არჩეულ მასალაზე გადასვლა

2018 წლის 1 მარტი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში მოსამართლეები გამოსავალს ეძებენ

სამხრეთ კორეაში მოსამართლეები გამოსავალს ეძებენ

სამხრეთ კორეაში მოსამართლეებს არ სურთ, დამნაშავედ ცნონ და დააპატიმრონ ის ახალგაზრდა მოწმეები, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე. ზოგიერთი მოსამართლე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ იეჰოვას მოწმეებს ბიბლიით განსწავლული სინდისი არ რთავს ნებას, სხვებს ზიანი მიაყენონ. a ამიტომ, ზოგიერთმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ადამიანის ძირითად უფლებას, სინდისის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე და უდანაშაულოდ ცნო ის ახალგაზრდები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისიდან პირველი ინსტანციის სასამართლოებმა იმ იეჰოვას მოწმეების მიმართ, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, 66 გამამართლებელი განაჩენი გამოიტანეს მაშინ, როცა გასული ათწლეულების განმავლობაში ამ სასამართლოებმა მხოლოდ 4 ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

2018 წლის 1 თებერვალს ბუსანის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების იურისპრუდენცია და მხარი დაუჭირა პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გამამართლებელ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო იყო განსაკუთრებული. პირველი მიზეზი ის იყო, რომ ბუსანის რაიონული სასამართლო კონსერვატიული სასამართლოა, მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ამ სასამართლოს თავმჯდომარემ იონგ დუ ჩოიმ წარსულში ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დამნაშავედ ცნო.

მოსამართლეთა სამკაციანმა კოლეგიამ დიდი აქცენტი გააკეთა სამხრეთ კორეის კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნომრები, კერძოდ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომელიც აღიარებს მათ უფლებებს, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ადამიანის დაპატიმრება წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლთან. აქედან გამომდინარე, თუ მოქალაქეს სინდისი არ რთავს ნებას, გაიაროს სამხედრო სამსახური, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვას ასეთი სამსახურის შესრულებაზე“. მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ბევრი მიიჩნევს, რომ ის დადებითად იმოქმედებს სამართალმცოდნეებზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

წარსულში მოსამართლეები წელიწადში 500-დან 600-მდე ახალგაზრდას უსჯიდნენ პატიმრობას, მაგრამ დღეს ბევრი მოსამართლე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებს. ამჟამად ამგვარი საქმეების რაოდენობა 700-სს აჭარბებს და, სავარაუდოდ, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მოსამართლეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 2017 წლის 31 დეკემბერს მხოლოდ 267 იეჰოვას მოწმე იმყოფებოდა ციხეში. ბოლო ათი წლის მონაცემებთან შედარებით ეს ყველაზე პატარა ციფრია.

საკონსტიტუციო სასამართლო არჩევანის წინაშე დგას: ან მხარი დაუჭიროს სამხედრო სამსახურის შესახებ კანონს, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებს, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, ან მოქალაქეებს საშუალება მისცეს, ისარგებლონ სინდისის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებით ისე, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს. უამრავი კორეელი იმედოვნებს, რომ სასამართლო იპოვის გამოსავალს და თავისი გადაწყვეტილებით პატივს სცემს იმ ახალგაზრდების სინდისს, რომლებიც მზად არიან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შეასრულონ. ასეთი სამსახური საზოგადოების კეთილდღეობას მოემსახურება.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინც სინდისის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, ამით სამხრეთი კორეა იმოქმედებს იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლებიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მსგავსი საქმეების თაობაზე მიიღო. კომიტეტმა არაერთხელ მოუწოდა სამხრეთ კორეას, შეწყვიტოს მათი დაპატიმრება, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და პატივი სცეს მათი სინდისის თავისუფლების უფლებას.

a მაგალითად, ესაიას 2:4-ში წერია: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“. გარდა ამისა, იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ განსაკუთრებული სიყვარული გამოევლინათ. იოანეს 13:34, 35-ში ვკითხულობთ: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“.