2017 წლის 25 იანვარი
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია მოუწოდებს მთავრობას, პატივი სცეს სინდისის თავისუფლებას
2016 წლის 9 დეკემბერს სამხრეთ კორეის ადამიანის უფლებათა ეროვნულმა კომისიამ თავისი დასკვნა დაურთო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებს, რომლებიც ამჟამად განხილვის პროცესშია. კომისიის დასკვნა ეხებოდა სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას. მასში აღნიშნული იყო, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით სინდისის თავისუფლების უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც არავითარ შეზღუდვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, დაიცვას ეს უფლება.
კომისიის დასკვნაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ ადამიანის ეს ძირითადი უფლება „საფუძვლიანი მიზეზია“ სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის. კომისიამ მთავრობას მოუწოდა, რომ დანერგოს „საზოგადოებისთვის სასარგებლო არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური“ და ამით კანონები სინდისის თავისუფლებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ერთმანეთთან თანხმობაში მოიყვანოს.
კომისიის აზრით, მათი დაპატიმრება, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, არანაირ მიზანს არ ემსახურება. დასკვნაში აღნიშნული იყო: „დასჯის მიზანი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის აღკვეთა ან თავიდან აცილება უნდა იყოს. მაგრამ მათი უმრავლესობა, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, არც ნანობს თავის გადაწყვეტილებას და არც უკან იხევს იმის შიშით, რომ დასჯა ემუქრებათ... მაშასადამე, დასჯა უშედეგოა“.
კომისიამ სამხრეთ კორეის მთავრობას შეახსენა 2005 წლის 26 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მან უნდა დანერგოს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რათა მათ, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, სახელმწიფოს წინაშე თავიანთი ვალდებულება ისე მოიხადონ, რომ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არ წავიდნენ. a ამ კომისიამ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, თავისი დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა, რათა საქმის განხილვისას გაითვალისწინოს.
„კანონი სინდისის თავისუფლების შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა, იცავს ადამიანის უფლებას, სინდისის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. ეს კანონი უხეშად ირღვევა, როდესაც მოქალაქეებს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ მაშინ, როცა მთავრობას შეუძლია შესთავაზოს მათ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რათა მოქალაქეებმა ასეთი სახით მოიხადონ თავიანთი მოქალაქეობრივი ვალდებულება“ (ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისია, 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება).
წარმატების მიღწევა შესაძლებელია
კომისიის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროფესორი სამართლის დარგში ჩე-სიუნ ლი აღნიშნავს: „თუ სამხრეთ კორეის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებას, სინდისის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, მას შეუძლია ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური დანერგოს. ამ პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებული საერთაშორისო ნორმები“.
სამხრეთ კორეაში იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელმა დე-ილ ჰონგმა განაცხადა: „2012 წლის აგვისტოში საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხის ხელმეორედ განხილვა დაიწყო. იქიდან მოყოლებული 2 000-ზე მეტი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში გაითვალისწინებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა არსიც ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა და მშვიდობის შენარჩუნებაა. იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდა მოწმეების დაპატიმრებას წერტილი დაესმება და მათ შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე ისე გააკეთონ, რომ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არ წავიდნენ“.
a 2008 წლის 11 ივლისს ადამიანის უფლებათა ეროვნულმა კომისიამ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრს ხელმეორედ მიმართა თხოვნით, დაენერგა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მათთვის, ვინც მრწამსის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე. გარდა ამისა, 2007 წლის 26 ნოემბერს კომისიამ თავისი მოსაზრება გამოთქვა იმ რეზერვისტების განმეორებით დასჯასთან დაკავშირებით, რომლებიც მრწამსის გამო უარს ამბობენ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე.