არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 5 თებერვალი
საფრანგეთი

უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად საფრანგეთში წერტილი დაესვა დისკრიმინაციას

უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად საფრანგეთში წერტილი დაესვა დისკრიმინაციას

„ჩვენი შეხვედრის შემდეგ იმდენად ბედნიერი ვარ, რომ სულ ვღიღინებ. თქვენთან საუბარმა ნუგეში მომგვარა, ბიბლიის შესწავლამ ჩემი ცხოვრება აზრიანი გახადა“.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყველანაირი ზომა მიიღეთ, იქნებოდა ეს იურიდიული, ადმინისტრაციული თუ რელიგიური, ციხეებში ადამიანები რომ მოგენახულებინათ“.

„ეს ჩემს ლოცვებზე პასუხია“.

ეს კომენტარები საფრანგეთის ციხეებში მსხდომ პატიმრებს ეკუთვნით. აქედან კარგად ჩანს, თუ რა მადლიერნი არიან ისინი იეჰოვას მოწმეების, რომლებიც მათ ციხეებში ინახულებენ და სულიერ დახმარებას უწევენ.

2013 წლის 16 ოქტომბერს საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ დადგენილება გამოსცა, რომლის შედეგადაც წერტილი დაესვა იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაციას საფრანგეთში. ეს სასამართლო დადგენილება საშუალებას აძლევს იეჰოვას მოწმეებს, ისარგებლონ რელიგიური მსახურის სტატუსით, რაც მათ უფლებას მისცემს, მოინახულონ ის პატიმრები, რომელთაც ამის სურვილი აქვთ, და სულიერი დახმარება აღმოუჩინონ. a

საფრანგეთის მთავრობა იეჰოვას მოწმეებს არ ანიჭებს რელიგიური მსახურის სტატუსს

მართალია, იეჰოვას მოწმეებს ოფიციალურად არ ჰქონდათ რელიგიური მსახურის სტატუსი, მაგრამ წლების მანძილზე მათ ციხეებში პატიმრების მონახულებისა და მათთვის სულიერი დახმარების აღმოჩენის უფლებას მაინც აძლევდნენ. 1995 წელს საპარლამენტო კომისიამ მეტად საეჭვო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც იეჰოვას მოწმეები ეგრეთ წოდებულ საშიში სექტების ჩამონათვალში იყვნენ მოხსენიებული. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. მათმა ასეთმა ქმედებამ არა მხოლოდ ჩრდილი მიაყენა იეჰოვას მოწმეებს, არამედ მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის ტალღაც ააგორა. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულების სისტემაზეც აისახა.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს დადგენილებებს იურიდიული ძალა არა აქვს, ზოგიერთი ციხის ადმინისტრაცია 1995 წელს მიღებულ ამ დადგენილებას იმისთვის იყენებდა, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაეწესებინა ციხეებში პატიმრების მონახულების დროს. იეჰოვას მოწმეებს პატიმრების მონახულება მხოლოდ ისე შეეძლოთ, როგორც კერძო პირებს და არა როგორც რელიგიურ მსახურებს. მათ ჩამოართვეს უფლება, რომ ციხეში შეეტანათ ბიბლია და რელიგიური სახის პუბლიკაციები. ყველა შეხვედრა უნდა შემდგარიყო შეხვედრების საერთო ოთახში, რაც ნამდვილად არ იყო შესაფერისი გარემო სულიერი საკითხების განსახილველად. როგორც ერთმა იეჰოვას მოწმემ აღნიშნა, იქ ისეთი ხმაური იყო, რომ კაცს თავი რკინიგზის სადგურზე ეგონებოდა. ვინაიდან იეჰოვას მოწმეებს რელიგიური მსახურის სტატუსი არ ჰქონდათ, ზოგ ციხეში იმასაც მოითხოვდნენ, რომ მოწმეებთან შეხვედრის შემდეგ პატიმრები თავიდან ბოლომდე გაეჩხრიკათ.

იეჰოვას მოწმეებს სხვა რელიგიების მსგავსი უფლებებით რომ ესარგებლათ, 2003 წელს საფრანგეთის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაში შეიტანეს განცხადება მოთხოვნით, რომ ოფიციალური აღიარება მოეპოვებინათ. მაგრამ მათი არც ერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასეთი თვითნებური და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მოწმეებმა ზემდგომ ორგანოს მიმართეს, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. საფრანგეთის იუსტიციის სამინისტრომ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ იეჰოვას მოწმეები იმ რელიგიების ჩამონათვალში არ იყვნენ, რომელთაც პატიმრების მონახულების უფლება ჰქონდათ. სამინისტრომ აგრეთვე შეშფოთება გამოთქვა, რომ თუ იეჰოვას მოწმეებს რელიგიური მსახურის სტატუსს მიანიჭებდნენ, სხვა რელიგიური უმცირესობებიც გამოთქვამდნენ პრეტენზიას და მსგავს დოკუმენტს მოითხოვდნენ. არაერთი მცდელობის შემდეგ მოწმეებს ისღა დარჩათ, რომ სასამართლოსთვის მიემართათ.

მთავრობა ზომებს არ იღებს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად

2006 წელს იეჰოვას მოწმეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს მოთხოვნით, რომ გაუქმებულიყო ზემოხსენებული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და იუსტიციის სამინისტროს მათთვის რელიგიური მსახურის სტატუსი მიენიჭებინა. ქვეყანაში არსებულმა ყველა ადმინისტრაციულმა და სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო ის ფაქტი, რომ მთავრობამ უარი განაცხადა იეჰოვას მოწმეებისთვის რელიგიური მსახურის სტატუსის მინიჭებაზე. ამასთან, 2010 წელს საფრანგეთში დისკრიმინაციის წინააღმდეგ მებრძოლმა და თანასწორუფლებიანობის დამცველმა უმაღლესმა ორგანომ დაგმო მთავრობის პოზიცია და იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, რომ აღმოეფხვრა ქვეყანაში არსებული დისკრიმინაცია.

საფრანგეთის მთავრობამ არც ეს გაფრთხილება იღო ყურად და არც ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილებები მიიღო მხედველობაში. მეტიც, მან ამ საკითხზე სახელმწიფო საბჭოში, საფრანგეთის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანა აპელაცია.

იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიღებული ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება

2013 წელს იეჰოვას მოწმეთა საქმეები, რომლებშიც ცხრა მსგავსი საქმე შედიოდა, საბოლოოდ განსახილველად სახელმწიფო საბჭოს გადაეცა. ამავე წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა საფრანგეთის მთავრობის აპელაცია. მან დაადგინა, რომ პატიმრების უფლებების პატივსაცემად სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია ვალდებულია, „მოთხოვნისთანავე საკმარისი რაოდენობის ღვთის მსახურებს მიანიჭოს რელიგიური მსახურის სტატუსი და მხოლოდ უსაფრთხოებისა და დაწესებულების შინაგანაწესი გაითვალისწინოს“. ამასთან, საფრანგეთის კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო საბჭომ აღიარა, რომ „ყველა პატიმარს აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება და თითოეულს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რა აღმსარებლობის იქნება“. ამ გადაწყვეტილების შედეგად, დღეს რელიგიური მსახურის სტატუსი 105 ადამიანს მიენიჭა, რაც იეჰოვას მოწმეებს უფლებას აძლევს, პატიმრებს სულიერი დახმარება არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ იმ ტერიტორიებზეც აღმოუჩინონ, სადაც საფრანგეთის იურისდიქცია ვრცელდება.

2014 წლის იანვარში საფრანგეთის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ იეჰოვას მოწმე ჟან-მარკ ფურკოს ისეთი სტატუსი მიანიჭა, რომელიც მას საფრანგეთის ნებისმიერ ციხეში აძლევს შესვლის უფლებას. ის აგრეთვე იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენელია სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის წინაშე. ჟან-მარკ ფურკო აღნიშნავს: „ამიერიდან იეჰოვას მოწმეები, ისევე როგორც სხვა ოფიციალურად აღიარებული რელიგიების წარმომადგენლები, შეძლებენ პატიმრებთან შესაფერის ადგილას, ზოგჯერ მათივე საკანშიც კი, განცალკევებით შეხვედრას“.

ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა, რაც საფრანგეთში რელიგიის თავისუფლებას უწყობს ხელს. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ პატიმრებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ როგორც საკუთარი რელიგია, ისე ის, თუ რომელი რელიგიის მსახური მოინახულებთ. იეჰოვას მოწმეები მადლიერებას გამოთქვამენ საფრანგეთის სასამართლოების მისამართით, რადგან მათ წერტილი დაუსვეს დისკრიმინაციას და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგია ოფიციალურად იქნას აღიარებული საფრანგეთში.

a ასეთი შეხვედრების შედეგად ზოგიერთი პატიმარი იეჰოვას მოწმე გახდა. ზოგიერთებმა, რომლებსაც შესაძლოა ადრე ურთიერთობა ჰქონდათ მოწმეებთან ან მოწმეების ოჯახში აღიზარდნენ, თუმცა მოგვიანებით კრიმინალები გახდნენ, ახლა გადაწყვიტეს, კრებას დაუბრუნდნენ. რა მიზეზითაც არ უნდა ითხოვდნენ ისინი იეჰოვას მოწმეებთან შეხვედრას, მათ ისეთივე უფლება აქვთ რელიგიის თავისუფლების, როგორც სხვა მრწამსის პატიმრებს.