13 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ᲡᲔᲠᲑᲔᲗᲘ
ბელგრადში გამართული წიგნების საერთაშორისო გამოფენა
2023 წლის 21—29 ოქტომბერს ბელგრადში (სერბეთი) გაიმართა ბელგრადის წიგნების 66-ე საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ჯამში 190 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია. ამ გამოფენაზე იეჰოვას მოწმეებსაც ჰქონდათ საინფორმაციო კუთხე მოწყობილი. მათი მიზანი იყო, ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ ბიბლია დღემდე გამოსადეგი წიგნია. ღონისძიებაში 100-ზე მეტი და-ძმა იღებდა მონაწილეობას. ისინი დამთვალიერებლებს ეხმარებოდნენ თავიანთ კითხვებზე პასუხები ბიბლიიდან მიეღოთ.
ერთი ქალბატონი, რომელსაც უამრავი კითხვა ჰქონდა ბიბლიაზე, მოწმეების კუთხესთან მივიდა. ჩვენ დასთან საუბრის შემდეგ ის მიხვდა, რომ საბოლოოდ შეხვდა ხალხს, რომლებიც მას კითხვებზე პასუხების გაცემაში დაეხმარებოდნენ. ისინი შემდეგ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.
ერთმა მამაკაცმა აიღო ბროშურა „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“. მან აღნიშნა, რომ მართალია ღმერთის სწამდა, მაგრამ მისთვის გაუგებარი იყო ბიბლიის თვალსაზრისი შემოქმედებაზე. მაგალითად, მას სურდა გაეგო, პირდაპირი გაგებით ექვს დღეში შეიქმნა თუ არა დედამიწა. მოწმეებმა მას ვებგვერდიდან jw.org აჩვენეს სტატია, რომელიც მის კითხვას სცემდა პასუხს.
გამოფენაზე ორი მოზარდი გოგონას ყურადღება მიიქცია წიგნმა „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, პირველი და მეორე ტომი. მათ ძალიან მოეწონათ, რომ ამ წიგნში განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა, როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობრები, როგორ ვისწავლოთ უკეთ სკოლაში და როგორ განვასხვაოთ გატაცება სიყვარულისგან. ერთმა მათგანმა აღნიშნა: „საოცარი წიგნია, აუცილებლად წავიკითხავ ორივე ტომს“.
ძალიან ვაფასებთ იმ და-ძმების შრომას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბელგრადში გამართულ გამოფენაში. იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, როცა მისი მსახურები ძალისხმევას არ იშურებენ და სახალხოდ აუწყებენ მის სახელს (ებრაელები 13:15).