არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 22 ივნისი
საქართველო

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ არღვევდა იეჰოვას მოწმეების უფლებებს

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ არღვევდა იეჰოვას მოწმეების უფლებებს

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით არღვევდა რელიგიის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებას. საქმე „იეჰოვას მოწმეების კავშირი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იმიტომ აღიძრა, რომ ეს უკანასკნელი მიზნად ისახავდა იეჰოვას მოწმეების ორი იურიდიული პირის გაუქმებას. ამას, თავის მხრივ, 2001—2004 წლებში მოწმეების სასტიკი დევნა მოჰყვა.

საქართველოს მთავრობა აღიარებს თავის შეცდომებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც 2015 წლის 21 მაისს a გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ 2014 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ცალმხრივი განცხადება შეიტანა, სადაც აღიარა, რომ არღვევდა იეჰოვას მოწმეების უფლებებს და ამისთვის სინანულს გამოთქვამდა. განცხადებაში ისიც იყო აღნიშნული, რომ მთავრობის მხრიდან 2000 წელს იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის გასაუქმებლად მიმართული ქმედებები გაუმართლებელი იყო და რომ სათანადო კანონმდებლობის არქონის გამო მოწმეებს არ ჰქონდათ საშუალება, თავიანთი იურიდიული პირი დაერეგისტრირებინათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან იმის აღიარებამ, რომ არღვევდა იეჰოვას მოწმეების უფლებებს, კარგი საფუძველი შექმნა გადაწყვეტილების მისაღებად საქმეზე „იეჰოვას მოწმეების გაერთიანება და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ „როდესაც შესაბამისმა ორგანოებმა სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფს რეგისტრაციაზე უარი უთხრეს ან გააუქმეს მათი რეგისტრაცია, დაარღვიეს ევროპული კონვენციის მე-9 და მე-11 მუხლი, რომლებიც რელიგიურ ჯგუფებს რელიგიისა და შეკრების თავისუფლების უფლებით უზრუნველყოფს“. საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული კომპენსაცია, 6 000 ევრო გადაიხადოს.

მოწმეების ორი იურიდიული პირის გაუქმებას ხანგრძლივი დევნა მოჰყვა

იეჰოვას მოწმეების ორი იურიდიული პირი, „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება“ და „იეჰოვას მოწმეების კავშირი“ საქართველოში 1998 წელს დარეგისტრირდა. ამის მიუხედავად, მაშინდელი პარლამენტის ულტრანაციონალური შეხედულებების მქონე ერთ წევრს სურდა, იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მთელ საქართველოში აეკრძალა. მას მხარს უჭერდნენ მართლმადიდებლური რელიგიის ზოგიერთი წინამძღოლი და რელიგიური ფანატიკოსები; ისინი იეჰოვას მოწმეებზე ცრუ ბრალდებებს ავრცელებდნენ, რითაც სხვებს აქეზებდნენ, მოწმეების წინააღმდეგ ძალადობისთვის მიემართათ.

1999 წლის აპრილში ზემოხსენებულმა პარლამენტარმა და მისი პოლიტიკური პარტიის წევრებმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს იმ მოთხოვნით, რომ აეკრძალათ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა და გაეუქმებინათ მათი ორი იურიდიული პირი საქართველოში. 1999 წლის ივნისში გამართულ სასამართლო განხილვას მართლმადიდებელი მღვდლები და მათი მომხრეებიც ესწრებოდნენ. ამასობაში, სასამართლო დარბაზის გარეთ ეკლესიიდან განკვეთილმა მღვდელმა, ვასილ მკალავიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ დაწვეს იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვის შემდეგ ზემოხსენებული პარლამენტარის მიერ მოწმეების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი უსაფუძვლოდ ცნო. მოსარჩელემ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2000 წლის 26 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს მიერ მოწმეების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება და მათი ორი იურიდიული პირის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც რელიგიურმა ფანატიკოსებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და მოწმეების წინააღმდეგ სერიული თავდასხმების განხორციელება დაიწყეს. 2001 წლის 22 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ სათანადო კანონმდებლობის არქონის გამო იძულებული იყო, მხარი დაეჭირა მოწმეების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებისთვის. 2001 წლის 16 აგვისტოს მოწმეებმა თავიანთი უფლებების დასაცავად საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მათზე ასობით თავდასხმა განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ვერ უზრუნველყოფდნენ მოწმეების უსაფრთხოებას, ხოლო რიგ შემთხვევებში თავადაც კი მონაწილეობდნენ თავდასხმებში, რის შედეგადაც ბევრი მოწმე სერიოზულად დაშავდა. რელიგიური ფანატიკოსები არბევდნენ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს, წვავდნენ და ჩხრეკდნენ მათ სახლებს, იპარავდნენ და ანადგურებდნენ მათ კერძო საკუთრებას; აგრეთვე წვავდნენ რელიგიურ ლიტერატურას. გარდა ამისა, უფლებამოსილმა პირებმა მოწმეებს ლიტერატურა ჩამოართვეს და ქვეყანაში შემოტანის უფლება არ მისცეს. მათ მოწმეებს დაქირავებულ შენობებში რელიგიური შეხვედრების ჩატარებაც აუკრძალეს. იმის გამო, რომ მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო და მთავრობა არაფერს აკეთებდა ძალადობის შესაჩერებლად, იეჰოვას მოწმეებმა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს. საჩივარში მოწმეებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ამ ძალადობრივ ქმედებებში სამართალდამცავების მონაწილეობის შესახებ იყო აღნიშნული. ამასთან დაკავშირებულ ორ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება მოწმეების სასარგებლოდ. b

საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე მოწმეებს შესაძლებლობა მიეცათ, დაერეგისტრირებინათ ორი იურიდიული პირი, რამაც საშუალება მისცა მათ, საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ კერძო საკუთრება და თავიანთი იურიდიული უფლებები დაეცვათ. ამავე დროს, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმებში მთავარი დამნაშავე, მკალავიშვილი და ზოგიერთი მისი მომხრე დააპატიმრეს. იეჰოვას მოწმეების სასტიკ დევნას 2004 წელს დაესვა წერტილი.

რა მდგომარეობაა დღეს

მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების მიმართ დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა, დროდადრო მათ კვლავ ეშლებათ ხელი თავიანთ რელიგიურ საქმიანობაში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისთვის ახლახან წარდგენილ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ 2014 წელს საქართველოში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებულ 63 ძალადობრივ ფაქტს ჰქონდა ადგილი.

საქართველოში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, მაიკლ ჯონსი, აღნიშნავს: „მადლიერებას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გასულ წლებში მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები უსამართლოდ ცნო. მისასალმებელია საქართველოს მთავრობის განცხადებაც, რომ ის საკუთარ თავზე იღებს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებას. ვიმედოვნებთ, რომ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ეს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს იმას, რომ იეჰოვას მოწმეებს სამართლიანად მოეპყრონ და მათ უფლებებს პატივისცემით მოეკიდონ“.

a ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2015 წლის 21 აპრილს მიიღო და ერთი თვის შემდეგ გამოაქვეყნა.

b „გლდანის კრების იეჰოვას მოწმეები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №71156/01, 2007 წლის 3 მაისი; „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №28490/02, 2014 წლის 7 ოქტომბერი.