არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 9 თებერვალი
სამხრეთი კორეა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი სამხრეთ კორეას მოუწოდებს, აღიაროს მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი სამხრეთ კორეას მოუწოდებს, აღიაროს მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

მას შემდეგ, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დეტალურად განიხილა სამხრეთ კორეის ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად, 2015 წლის 3 ნოემბერს თავისი დასკვნა გამოაქვეყნა. კომიტეტმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ ადამიანის უფლებების დასაცავად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ქვეყანამ არ გაითვალისწინა კომიტეტის გადაწყვეტილებები, დაეცვა მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება

რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმა საერთაშორისო ნორმების თანახმად ადამიანის ძირითადი უფლებაა, თუმცა სამხრეთი კორეა კვლავ განაგრძობს მათ დასჯას, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 1950 წლიდან მოყოლებული 18 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, საერთო ჯამში, თითქმის 36 000 წელი გაატარა ციხეში.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სამხრეთ კორეის მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა:

  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდის სასჯელს.

  • ნასამართლეობა მოუხსნას იმ პირებს, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იყვნენ დაპატიმრებული, გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია და არ გაავრცელოს მათ შესახებ პირადი ინფორმაცია.

  • კანონიერად აღიაროს მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და შესთავაზოს მათ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური.

სამხრეთ კორეის მთავრობას მოეთხოვება, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები

2006 წლიდან მოყოლებული გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ხუთჯერ მიიღო დადგენილება a კორეელი ახალგაზრდების საქმის თაობაზე, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და არ შეიმუშავა კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ახლახან წარდგენილ ანგარიშში გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სამხრეთ კორეას კვლავ მოუწოდა, „შეიმუშაოს მექანიზმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კომიტეტის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად“.

ზემოაღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე კორეის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, სეონგ-ხო ლიმ, აღიარა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ ნამდვილად დაარღვია ადამიანის უფლებები, როგორც ეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში იყო აღნიშნული. სეონგ-ხო ლიმ საჯაროდ მოუწოდა თავისი ქვეყნის მთავრობას, იმოქმედოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციების თანახმად და აღნიშნა: „მთავრობა ვალდებულია, შეასრულოს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული მოთხოვნები!“.

სამხრეთ კორეამ, როგორც პაქტის მონაწილე სახელმწიფომ, იკისრა ვალდებულება, რომ დაიცავდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებულ ადამიანთა უფლებებს. ვინაიდან გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი თვალყურს ადევნებს იმას, თუ როგორ სრულდება პაქტით ნაკისრი ვალდებულება, და ამავდროულად იცავს მათ უფლებებს, ვინც სინდისის საფუძველზე უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, სამხრეთი კორეა მანამ იქნება შეთანხმების დამრღვევი მხარე, სანამ არ შეასრულებს ზემოაღნიშნული კომიტეტის ყველა დადგენილებასა და რეკომენდაციას.

კომიტეტის გადაწყვეტილებას უერთდება საერთაშორისო საზოგადოება და შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რაც კორეაში ხდება. სამხრეთ კორეასა თუ მის გარეთ ბევრი დიდი ინტერესით ელის, რა ზომებს მიიღებს სამხრეთ კორეის მთავრობა ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

a გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი იღებს სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს, საიდანაც ჩანს, დაარღვია თუ არა პაქტის მხარე სახელმწიფომ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები. ხუთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხრეთ კორეის მთავრობამ დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი („აზრის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“), ეხება შემდეგ საქმეებს: „იაო-ბემ იუინი და მიუნგ-ძინ ჩოი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №1321-1322/2004 (2006 წლის 3 ნოემბერი); „ეუ-მინ იუნგი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №1593-1603/2007 (2010 წლის 23 მარტი); „მინ-კიუ ჩეონგი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №1642-1741/2007 (2011 წლის 24 მარტი); „იონგ-ნამ კიმი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №1786/2008 (2012 წლის 25 ოქტომბერი); „იანგ-კუან კიმი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ“, №2179/2012 (2014 წლის 15 ოქტომბერი).