არჩეულ მასალაზე გადასვლა

ღია სასამართლო სხდომა სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოში, 2015 წლის 9 ივლისი

2016 წლის 20 დეკემბერი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო მალე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მიიღებს

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო მალე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას მიიღებს

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, არის თუ არა კონსტიტუციური მათი დასჯა, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. იმის მოლოდინმა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც 2015 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლოში ღია სხდომა გაიმართა სამი ახალგაზრდის საქმის თაობაზე. ახლახან კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა ჰან-ჩულ პარკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ცნობილი გახდება 2017 წლის 30 იანვრამდე მანამ, სანამ მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება.

გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ადამიანზე მოახდენს გავლენას

სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში უმაღლესი ინსტანციის სასამართლოა, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, განსაზღვროს კანონის კონსტიტუციურობა. ამ სასამართლოს მიმართეს თხოვნით, გადაეხედა კანონისთვის, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ზემოაღნიშნულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ამ ადამიანების გასამართლება და დასჯა მოდის თუ არა წინააღმდეგობაში კორეის კონსტიტუციასთან, რომელიც იცავს ადამიანის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლებას.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ მათი დაპატიმრება, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, თანხმობაში არ მოდის ქვეყნის კონსტიტუციასთან, სამხრეთი კორეა იძულებული იქნება, შეცვალოს აღებული კურსი. ამგვარი გადაწყვეტილების შემთხვევაში ქვეყანა, სავარაუდოდ, შეწყვეტს იმ ახალგაზრდების გასამართლებასა და დაპატიმრებას, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე.

აზრთა სხვადასხვაობა მოსამართლეებს შორის

საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 და 2011 წლებში უკვე განიხილა ზემოაღნიშნული საქმე და დაადგინა, რომ კანონი, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებდა, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა კორეის კონსტიტუციასთან. ამასთანავე, სამხრეთ კორეის უზენაესმა, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა 2004 და 2007 წლებში არ მიიჩნიეს მართებულად მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა. მიუხედავად ამისა, ამ კანონის აღსრულება მოსამართლეებს შორისაც კი დღემდე დავის საგნად რჩება.

სამხრეთ კორეის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს არ სურთ მათი გასამართლება, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 2011 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ თანხმობა განაცხადა 7 საქმის მოსმენაზე, რომლებიც მას რაიონულმა სასამართლოებმა გადააბარეს და ცალკეული პირების 22 საჩივრის განხილვაზე. გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოში ამ საკითხზე 40-ზე მეტი საქმის განხილვა მიმდინარეობს. 2015 წლის მაისის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს 9 ახალგაზრდა, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე.

2016 წლის ოქტომბერში სააპელაციო სასამართლო ზემდგომი და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში შექმნილ ვითარებაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: „ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე — სასამართლოები ვერა და ვერ თანხმდებიან ერთ კონკრეტულ საკითხზე, რის გამოც სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ“. ამ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ საქმეზე სამი ახალგაზრდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და ისინი უდანაშაულოდ ცნო. სეულის ადვოკატთა ასოციაციამ მხარი დაუჭირა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას ისტორიული უწოდა. სეულის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჰან-კიუ კიმმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

„ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე — სასამართლოები ვერა და ვერ თანხმდებიან ერთ კონკრეტულ საკითხზე, რის გამოც სხვადასხვა გადაწყვეტილებას იღებენ“ (კვანჯუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლაკ-ჰუნ ჩოს საქმეზე, 2016 წლის 18 ოქტომბერი).

დიდი ხნის მოუგვარებელი პრობლემა მალე გადაწყდება

ბატონმა კიმმა განაცხადა: „ყველა მოუთმენლად ელის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. სამხრეთ კორეაში ახალგაზრდებს დღემდე ასამართლებენ და აპატიმრებენ; ქვეყანა მათ არანაირ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს არ სთავაზობს. საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოს, დაჟინებით სთხოვენ, რაც შეიძლება მალე მიიღოს გადაწყვეტილება“.

60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თითქმის ყველა სამხრეთ კორეელი იეჰოვას მოწმის ოჯახს შეეხო არსებული პრობლემა. თუ სასამართლო მათ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინც სინდისის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, წერტილი დაესმება უამრავი ახალგაზრდის გასამართლებასა და დაპატიმრებას; გარდა ამისა, დაცული იქნება თითოეული მოქალაქის სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება.

ყველა მოუთმენლად ელის საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებას.