2017 წლის 25 იანვარი
სამხრეთი კორეა
„წლის საუკეთესო სასამართლო გადაწყვეტილება“
სამხრეთ კორეაში სააპელაციო სასამართლომ სამი ახალგაზრდა ჰიე-მინ კიმი, ლაკ-ჰუნ ჩო და ჰეონგ-გეუნ კიმი უდანაშაულოდ ცნო. არავინ ელოდა, რომ სააპელაციო სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან სამხრეთი კორეა ყოველწლიურად ასობით ახალგაზრდას აპატიმრებს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ამ მიზეზით სამხრეთ კორეას 19 000-ზე მეტი მამაკაცი ჰყავდა პატიმრობაში, მათ შორის ამ სამი ახალგაზრდის მამებიც. ამიტომ ჰიე-მინ კიმი, ლაკ-ჰუნ ჩო და ჰეონგ-გეუნ კიმიც მსგავს განაჩენს ელოდნენ. კვანჯუს სააპელაციო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება კარგი წინაპირობაა იმისა, რომ სამხრეთ კორეამ ამ საკითხთან მიმართებით თავისი პოზიცია შეცვალოს.
სააპელაციო სასამართლო საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებს
სააპელაციო სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება სულ მცირე 200-მა მედიასაშუალებამ გააშუქა. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი დღითიდღე მატულობს. ერთ-ერთმა გაზეთმა ეს გადაწყვეტილება „წლის საუკეთესო სასამართლო გადაწყვეტილებად“ შეაფასა, ხოლო სხვამ სამხრეთ კორეის 2016 წლის ხუთ საუკეთესო სასამართლო გადაწყვეტილებას შორის მოიხსენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სამხრეთ კორეაში იურისტები და მოსამართლეები ამ საკითხისადმი დამოკიდებულებას საბოლოოდ შეიცვლიან. მოსამართლეები არა ერთი საქმის განხილვისას დარწმუნდნენ, რომ ამ ახალგაზრდებს საკუთარი მრწამსი და სინდისი არ რთავს სამხედრო სამსახურის შესრულების ნებას; ამიტომ, თუ მათ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლას აიძულებენ ან დასჯიან სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, უხეშად დაარღვევენ მათი სინდისის თავისუფლების უფლებას. მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ამ ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის საფუძვლიანი მიზეზი გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ბოლო 20 თვის განმავლობაში მათ სამხედრო ვალდებულებისთვის თავის არიდებაში ბრალდებული 16 ახალგაზრდა ცნეს უდანაშაულოდ.
წვევამდელთა ადვოკატი დუ-ჯინ ოჰი აღნიშნავს: „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში ბრალდებულ სულ უფრო მეტ ახალგაზრდას ცნობენ უდანაშაულოდ სამხრეთ კორეის სასამართლოები. მოსალოდნელია, რომ პროკურორი თითოეულ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. თუმცა, ვინაიდან მოსამართლეები ამ საკითხისადმი პოზიციას იცვლიან, ყველა დიდი ინტერესით ელის, დაუჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე“.
არსებობს გამოსავალი?
სამხრეთ კორეის მოსახლეობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათი დასჯა და გასამართლება, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში სამხრეთ კორეის კონსტიტუციასთან, რომელიც იცავს ადამიანის სინდისისა და მრწამსის თავისუფლების უფლებას.
სამხრეთ კორეაში იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანმა დე-ილ ჰონგმა განაცხადა: „ათასობით ოჯახი სიხარულით შეხვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც პატივს სცემს იმ ახალგაზრდების რელიგიურ შეხედულებებს, რომელთაც ვერავინ აიძულებს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ იმოქმედონ. ჩვენ მოუთმენლად ველით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებთ, რომ ის დააფასებს და აღიარებს ამ ახალგაზრდების უფლებებს“.