არჩეულ მასალაზე გადასვლა

2016 წლის 19 ოქტომბერი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ისინი, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე

სამხრეთ კორეის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ისინი, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე

2016 წლის 18 ოქტომბერს კვანჯუს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჰიე-მინ კიმი, ლაკ-ჰუნ ჩო და ჰეონგ-გეუნ კიმი, რომლებსაც საკუთარი მრწამსი ნებას არ რთავს, სამხედრო ვალდებულება მოიხადონ, არ არიან დამნაშავეები სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა სამხედრო ვალდებულებისთვის თავის არიდებაში ბრალდებული იეჰოვას მოწმეები უდანაშაულოდ ცნო სამხრეთ კორეის სააპელაციო სასამართლომ.

მოსამართლე იანგ-შიკ კიმი აღნიშნავს: „სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი საკუთარი მრწამსისა და სინდისის გამო ამბობენ უარს სამხედრო სამსახურზე. რელიგიისა და სინდისის თავისუფლების უფლება კონსტიტუციური უფლებებია, ამიტომ ნებისმიერი ადამიანის დასჯა, ვინც ამ უფლებებით სარგებლობს, ყოვლად დაუშვებელია“.

თუ პროკურორი გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქმის განხილვა უზენაეს სასამართლოში შედგება. ამჟამად უზენაეს სასამართლოში 40-ზე მეტი საქმის განხილვა მიმდინარეობს. თითოეული საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ცნეს დამნაშავეებად. ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნავს: „მართალია, სამხრეთ კორეის უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები დღემდე არ აღიარებენ მათ უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იმოქმედა და აღიარა ადამიანის უფლება, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. ამ უფლებას 500-ზე მეტი ახალგაზრდის საქმის განხილვის დროს დაუჭირა მხარი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა“.