არჩეულ მასალაზე გადასვლა

გაბუნიას საქმეში მოხსენიებული რამდენიმე დაზარალებული

2017 წლის 24 ოქტომბერი
საქართველო

საქართველოს მთავრობა აღიარებს თავის ბრალეულობას ევროპული სასამართლოს წინაშე

საქართველოს მთავრობა აღიარებს თავის ბრალეულობას ევროპული სასამართლოს წინაშე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავრობამ აღიარა ათი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. საქმეზე „გაბუნია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სახელმწიფომ აღიარა, რომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი მე-14 მუხლთან ერთობლიობაში და განაცხადა, რომ მზად არის თითოეულ დაზარალებულს კომპენსაციის სახით 800 ევრო (947 აშშ დოლარი) გადაუხადოს.

2005 წლის სექტემბერში ათმა იეჰოვას მოწმემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა იმ ოთხი თავდასხმის შესახებ, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე მართლმადიდებელი ექსტრემისტების მიერ წაქეზებულმა ბრბომ განახორციელა. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედებები იმ რელიგიური დევნის ნაწილი იყო, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით 1999 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. სამართალდამცავები ან თავად მონაწილეობდნენ ამ თავდასხმებში, ან არანაირ ზომებს არ იღებდნენ დაზარალებული იეჰოვას მოწმეების დასაცავად.

გაბუნიას საქმის განხილვამდე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებებში ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ არ იცავდა იეჰოვას მოწმეების უფლებებს, რის გამოც ისინი მრავალჯერ გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. ევროპულმა სასამართლომ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ სამართალდამცავების უმოქმედობა „საზოგადოებაში იმის საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, რომ თავდამსხმელები და სახელმწიფო მოხელეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გაბატონებას, რის შედეგადაც მოწმეებზე თავდასხმები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა“. დასკვნაში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ „სასამართლო თვალს ხუჭავდა ამგვარ ძალადობრივ ქმედებებზე და მოწმეების საქმის განხილვისას მიკერძოებასა და ზერელე დამოკიდებულებას ავლენდა“.

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ცალმხრივი განცხადება შეიტანა, სადაც აღიარა, რომ დაარღვია იეჰოვას მოწმეების უფლებები და ამისთვის სინანულს გამოთქვამდა. ამგვარად მან თავიდან აირიდა ევროპის სასამართლოს მეოთხე გადაწყვეტილება. დღეს საქართველოში იეჰოვას მოწმეები აღარ არიან სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელებული რელიგიური ძალადობისა თუ ბრბოს თავდასხმების მსხვერპლნი და რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ.