არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 13 ივლისი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში პატიმრობაში მყოფი იეჰოვას მოწმეები საჩივრით მიმართავენ გაეროს ექსპერტთა ჯგუფს

სამხრეთ კორეაში პატიმრობაში მყოფი იეჰოვას მოწმეები საჩივრით მიმართავენ გაეროს ექსპერტთა ჯგუფს

2016 წლის იანვრიდან მოყოლებული 50-ზე მეტმა სამხრეთ კორეელმა იეჰოვას მოწმემ, რომლებმაც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარი თქვეს, საჩივრით მიმართეს გაეროს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს. მოწმეები აცხადებენ, რომ მთავრობა თვითნებურად აპატიმრებს მათ, ვინც სარგებლობს რელიგიისა და სინდისის თავისუფლების უფლებით და უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

გასაჩივრების საფუძველი

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განაცხადეს, რომ მათი დაპატიმრება, ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს, თვითნებური ქმედებაა. a 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სამხრეთ კორეას მოუწოდა, შეწყვიტოს მათი უსამართლოდ დაპატიმრება, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე; გაათავისუფლოს დაპატიმრებულები, კომპენსაცია გადაუხადოს და ნასამართლეობა მოუხსნას მათ. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართა საჩივრით 682-მა სამხრეთ კორეელმა იეჰოვას მოწმემ გაეროს ექსპერტთა ჯგუფს. b

განხილვის საგანი

გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც სამხრეთ კორეის მთავრობას გაუგზავნის საჩივრის ასლებს, შეატყობინებს, რაში ედება ბრალი და მის მოსაზრებას მოისმენს. თუ ის დაადგენს, რომ სამხრეთი კორეა თვითნებურად აპატიმრებს იეჰოვას მოწმეებს, მოსთხოვს მას, გაათავისუფლოს დაპატიმრებულები და მიიღოს საჭირო ზომები, რათა დანაშაულებრივ ქმედებად არ შერაცხოს სამხედრო სამსახურზე უარის თქმა.

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო მალე განიხილავს, კონსტიტუციური არის თუ არა კანონი სამხედრო სამსახურის თაობაზე. სასამართლოსთვის ცნობილია, რომ გაეროს ექსპერტთა ჯგუფს 600-ზე მეტმა მომჩივანმა მიმართა. სასამართლოსთვის ის ფაქტიც ცნობილია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა არაერთხელ სთხოვა სამხრეთ კორეას, აღიაროს მათი უფლებები, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და შესთავაზოს მათ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს, დაუჭერს თუ არა მხარს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე.

a იხილეთ დასკვნა № 16/2008 (თურქეთი), 2008 წლის 9 მაისი, პარაგრაფი 38. „იანგ-კუან კიმი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, მიმართვა № 2179/2012, კომიტეტის დასკვნა (2014 წლის 15 ოქტომბერი, პარაგრაფი 7.5).

b 2015 წელს გაეროს ექსპერტთა ჯგუფს 631-მა მოწმემ მიმართა საჩივრით, ხოლო 2016 წელს მათ რიცხვს კიდევ 51 დაემატა.