კორეის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყანაში არსებული ციხეების მართვაზე. იქ შეკრებილმა მოწმეებმა წუხილი გამოთქვეს ახალგაზრდა მოწმეების გამო, რომლებიც საკანში ხშირად ბოროტმოქმედებთან ერთად იყვნენ მოთავსებული. შეკრებილთა შორის იყო იეჰოვას მოწმე მამა, რომლის შვილიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს. ამ შეხვედრიდან ხუთი თვის შემდეგ, პატიმარი მოწმეების 70 პროცენტზე მეტი სხვა პატიმრებისგან გამოაცალკევეს და კამერებში თავიანთ თანამორწმუნეებთან ერთად მოათავსეს.
ხანგრძლივი ისტორია. არაერთი წელია, რაც სამხრეთი კორეა იეჰოვას მოწმეებს აპატიმრებს, რადგან ისინი ბიბლიური სწავლებით ხელმძღვანელობენ და უარს ამბობენ იარაღის ხელში აღებაზე. ამჟამად, დაახლოებით 600 იეჰოვას მოწმეა დაკავებული იმის გამო რომ უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. გასული 60 წლის მანძილზე 17 000-მა მოწმემ მოიხადა სასჯელი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, რომელიც მოეთხოვებათ 19-დან 35 წლამდე მამაკაცებს.
მოწმეების ოჯახების რამდენიმე თაობისთვის უცხო არ არის იმავე სასჯელის მოხდა, რასაც ჩვეულებრივ ბოროტმოქმედები იხდიან. ერთ-ერთი მოწმე ოჯახის მეორე თაობის წარმომადგენელმა, სეუნგკუკ ნომ 2000 წლისთვის სამწლიანი პატიმრობა მოიხადა. ის ამბობს: „იმავე ციხეში დამაპატიმრეს, რომელშიც ახალგაზრდობაში მამაჩემმა მოიხადა სასჯელი. მას შემდეგ ციხის პირობები არ შეცვლილა“. სამხრეთ კორეაში არ არსებობს ალტერნატიული სამსახური მათთვის, ვინც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს. დღეს მათი პატიმრობის ვადა საშუალოდ 18 თვეა.
ჰო გიუ კანგი 21 წლის იყო, როდესაც დააპატიმრეს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. მას პირველად მოუწია ოჯახთან დაშორება. ის იხსენებს: „ძალიან მეშინოდა და განვიცდიდი“. კანგი და კიდევ ერთი ახალგაზრდა მოწმე იმ უფროს პატიმრებთან ერთად იჯდნენ, რომლებიც გამოუსწორებელ დამნაშავეებად ითვლებოდნენ. ზოგი მათგანი მკვლელი იყო, ზოგი კი — ბანდის წევრი.
მთელი პატიმრობის განმავლობაში — დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე — ახალგაზრდა მოწმეები თანასაკნელებისგან იტანდნენ ფიზიკურ და ემოციურ შეურაცხყოფას. ხშირად მათ ცუდად ეპყრობოდნენ და ხელს უშლიდნენ ლოცვასა თუ ბიბლიის პირად გამოკვლევაში. არაერთი წლისა თუ ათწლეულების განმავლობაში მრავალი ახალგაზრდა მოწმე იტანდა შეურაცხყოფას თანაპატიმრებისგან.
პატიმრების განცალკევება საერთაშორისო ნორმებს ექვემდებარება. სამხრეთ კორეის მცდელობა, განაცალკევოს მოწმე პატიმრები ბოროტმოქმედი პატიმრებისგან, ეთანხმება საერთაშორისო ნორმებს, რომელიც ეფუძნება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პატიმრებთან მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების“ მე-8 მუხლს. სამხრეთ კორეამ მიჰბაძა ევროკავშირის წევრ ქვეყანას, საბერძნეთს, სადაც 20 წლის წინ „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ ზომები მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე პატიმრები, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, განეცალკევებინათ სხვა პატიმრებისგან. 1992 წელს „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ სინდოსში (თესალონიკე) სამხედრო ბანაკი გადააკეთა ციხედ, სადაც მხოლოდ იეჰოვას მოწმეები მოიხდიდნენ სასჯელს. ერთ ოფიციალურ ანგარიშში აღნიშნული იყო: „შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობით მოეკიდა [იეჰოვას მოწმე] პატიმრებს“ და გადაწყვეტილება მიიღო, რომ ისინი ცალკე ციხეში მოეთავსებინა. 1998 წლიდან კი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო საბერძნეთში მოწმეებს უკვე აღარ აპატიმრებენ.
სამხრეთ კორეამ მსგავსი თანაგრძნობა გამოავლინა ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც თავიანთი რწმენის გამო იყვნენ დაპატიმრებული და მათგან უმეტესობა განაცალკევა სხვა პატიმრებისგან. a რამდენიმე ციხე, სადაც მოწმეთა უმეტესი ნაწილია დაპატიმრებული დადებითად გამოეხმაურა ამ ცვლილებას და რწმენის გამო დაპატიმრებულები შედარებით უსაფრთხო გარემოში გადაიყვანა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით „გუნსანის ციხის“ ერთი პატიმარი მოწმე ამბობს: „ჩვენ გავთავისუფლდით იმ უარყოფითი ზეგავლენისგან, როგორიცაა უზნეობა და ბილწსიტყვაობა. ახლა უკვე შეგვიძლია ჯანსაღი სულიერი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან“.
„ჩვენ გავთავისუფლდით იმ უარყოფითი ზეგავლენისგან ... და ახლა უკვე შეგვიძლია ჯანსაღი სულიერი ურთიერთობა გვქონდეს ერთმანეთთან“
მათი საკითხი, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, კვლავ გადაუჭრელი რჩება. მართალია, სამხრეთ კორეის მიერ განხორციელებული ცვლილება მოწმეების განცალკევებასთან დაკავშირებით შესაქებია, მაგრამ ის ბოლომდე მაინც არ მიჰყვა სხვა ქვეყნების მაგალითს, რომლებმაც დიდი ხნის წინ მოაგვარეს ეს საკითხი. მაგალითად, 1997 წლიდან საბერძნეთში ფუნქციონირებს სამოქალაქო ალტერნატიული სამსახური მათთვის, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ადრე გერმანიაში სამოქალაქო ალტერნატიული სამსახური არსებობდა, თუმცა 2011 წლიდან მოყოლებული სამხედრო სამსახურში გაწვევა საერთოდ გაუქმდა. ტაივანში კი ალტერნატიული სამსახური, მათთვის ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე უკვე 2000 წლიდან არსებობს.
ახალგაზრდა მოწმეები და მათი ოჯახები იმედოვნებენ, რომ სამხრეთ კორეაშიც გაითვალისწინებენ საერთაშორისო სტანდარტებს ადამიანის უფლებების დაცვასა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
a კორეა ვალდებულია, დაიცვას საერთაშორისო კანონი, რომელიც ითვალისწინებს მათი უფლებების დაცვას, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. იხილეთ სტატია „უსამართლობამ სამხრეთ კორეაში საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია“.