არჩეულ მასალაზე გადასვლა

ჰიე-მინ და ჰა-ბინ კიმები კვანჯუს რაიონული სასამართლოს შენობასთან

2022 წლის 7 დეკემბერი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის ალტერნატიული შრომითი სამსახურის სადამსჯელო ხასიათი

სამხრეთ კორეის ალტერნატიული შრომითი სამსახურის სადამსჯელო ხასიათი

2022 წლის 8 დეკემბერს კვანჯუს რაიონულ სასამართლოში გაიმართა მოსმენა ძმა ჰიე-მინ კიმის საქმეზე. ის არის პირველი ძმა, რომელმაც უარი თქვა ალტერნატიული არასამხედრო სამსახურის შესრულებაზე, რადგან ეს სამსახური ქვეყანაში სადამსჯელო ხასიათს ატარებს. მას 36-თვიანი პატიმრობა ემუქრება, რაც მომავალში მის რეპუტაციაზეც მოახდენს გავლენას.

სამხრეთ კორეის 36-თვიანი ალტერნატიული არასამხედრო სამსახური მსოფლიოში ყველაზე გრძელვადიანია და ორჯერ აღემატება სამხედრო სამსახურს. 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში ის, ვინც ალტერნატიულ სამსახურს ასრულებს, ციხის საერთო საცხოვრებელში იმყოფება და მკაცრი შეზღუდვები აქვს დაწესებული. საერთაშორისო ექსპერტებმა სამხრეთ კორეის ალტერნატიულ სამსახურს „ალტერნატიული სასჯელი“ უწოდეს. a

2018 წლის 28 ივნისს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ კორეის კონსტიტუცია ალტერნატიულ არასამხედრო შრომით სამსახურს ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ სასამართლომ შესაბამის სამსახურს შემდეგი დადგენილება გაუგზავნა: „თუ ალტერნატიული სამსახური იმდენად ხანგრძლივი ან მკაცრია, რომ არჩევანის გაკეთება ჭირს, იცვლება ამ სამსახურის მიზანი და ხდება სადამსჯელო ხასიათის, რაც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“.

1998 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ მიიღო რეზოლუცია, სადაც დადგენილი იყო ალტერნატიული შრომითი სამსახურის საერთაშორისო სტანდარტი. იმ ქვეყნებს, რომლებშიც სავალდებულოა სამხედრო სამსახურის გავლა, მოუწოდეს, რომ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ ისეთი სამსახური, რომელიც „საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება და არ იქნება დამსჯელობითი ხასიათის“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჰიე-მინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 2020 წლის სექტემბერში სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო. რამდენიმე კვირის შემდეგ მან შესაბამის სამსახურს მიმართა და მზაობა გამოთქვა ალტერნატიული სამსახურის შესრულებაზე, მაგრამ მას 2022 წლის 7 თებერვლამდე მოუწია ლოდინი, სანამ გაწვევა მიუვიდოდა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ალტერნატიული შრომითი სამსახური კვლავ სადამსჯელო ხასიათს ატარებდა, უარი თქვა მის შესრულებაზე.

თუ სასამართლო მის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ამან შეიძლება ხელისუფლებას უბიძგოს, გადახედოს ალტერნატიული შრომითი სამსახურის პროგრამას, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები. ეს ცვლილება სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ისე ჩვენს და-ძმებს. ვლოცულობთ, რომ ჩვენი თანაქრისტიანები კვლავაც მიენდონ იეჰოვას, რომლის დახმარებითაც მოთმინებით და სიხარულით აიტანენ ყველაფერს (კოლოსელები 1:11).

a დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ აზია-წყნარი ოკეანის იეჰოვას მოწმეთა ასოციაციის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიში: „ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური სამხრეთ კორეაში“.