2017 წლის 9 ივნისი
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეის სასამართლო აღიარებს მათ უფლებებს, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე
სამხრეთ კორეაში ერთ-ერთმა სამხედრო ორგანიზაციამ დეზერტირებად გამოაცხადა ის მამაკაცები, ვისაც სინდისი არ რთავს ნებას, შეასრულოს სამხედრო სამსახური, და ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. 2017 წლის 1 მაისს სეულის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ სამხედრო ორგანიზაციის ქმედებამ, შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მოქალაქეებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ, სანამ ზემოთ მოხსენიებული ორგანიზაციის ქმედების თაობაზე ადმინისტრაციული დავა მიმდინარეობს, ამ უკანასკნელმა უნდა შეწყვიტოს საკუთარ ვებგვერდზე პირადი ინფორმაციის განთავსება მათ შესახებ, ვინც სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. სამხრეთ კორეის სამხედრო ორგანიზაციამ გაითვალისწინა სასამართლოს გადაწყვეტილება.
ისინი არ არიან დეზერტირები
2015 წლის დასაწყისში ზემოხსენებული სამხედრო ორგანიზაციის კომისრებმა დეზერტირებად გამოაცხადეს ის მოქალაქეები, რომელთაც სინდისი ნებას არ რთავს, შეასრულონ სამხედრო სამსახური, და გააფრთხილეს, რომ მათ პირად ინფორმაციას ორგანიზაციის ვებგვერდზე განათავსებდნენ. კორეის სამხედრო ორგანიზაცია სრულ ინფორმაციას ფლობდა ამ მოქალაქეების შესახებ, ვინაიდან მათ სამხედრო სამსახურში გაწვევამდე წერილობით შეატყობინეს კომისრებს, რომ მრწამსის გამო მონაწილეობას არ მიიღებდნენ სამხედრო სამსახურში, თუმცა თანახმა იყვნენ, შეესრულებინათ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. მიუხედავად ამისა, სამხედრო ორგანიზაციამ ისინი დეზერტირებად გამოაცხადა და 2016 წლის 20 დეკემბერს მათი სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი და სხვა პირადი ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე განათავსა.
გიონგ-ჩან პაკი, რომელიც იეჰოვას მოწმეა, გაოგნდა, როცა სამხედრო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოხსენიებულ 237 დეზერტირთა შორის საკუთარი სახელი და გვარი ამოიკითხა. აი, რას ამბობს ის: „სინდისმა არ დამრთო ნება, სამხედრო სამსახური შემესრულებინა. ვიცოდი, რომ ამის გამო გამაკრიტიკებდნენ. მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, რომ დეზერტირად გამომაცხადებდნენ“. კორეის სამხედრო ორგანიზაცია კარგად იცნობს იეჰოვას მოწმეებს და იცის, რომ მოწმეები სამხედრო სამსახურის შესრულებაზე უარს იმიტომ კი არ ამბობენ, რომ თავს არიდებენ მოქალაქეობრივი ვალდებულების მოხდას, არამედ მათ სინდისი არ რთავს ამის ნებას. გიონგ-ჩან პაკი დასძენს: „ახლა, როცა ჩემი სახელი, გვარი და მისამართი გასაჯაროებულია, ვშიშობ, ვინმე სახლში არ შემომივარდეს და ფიზიკურად არ გამისწორდეს“.
ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე საჩივარში 140-მა იეჰოვას მოწმემ, რომელთა პირადი მონაცემებიც ვებგვერდზე განათავსეს, განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, დეზერტირად ითვლება პირი, რომელიც უსაფუძვლოდ ამბობს უარს სამხედრო სამსახურის შესრულებაზე. ეს მოწმეები აცხადებენ, რომ ისინი არც დეზერტირები არიან და არც უსაფუძვლოდ ამბობენ უარს სამხედრო სამსახურზე, ვინაიდან სამხრეთ კორეის კონსტიტუციისა და ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად მათ უფლება აქვთ მრწამსის გამო უარი თქვან სამხედრო სამსახურზე. ამ უფლების აღიარების თაობაზე საქმის განხილვა სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას
დეზერტირებად გამოცხადებული იეჰოვას მოწმეები იმასაც ამბობენ, რომ საზოგადოების კრიტიკამ მათ გარკვეული ემოციური ზიანი მიაყენა და ღირსება შეულახა, თუმცა ამან მაინც ვერ აიძულა ისინი, კომპრომისზე წასულიყვნენ. ბოლო 60 წლის მანძილზე სამხრეთ კორეაში 19 000-ზე მეტ იეჰოვას მოწმეს მოუწია ამგვარი ზეწოლის ატანა და პატიმრობაში ყოფნა. მათთვის მისჯილი წლების რაოდენობა საერთო ჯამში 36 000-ს აჭარბებს. იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ პირადი ინფორმაციის გასაჯაროება დასჯის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მათ ცხოვრებას ისევე გაურთულებს, როგორც ნასამართლეობა. სამხრეთ კორეის მთავრობა მოწმეების წინააღმდეგ ამ მეთოდს იმიტომ მიმართავს, რომ ისინი არ მიდიან კომპრომისზე.
სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში
სამხრეთ კორეელი იეჰოვას მოწმეები მადლიერი არიან, რომ სასამართლომ აღიარა მათი უფლებების დარღვევის ფაქტი. ისინი იმედოვნებენ, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას სასამართლო ამას გაითვალისწინებს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მალე გახდება ცნობილი. ამასთანავე, მოწმეები წერილობითი თხოვნით მიმართავენ კორეის ადამიანის უფლებათა ეროვნულ კომისიას, რათა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი ოფიციალური პოზიცია სასამართლოს შეატყობინოს. საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 28 ივნისს.