2018 წლის 13 ივლისი
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლიანი განაჩენი
65 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეაში მცხოვრებ ქრისტიან ახალგაზრდა მამაკაცებს პატიმრობის საფრთხე ემუქრებოდათ იმის გამო, რომ ისინი სინდისის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. 2018 წლის 28 ივნისს, ხუთშაბათს, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მოქალაქეებს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით.
9 ნაფიცმა მსაჯულმა მთავარი მოსამართლის, ლი ჯინ-სუნგის, თავმჯდომარეობით, ექვსი სამის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქვეყანაში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმები და აღიარებული იქნება სინდისის, აზრისა და რელიგიის თავისუფლების უფლება.
სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამხრეთ კორეაში ყოველწლიურად იმაზე მეტ ადამიანს აპატიმრებდნენ, ვიდრე სხვა ქვეყნებში ერთად აღებულს. იყო პერიოდი, როდესაც წელიწადში 500-დან 600-მდე ძმა ხვდებოდა ციხეში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ძმებს ნასამართლეობა არაერთ სირთულეს უქმნიდა, მაგალითად, მათთვის რთული იყო სამსახურის შოვნა.
2011 წლიდან მოყოლებული ძმებმა არაერთი სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან კანონი არ ითვალისწინებდა ალტერნატიულ სამსახურს მათთვის, ვინც სინდისის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე. გარდა ამისა, 2012 წლიდან რამდენიმე მოსამართლეც მიხვდა, რომ მათი დასჯა, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე, უსამართლობა იყო; ამიტომ მათ გადაწყვიტეს, მსგავსი საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაეცათ განსახილველად, რათა მათ გარკვეული ცვლილებები შეეტანათ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოვალეობაა, განსაზღვროს რამდენადაა ესა თუ ის კანონი კორეის კონსტიტუციასთან თანხმობაში. მანამდე ორჯერ, 2004 და 2011 წლებში, საქმის გადახედვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ საჭიროდ არ ცნო სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, მაგრამ ამჯერად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა აღნიშნულ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. სასამართლო განჩინების თანახმად, სამხრეთ კორეის მთავრობამ 2019 წლის ბოლომდე უნდა განახორციელოს ცვლილებების შეტანა აღნიშნულ კანონში და ხელი შეუწყოს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის ამოქმედებას. ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში შეიძლება იგულისხმებოდეს საავადმყოფოებში ან სხვა სახის არასამხედრო, სოციალურ სამსახურებში მუშაობა, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება.
მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კორეაში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა დე-ილ ჰონგმა განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ადამიანთა უფლებების დასაცავად ყველაზე დიდი უფლებამოსილების მქონე სასამართლო ორგანოა, დაადგინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის გადახედვა აუცილებლობას წარმოადგენდა. ძმები მოუთმენლად ელიან დროს, როდესაც სუფთა სინდისით შეასრულებენ ისეთ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს, რომელიც სრულ თანხმობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან“.
გარდა ამისა, მოსაგვარებელია სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც. მაგალითად, დასადგენია სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული 192 იეჰოვას მოწმის სტატუსი და დასასრულებელია დაახლოებით 900 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც სასამართლო განხილვის სხვადასხვა ეტაპზეა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ შექმნა მყარი საფუძველი იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული ცალკეული მოწმეების სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება. უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი გადამწყვეტ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ დასრულდება ცალკეული მოწმეების მიმართ აღძრული საქმეები.
2018 წლის 30 აგვისტოს უზენაეს სასამართლოში დაგეგმილია ამ საქმის ღია მოსმენა, რის შემდეგაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. 14 წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე განიხილავს სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმასთან დაკავშირებულ საკითხს.
ამასობაში, კორეის პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო, უკვე მუშაობს სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხზე.
ხელმძღვანელი საბჭოს წარმომადგენელი, ძმა მარკ სანდერსონი აღნიშნავს: „მოუთმენლად ველით, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს უზენაესი სასამართლო. ჩვენი კორეელი ძმები გააზრებულად მიდიოდნენ ასეთ მსხვერპლზე, რადგან იცოდნენ, რომ „თუ ვინმე ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას, ეს ღვთისთვის მისაღებია“ (1 პეტრე 2:19). გვიხარია, რომ სასამართლომ ბოლოს და ბოლოს აღიარა ჩვენი ძმების მიმართ უსამართლოდ მოპყრობის ფაქტი. ვხარობთ იმითაც, რომ ძმები ბოლომდე ინარჩუნებდნენ სიმამაცესა და ღვთისადმი ერთგულებას“.