2017 წლის 8 სექტემბერი
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეის ხელისუფლება და საზოგადოება თვალსაზრისს იცვლიან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით
2015 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლოში ღია სხდომა გაიმართა. მას შემდეგ სამხრეთ კორეაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა კონსენსუსს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ქვეყანაში ახალი კანონმდებლობა არ არსებობს, სამხრეთ კორეაში რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმასთან დაკავშირებით აზრს იცვლიან. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები, საზოგადოება, სამართალმცოდნეები და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც არ ითვალისწინებს მათ დასჯას, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.
სასამართლოები აზრს იცვლიან
2017 წლის 7 აგვისტოთი დაწყებული კვირის განმავლობაში შვიდი ახალგაზრდა, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იდგნენ სასამართლოს წინაშე, მოსამართლეებმა უდანაშაულოდ ცნეს. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. კორეის რესპუბლიკის სასამართლოებმა რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო საერთო ჯამში 19 000-ზე მეტი ახალგაზრდა ცნეს დამნაშავედ, ხოლო 42 — უდანაშაულოდ. ამათგან 38 ახალგაზრდის საქმის თაობაზე სასამართლოებმა გადაწყვეტილება 2015 წლის მაისის შემდეგ გამოიტანეს. აღსანიშნავია ის, რომ სასამართლოებმა ამ ოცდათვრამეტი გადაწყვეტილებიდან ოცდახუთი 2017 წელს მიიღეს.
ზოგმა სასამართლომ საქმის განხილვა იმ იმედით გადადო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მალე მიიღებდა გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დუ-ჯინ ოჰი, იმ ახალგაზრდების ადვოკატი, რომლებიც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებდნენ, აღნიშნავს, რომ სასამართლოებს წინა წლებთან შედარებით ხუთჯერ უფრო მეტი საქმე აქვთ განსახილველი.
სულ უფრო იზრდება პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილებებისა (2015 წელს 6, 2016 წელს 7, 2017 წელს 25) და სასამართლოში განსახილველი საქმეების რაოდენობა (საშუალოდ 100-დან 500-მდე). ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კორეის სასამართლო სისტემა დამოკიდებულებას იცვლის.
ბევრი ხედავს, რომ სამხრეთ კორეის სასამართლო სისტემა ამ საკითხთან დაკავშირებით თვალსაზრისს იცვლის. ბევრმა სასამართლომ, რომლებმაც მათ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილებები, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, აღნიშნა, რომ, რადგან ქვეყანაში არ არსებობს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, ამ ახალგაზრდების დასჯა, კონსტიტუციით დაცული სინდისის თავისუფლების უფლების უხეში დარღვევაა. სხვებმა კი განაცხადეს, რომ სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა სრულიად გამართლებულია, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონი მოითხოვს სამხედრო ვალდებულების შესრულებას.
საზოგადოების დამოკიდებულება
მართალია, საზოგადოების აზრი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს ადამიანის უფლებების აღიარებასა თუ დაცვაში, მაგრამ თავდაცვის მინისტრის თქმით ამ საკითხის მოგვარება ხალხის მხრიდან ნაკლები მხარდაჭერის გამო ვერ ხერხდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საზოგადოების აზრი თანდათან იცვლება. მაგალითად, 2005 წელს გამოკითხულთა 10 პროცენტი მხარს უჭერდა მათი უფლებების აღიარებას, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. თუმცა 2016 წლის მაისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70 პროცენტი იყო იმის მომხრე, რომ ქვეყანაში ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური დანერგილიყო. გარდა ამისა, 2016 წლის ივლისში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც სეულის ადვოკატთა ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ამ ასოციაციის წევრთა 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის არსებობას.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების შეხედულებები და გადაწყვეტილებები
კორეის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, სამხრეთ კორეაში საზოგადოების აზრის ცვლილებამ კანონმდებლებს უბიძგა, ეროვნული ასამბლეისთვის შეეთავაზებინათ სამი კანონპროექტი ალტერნატიული სამსახურის შემოღებასთან დაკავშირებით. ეროვნულ ასამბლეას ეს კანონპროექტი 2017 წლის ივნისში გამართულ სხდომებზე უნდა განეხილა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა კომისიამ მხედველობაში მიიღო საერთაშორისო საზოგადოების შეხედულებები და გადაწყვეტილებები, რომელიც სამხრეთ კორეის მთავრობას მოუწოდებდა, შემოეღო კანონი ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით. კომისიამ აგრეთვე შეისწავლა, იყო თუ არა ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით წამოყენებული წინადადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულმა კომისიამ სამხრეთ კორეის ხელისუფლებას წარუდგინა თავისი დასკვნები ისეთი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და, ამასთანავე, იეჰოვას მოწმეებისა თუ სხვებისთვის მისაღები იქნება.
დაპირება და წერილობითი თხოვნა
2017 წლის 10 მაისს, ინაუგურაციის დღეს, პრეზიდენტ ჯე ინ მუნმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ასეთი დაპირება მისცა საზოგადოებას: „სინდისის თავისუფლება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა. ამიტომ პირობას ვდებ, რომ ქვეყანაში ამოქმედდება ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა და ბოლო მოეღება მათ დაპატიმრებას, ვინც სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს“.
2017 წლის 11 აგვისტოს 904-მა ახალგაზრდამ, რომლებიც სინდისის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, პეტიციით მიმართეს ახალ პრეზიდენტს და სთხოვეს, აღიაროს მათი უფლებები — ციხიდან გაათავისუფლოს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებულები და დანერგოს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა. იმ ახალგაზრდებიდან, რომლებმაც თხოვნით მიმართეს პრეზიდენტს, 360 პატიმრობაში იმყოფება, ხოლო 544 ახალგაზრდის საქმეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო განიხილავს.
ისტორიული მოვლენის მოლოდინში
ჰიან-სუ კიმი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პრეზიდენტს წერილობითი თხოვნით მიმართა. მან აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის: „მოუთმენლად ველი, როდის დაინერგება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება სამხედრო სამსახურთან. მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში, იქნება ეს სტიქიით დაზარალებულთა დახმარება თუ ნებისმიერი სხვა საქმე, რასაც დამავალებენ. საზოგადოების სამსახურში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია“.
იეჰოვას მოწმეები და სხვები მოხარულები არიან, რომ ქვეყანაში ბევრმა შეიცვალა დამოკიდებულება სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, რაც იმედს გვაძლევს, რომ ხელისუფლება შეცვლის აღებულ კურსს და აღარ დასჯის ახალგაზრდა მამაკაცებს, როგორც ეს შვიდი ათწლეულის განმავლობაში ხდებოდა. იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რომ პრეზიდენტმა ჯე ინ მუნმა, ეროვნული ასამბლეის წევრებმა და სამხრეთ კორეის სასამართლო სისტემამ პატივისცემა გამოავლინა მათ მიმართ, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და სურვილი გამოხატა, დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით.