2023 ᲬᲚᲘᲡ 31 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ
ᲡᲔᲜᲔᲒᲐᲚᲘ
JW.ORG-ის ჯიხური სენეგალში გამართულ წიგნების საერთაშორისო გამოფენაზე
2022 წლის 15—31 დეკემბერს იეჰოვას მოწმეებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა დაკარის ყოველწლიურ წიგნების ფესტივალზე, რომელიც ოცდამეათედ ტარდებოდა ქვეყანაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, სახელმწიფო სერვისები და კულტურული მემკვიდრეობა. ღონისძიების სანახავად ათასობით სტუმარი ჩავიდა აფრიკისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ჩვენს საინფორმაციო ჯიხურში წარმოდგენილი იყო ვებგვერდიდან სხვადასხვა მასალა და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებული პუბლიკაციები. მაუწყებლები სტუმრებს უჩვენებდნენ ვიდეორგოლებს სერიებიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას“, „რას ამბობენ შენი თანატოლები“ და „გრაფიკული ანიმაციები“.
ზოგიერთმა ვიზიტორმა პირველად შეიტყო ჩვენი ვებგვერდის შესახებ და იქვე ესტუმრა მას. ბევრზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული მასალა 1 000-ზე მეტ ენაზე იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის ადგილობრივ, ვოლოფი ენაზე. გამოფენაზე 3 000-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა.
ერთ-ერთმა სტუმარმა აღნიშნა: „ჩვენთვის მთელი გამოფენის საუკეთესო ნაწილი თქვენს ჯიხურთან გატარებული დრო იყო“. კიდევ ერთმა მათგანმა თქვა: „საუკეთესო გამოფენის წარმოდგენისთვის ჯილდო რომ იყოს დაწესებული, უეჭველად თქვენ გაიმარჯვებდით!“.
ძმა მარტინ ლაუდმა, რომელიც ორგანიზებას უწევდა გამოფენაზე ჩვენი ჯიხურის წარდგენას, აღნიშნა: „ძალიან სასიამოვნო იყო ამდენი ქვეყნიდან მოსული სტუმრების მასპინძლობა. ბევრმა გულწრფელი მადლობა გადაგვიხადა, რომ უფასოდ მივაწოდეთ ღირებული ბიბლიური ინფორმაცია“.
გვიხარია, რომ ამ ღონისძიებას ასეთი კარგი შედეგები მოჰყვა. ამ გამოფენამ საშუალება მოგვცა, ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნე სხვებისთვის გაგვეზიარებინა (იგავები 3:21, 22).