არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 23 ივნისი
საქართველო

გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ქართულ ენაზე

გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ქართულ ენაზე

2020 წლის 21 ივნისს, კვირა დღეს, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩატარებულ სპეციალურ შეხვედრაზე გამოცხადდა, რომ გამოიცა გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ქართულ ენაზე. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა, წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში გამოაცხადა ბიბლიის გამოცემა. პროგრამა 19 521-მა ადამიანმა მოისმინა. გადამუშავებული ბიბლიის ელექტრონული ვერსია მაშინვე ხელმისაწვდომი გახდა ვებგვერდზე jw.org.

ბიბლიის ამ თარგმანის გადამუშავებას მთლიანობაში ოთხი წელი დასჭირდა. მთარგმნელობითი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს: „ვინაიდან გამოყენებულია მარტივი ენა, ვიმედოვნებ, ტექსტი ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის უფრო ადვილად გასაგები იქნება, რაც მთელი ოჯახისთვის უფრო სასიამოვნოს გახდის ბიბლიის შესწავლას“.

კიდევ ერთი მთარგმნელი ამბობს: „ჩვენი მიზანი იყო, რომ ტექსტის შინაარსი ნებისმიერი განათლების მქონე მკითხველისთვის ყოფილიყო გასაგები“.

დარწმუნებული ვართ, რომ ისინი, ვინც ამ ზუსტ და ადვილად გასაგებ თარგმანს გამოიყენებენ, უფრო მეტად შეიგრძნობენ იეჰოვას სიყვარულს და გული მადლიერებით აევსებათ (იაკობი 1:17).