2018 წლის 24 აგვისტო
სამხრეთი კორეა
რწმენის გამო დაპატიმრებული იეჰოვას მოწმე იმედით ელის უზენაეს სასამართლოში საქმის მოსმენას
2017 წლის იანვარში სეულში (სამხრეთი კორეა) 21 წლის ლი გიო-ვონი სასამართლოს წინაშე კარგად მომზადებული წარდგა. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ სასამართლო მის სასარგებლოდ გამოიტანდა გადაწყვეტილებას. ლის მიზანი იყო, დაერწმუნებინა მოსამართლე, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზი ის კი არ იყო, რომ ქვეყნის კანონს არ ემორჩილებოდა, არამედ ის, რომ საკუთარი სინდისიდან გამომდინარე არ სურდა მოძალადე გამხდარიყო.
ლის, როგორც ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს, მაინცდამაინც არ ჰქონდა ოპტიმიზმის საფუძველი. მისი საქმის განხილვის პერიოდში 392 იეჰოვას მოწმე იხდიდა სასჯელს რწმენის გამო, რომელთაც მთლიანობაში 588 წელი ჰქონდათ მისჯილი. ვინაიდან სახელმწიფო მოწმეთა პოზიციას საფუძველს მოკლებულად მიიჩნევდა, კორეაში 1950 წლიდან მოყოლებული 19 340-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს, რომელთაც საერთო ჯამში დაახლოებით 36 800 წელი ჰქონდათ მისჯილი.
თუმცა 2004 წლიდან ზოგმა მოსამართლემ, რომლებიც მოწმეთა დაპატიმრებას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, უდანაშაულოდ ცნო 90 მოწმე. მაგალითად, ბუსანის სააპელაციო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ ჩოი იონგ-დუმ დაადგინა, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა არის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიური მრწამსის შედეგად ჩამოყალიბებულ სინდისს ეფუძნება.
2018 წლის ივნისში სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიცვალოს კანონი სამხედრო სამსახურის შესახებ, რათა მოხდეს მათი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით უზრუნველყოფა, ვინც უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. a მაგრამ ეს ისტორიული გადაწყვეტილება დაგვიანებული აღმოჩნდა ძმა ლის შემთხვევაში. ის ამბობს: «მართალია განაჩენის გასაჩივრების მიზნით ყველანაირ კანონიერ საშუალებას მივმართე, მაგრამ მაინც აღმოვჩნდი „დაეგუს დაკავების ცენტრში“». ძმა ლის წელიწად-ნახევარი აქვს მისჯილი.
ძმა ლი ერთ-ერთია კორეაში დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეთა შორის. კორეაში მოწმეებს მას შემდეგ აპატიმრებდნენ, რაც ქვეყნის მართვის სადავეები იაპონიამ აიღო ხელში. 1939 წელს იაპონიაში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებულ იქნა ორი ახალგაზრდა მოწმე; მალევე ხელისუფლებამ სხვა მოწმეებიც დააპატიმრა იაპონიაში, ტაივანსა და კორეაში (მაშინ ცნობილი იყო, როგორც ჩოსონის სამეფო). კორეაში გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 38 მოწმეც, რომლებმაც უარი განაცხადეს იაპონიის იმპერატორისთვის განსაკუთრებული პატივის მიგებასა და ომთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე. დაპატიმრებულთაგან ხუთი მოწმე აუტანელ პირობებში გარდაიცვალა. დაპატიმრებულ მოწმეთა უმეტესობა 1945 წელს იქნა გათავისუფლებული, მას შემდეგ რაც იაპონია დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში.
საუკუნეზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. მოწმეები ითვალისწინებენ ბიბლიურ პრინციპებს და ჰბაძავენ პირველი საუკუნის ქრისტიანებს. ისინი თვლიან, რომ ქრისტიანს არ აქვს სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება და ამიტომ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში. გარდა ამისა, იეჰოვას მოწმეები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, რადგან თავს ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებად მიიჩნევენ.
ამგვარი პოზიციის გამო მოწმეები (მაშინ ცნობილი იყვნენ, როგორც ბიბლიის საერთაშორისო მკვლევრები) სერიოზულ წინააღმდეგობას პირველად პირველი მსოფლიო ომის პერიოდში წააწყდნენ. იმ დროს ბრიტანეთში დაახლოებით 400-მა იეჰოვას მოწმემ თქვა უარი სამხედრო სავალდებულო სამსახურზე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მათ შორის, ვინც შეერთებულ შტატებში ომში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო იხდიდა სასჯელს, ყველაზე მეტნი იეჰოვას მოწმეები იყვნენ. მათი რიცხვი დაახლოებით 4 440-ს შეადგენდა.
ისტორიის ფურცლებზე შემონახულია ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ ინარჩუნებდნენ მოწმეები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ზეწოლის მიუხედავად, განსაკუთრებით ნაცისტური რეჟიმის დროს. ნაცისტებმა, სავარაუდოდ, 400-მდე მოწმე გამოასალმეს სიცოცხლეს, უმეტესობა სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. გარდა ამისა, წამებისა თუ გაუსაძლისი პირობების გამო 1 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დაიღუპა საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ ციხეებში. მათზე ისტორიკოსი რობერტ გერვარტი წერს, რომ ეს ხალხი იყო „ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მესამე რაიხის დროს რელიგიური მრწამსის გამო იდევნებოდა“.
თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით კორეაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ყველაზე დიდი ხანია, რაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დევნას და წინააღმდეგობას ხვდებიან. ზემოთ მოხსენიებულ ლი გიო-ვონს, რომელსაც მამა 8 წლის ასაკში უბედური შემთხვევის დროს დაეღუპა, დედა ბავშვობიდან ასწავლიდა ბიბლიას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სინდისის ბიბლიური პრინციპებით განსწავლა. ძმა ლი ამბობს: „როცა გავიგე, რისთვის ვართ ადამიანები შექმნილები, იეჰოვა ძალიან შემიყვარდა. იმ დროიდან მოყოლებული მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი იეჰოვაზე წინ ცხოვრებაში არაფერი დავაყენო“.
ძმა ლი აცნობიერებდა, რომ ერთ დღესაც შესაძლოა ციხეში აღმოჩენილიყო. ამიტომ შიდა სარემონტო სამუშაოების შესრულება ისწავლა, რადგან ციხიდან გამოსვლის შემდეგ უმუშევარი არ დარჩენილიყო. მან იცოდა, რომ ნასამართლეობის გამო ბევრი უარს ეტყოდა დასაქმებაზე.
სასამართლო პროცესს ძმა ლი ასე იხსენებს: „ძალიან მინდოდა ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება, რადგან ჩემი რწმენისა და სინდისის საფუძველზე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება“. ის ფიქრობდა პირველი საუკუნის ქრისტიანების, პავლესა და სტეფანეს მაგალითებზე, რომლებმაც სასამართლოს წინაშე გაბედულად დაიცვეს თავიანთი რწმენა. ძმა ლი აღნიშნავს: „ვფიქრობ, სასამართლოს წინაშე ბევრად უკეთ გამოვედი სიტყვით, ვიდრე ეს ვარჯიშის დროს გამომდიოდა“.
2018 წლის 30 აგვისტოს სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლო გამართავს საჯარო მოსმენას, რათა განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ალტერნატიული სამსახურით უზრუნველყონ ისინი, ვინც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიდ გავლენას მოახდენს დანარჩენ 900 საქმეზე, რომლებიც შეტანილია სხვადასხვა სასამართლოში. გარდა ამისა, 117 მოწმე, მათ შორის ძმა ლი, კვლავ პატიმრობაში რჩება და ელის სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პასუხს შეწყალების თაობაზე. შესაძლოა ძმა ლი 30 აგვისტოს კვლავ დაეგუს დაკავების ცენტრში იყოს, მაგრამ იგი მაინც დიდი ინტერესით მიადევნებს თვალყურს უზენაესი სასამართლოს მიერ გამართულ საქმის მოსმენას.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ძმა ლის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ბრალდებულად ცნო, ის იმედს იტოვებს, რომ საბოლოოდ საქმე მისი თანამორწმუნეების სასარგებლოდ გადაწყდება. ის ამბობს: „ვიმედოვნებ, მე უკანასკნელი ვიქნები, ვინც ადამიანების და რაც ყველაზე მთავარია, ღვთისა და მისი პრინციპების სიყვარულის გამოა დაპატიმრებული“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: პოლ გილიესი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
სამხრეთ კორეა: დე-ილ ჰონგი, ტელ. +82-31-690-0055