2018 წლის 30 აგვისტო
სამხრეთი კორეა
სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ განიხილა არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც იეჰოვას მოწმეები უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე
2018 წლის 30 აგვისტოს, ხუთშაბათს, სამხრეთ კორეის უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა იმ სამი იეჰოვას მოწმის საქმე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე. ამ მიზეზით დიდი ხანია, რაც კორეაში ახალგაზრდა მამაკაცებს აპატიმრებენ და ეს საკითხი საზოგადოებაში მწვავე განხილვის საგნად იქცა. ამ ყოველივეს გათვალისწინებით 13 მოსამართლე 4 საათის განმავლობაში უსვამდა კითხვებს იეჰოვას მოწმეების ადვოკატებსა და სხვებს. მოსამართლეებმა საფუძვლიანად განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 28 ივნისს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხრეთ კორეის საკანონმდებლო ორგანომ ისინი, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურით უნდა უზრუნველყოს და აღარ დააპატიმროს, როგორც დამნაშავეები. ადვოკატებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, უდანაშაულოდ ცნოს ეს სამი იეჰოვას მოწმე, რაც პრეცედენტს შექმნის ქვემდგომი სასამართლოებისთვის, რომლებსაც 900-ზე მეტი მსგავსი საქმე აქვთ განსახილველი და მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ახლა უკვე უზენაეს სასამართლოზეა დამოკიდებული, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას და რა განაჩენს გამოიტანს ზემოაღნიშნული საქმის თაობაზე.
ამჟამად დაპატიმრებულ 100-ზე მეტ ძმასთან ერთად ყველანი მოთმინებით ველოდებით ჩვენი ხსნის ღმერთს და ეჭვი არ გვეპარება, რომ ის იმოქმედებს თავის მსახურთა დასახმარებლად (მიქა 7:7).